1954 წელს ალაბამაში მცხოვრებ ენ ჰოჯესს შუადღის ძილი მეტეორიტის ჩამოვარდნამ შეაწყვეტინა. იგი დოკუმენტურად დადასტურებული პირველი ადამიანი გახდა, რომელსაც მეტეორიტი დაეცა და გადარჩა. ინციდენტის შედეგად მას მხოლოდ ბარძაყი დაუზიანდა.

ჩამოვარდნილი მეტეორიტი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წაიღო.

ფოტო: University of Alabama Museums

იმავე წლის ივნისში ჯორჯიის შტატში მცხოვრებ კაცს სულ ცოტა დააკლდა, რომ ენ ჰოჯესის ბედი გაეზიარებინა. მისი სახლის სახურავს პატარა კოსმოსური ქვა დაეცა და კაცს სულ რამდენიმე მეტრით ასცდა. ფრაგმენტებმა მეტეორიტისა, რომელიც 4.56 მილიარდი წლის წინ უნდა წარმოქმნილიყო, სახლის იატაკი დააზიანა.

ენ ჰოჯესი ქმართან ერთად ოუკ გროუვის დასახლებაში ცხოვრობდა. რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, თეატრის შენობაზე, მათი ქუჩის გადაღმა, მეტეორიტები იყო გამოსახული. დაცემის მომენტში 34 წლის ჰოჯესი დედასთან ერთად იმყოფებოდა სახლში. მეტეორიტი სახლის სახურავს 30 ნოემბერს, 14:46-ზე, დაეჯახა.

ალაბამის შტატში, ქალაქ სილაკოგაში, ადამიანებმა ცაში სინათლის კაშკაშა ზოლი შენიშნეს და შეშინებულებმა მაშინვე შესაბამის უწყებებს მიმართეს. მეტეორიტის ნაწილი ჯერ მისაღები ოთახის სახურავსა და იქ მდგომ რადიოს მოხვდა, შემდეგ კი ჰოჯესის ბარძაყს. დიდი ალბათობით, ქალი სიკვდილისგან სწორედ იმან იხსნა, რომ შეჯახებისას 4 კილოგრამიანი მეტეორიტის ტრაექტორია შენელდა.

დღეს მეტეორიტი ალაბამის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება.

ფოტო: University of Alabama Museums

როდესაც მეტეორიტი დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა, ის ნაწილებად დაიშალა. ერთი ფრაგმენტი ჰოჯესს დაეცა, ხოლო მეორე კი რამდენიმე მილის მოშორებით იპოვეს. ფერმერმა ჯულიუს კემპის მაკკინიმ მეორე ფრაგმენტი თავის ურემზე აღმოაჩინა და მოგვიანებით საკმაოდ სარფიანადაც გაყიდა.

"მას [ჰოჯესს] ბარძაყზე წარმოუდგენელი სილურჯე ჰქონდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მძიმედ დაშავდა, არამედ უფრო იმიტომ, რომ მთელმა ამ ინციდენტმა ძალიან გაანერვიულა. ძალიან ღელავდა და არ მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა", — ამბობს მერი ბეთ პრონძინსკი ალაბამის მუზეუმიდან, სადაც ჰოჯესის მეტეორიტი ინახება.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მეტეორიტი წაიღო, რათა მისი წარმომავლობა ეკვლიათ. მოგვიანებით ენ ჰოჯესსა და მისი ბინის მფლობელს შორის სასამართლო დავა დაიწყო მეტეორიტის საკუთრებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ იგი ჰოჯესს დარჩა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მეტეორიტი ალაბამის ბუნების ისტორიის მუზეუმისთვის შეეწირა.

ენ ჰოჯესი 1972 წელს მოკვდა თირკმელების უკმარისობით, როცა 52 წლის იყო. იგი ოფიციალურად პირველი ადამიანია ისტორიაში, რომელსაც მეტეორიტი დაეცა და გადარჩა.

ჰოჯესის სახლის სახურავი, რომელიც მეტეორიტმა დააზიანა.

ფოტო: Jay Leviton/Getty Images

"მეტეორიტის დაცემა უიშვიათესი მოვლენაა. უფრო დიდი შანსია, რომ ტორნადო, ელვა და ქარიშხალი ერთდროულად დაგატყდეთ, ვიდრე მეტეორიტი მოგხვდეთ", — ამბობს ასტრონომი მაიკლ რეინოლდსი National Geographic-თან ინტერვიუში.

ყოველდღიურად დედამიწაზე ასობით ტონა კოსმოსური მტვერი და ნამსხვრევები ცვივა. ნასას თანახმად, ყოველ წელს დაახლოებით ერთხელ მანქანის ზომის ასტეროიდი შემოდის დედამიწის ატმოსფეროში, მაგრამ ისე იწვის, რომ ზედაპირამდე ვერ აღწევს.

მეტეორიტების უმეტესობა შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ ხანდახან ისინი საზოგადოების ყურადღებასაც იპყრობს — ისე, როგორც ეს ენ ჰოჯესის შემთხვევაში მოხდა. ინციდენტიდან 70 წელი გავიდა, მაგრამ ეს ისტორია დღემდე აოცებს ადამიანებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.