ეგვიპტეში ოთხფეხა ვეშაპის ახალი სახეობა აღმოაჩინეს — ის 43 მილიონი წლის წინ არსებობდა
ეგვიპტეში მეცნიერებმა ოთხფეხა ვეშაპის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 43 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
წყალხმელეთა Phiomicetus anubis-ი თავდაპირველად ეგვიპტის დასავლეთ უდაბნოში აღმოაჩინეს. სახეობა თავის ქალით ანუბისს, უძველესი ეგვიპტური სიკვდილის ღმერთს წააგავს, რომელსაც ტურისებრი თავი ჰქონდა.
თანამედროვე ვეშაპთა წინაპრები ირმისმაგვარი ძუძუმწოვრებისგან განვითარდნენ, რომლებიც ხმელეთზე 10 მილიონი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
ოთხშაბათს Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, Phiomicetus anubis-ი დაახლოებით 600 კილოგრამს იწონიდა, სამი მეტრი სიმაღლისა გახლდათ და ძლიერი ყბები ჰქონდა ნადავლის დასაჭერად. ამ ვეშაპს ხმელეთზე გადაადგილება და წყალში ცურვა შეეძლო.
არასრული ჩონჩხი, რომელიც ეგვიპტის ფაიუმის დაბლობზე იპოვეს, ელ-მანსურას უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი ამჟამად უდაბნოს წარმოადგენს, ერთ დროს წყლით იყო დაფარული და ნამარხთა საკმაოდ მდიდარი წყაროა.
"Phiomicetus anubis-ი ვეშაპთა სრულიად ახალი სახეობაა — ეგვიპტური და აფრიკული პალეონტოლოგიის საკმაოდ ღირებული აღმოჩენა", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა აბდულა გოჰარმა Reuters-თან საუბრისას.
ეს ფეხებიანი ვეშაპის აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ითვლება, რომ Phiomicetus anubis-ი აფრიკაში აღმოჩენილი წყალხმელეთა ვეშაპის უძველესი სახეობაა.
ნავარაუდევია, რომ პირველი ვეშაპები სამხრეთ აზიაში განვითარდნენ, დაახლოებით, 50 მილიონი წლის წინ. 2011 წელს პერუში პალეონტოლოგთა გუნდმა 43 მილიონი წლით დათარიღებული ვეშაპის ნამარხი აღმოაჩინა, რომელსაც ოთხი ფეხი, აპკიანი თათები და ჩლიქები ჰქონია.
კომენტარები