შექმნეს მასშტაბური კვანტური ჩიპი, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე მუშაობს
მეცნიერებმა შექმნეს მასშტაბური კვანტური გამოთვლითი პლატფორმა, რომელიც მონეტის ზომისაა და ოთახის ტემპერატურაზე მუშაობს. ეს კვანტური კომპიუტერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა, რამაც ისინი შესაძლოა უფრო პრაქტიკული გახადოს.
გუნდი იმედოვნებს, რომ მათი კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა, ხელს შეუწყობს კვანტური გამოთვლების პროგრესს და მას ჩვენს ყოველდღიურობაში შემოიყვანს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კვანტური კომპიუტერები სამეცნიერო ფანტასტიკიდან რეალურ ტექნოლოგიებად მოგვევლინა და ისინი, შესაძლოა, უკვე მომდევნო ათწლეულებში სულ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს.
ცნობისთვის, კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რისი მიხედვითაც, თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე ერთი. სწორედ ამ პრინციპით, კვანტურ კომპიუტერს მილიონობით გამოთვლის თანადროულად ჩატარება შეუძლია.
თავიანთ ახალ ნაშრომში, სუ იეიმ და ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოიყენეს სინათლის ველი, რომელიც ცნობილია როგორც კვანტური ფოტონიკა. ოპტიკური ბოჭკოს მსგავსად, კვანტური ფოტონიკა იყენებს სინათლის სრული სპექტრის მულტიპლექსს ინფორმაციის გადასატანად და სინათლის თითოეული ტალღა პოტენციურად ხდება კვანტური ერთეული.
გუნდმა შექმნა მოწყობილობა, სახელწოდებით — microcomb, რომელიც გარდაქმნის ფოტონებს ერთჯერად ტალღებად. ეს ფოტონები იგზავნება რგოლის გარშემო, რომელიც აძლიერებს ოპტიკურ ენერგიას (ენერგიის ოდენობა ერთეულის შიგნით მოწყობილობაში) და ზრდის ალბათობას, რომ ეს ერთმანეთთან ურთიერთქმედება შექმნის კვანტურ გადახლართულობას.
მკვლევრებმა განათავსეს მოწყობილობა პატარა ჩიპზე და შეძლეს კვანტური გადახლართულობის მიღწევა. მათი თქმით, ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად მისი შესაძლებლობაც გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მას სხვა კვანტურ სისტემებთან შედარებით აშკარა უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, მასშტაბური კვანტური კომპიუტერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ბევრ მსგავს სისტემას კრიოგენული ტემპერატურა სჭირდება, ეს კი მათ არაპრაქტიკულს ხდის. ახალ ტექნოლოგიას კი ოთახის ტემპერატურაზე ფუნქციონირება შეუძლია. ამასთან, ჩიპი ზომითაც პრაქტიკულია და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მისი მასიური წარმოება მალე დაიწყება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები