აღწერეს არამიწიერი მინერალი, რომელიც გაცხელებისას უჩვეულო თვისებას ავლენს
ფოტო: SciTechDaily.com
მეცნიერებმა მეტეორიტში აღმოჩენილი უჩვეულო მინერალი შეისწავლეს. შენიშნეს, რომ გაცხელებაზე იგი იმისგან განსხვავებულად რეაგირებს, ვიდრე დედამიწაზე არსებული რომელიმე სხვა მინერალი.
ახალ ნაშრომში მეცნიერებმა სილიციუმის ორჟანგის ტრიდიმიტის გამორჩეული მახასიათებლები აღწერეს. ეს სილიციუმის ორჟანგის (იგივე კაჟმიწა) არამიწიერი, ანუ დედამიწის მიღმა აღმოჩენილი, ფორმაა. ნიმუში მეტეორიტიდან მოიპოვეს, რომელიც ჯერ კიდევ 1724 წელს ჩამოვარდა გერმანიაში.
მინერალში განსაკუთრებული ისაა, რომ იგი სითბოს გამტარობის სტანდარტულ წესებს არ ემორჩილება. კერძოდ, სხვადასხვა ტემპერატურაზე გაცხელებისას იგი თბოგამტარობის იმავე მაჩვენებელს ინარჩუნებს. ამ თვისების წყალობით მან წარმოებაში შეიძლება არაერთი საინტერესო დანიშნულება პოვოს.
რადგან გაცხელებისას მინერალის თბოგამტარობა იგივე რჩება, ზოგი მას "სითბოგამძლესაც" უწოდებს. ეს მასალა არამხოლოდ მეტეორიტებში, ასევე მარსზეც არის აღმოჩენილი.
სხვა მსგავსი მეტეორიტების ნიმუშებისგან განსხვავებით, სილიციუმის ორჟანგის ტრიდიმიტს ატომური სტრუქტურის მიხედვით ვერც კრისტალად მივიჩნევთ და ვერც შუშად. მოხსენების მიხედვით, კრისტალს "ატომთა მოწესრიგებული კრისტალური მესერი" აქვს, შუშას კი — "მოუწესრიგებელი, ამორფული სტრუქტურა". როგორც ჩანს, ტრიდიმიტი სტრუქტურით სადღაც შუაშია.
ასევე იხილეთ: შუშა მყარი ნივთიერებაა თუ თხევადი?
ცნობილია, რომ ატომური სტრუქტურა მასალის თბოგამტარობასაც განსაზღვრავს. მოხსენების თანახმად, კრისტალებში გაცხელებისას თბოგამტარობა მცირდება, შუშებში კი — პირიქით. მეორე მხრივ, მეტეორში აღმოჩენილი ტრიდიმიტის თბოგამტარობა გაცხელებისას არ შეცვლილა.
მეცნიერების აზრით, ამ მინერალის მსგავსი მასალები შეიძლება სამომავლოდ ფოლადის წარმოებისას გამოვიყენოთ, რათა უკიდურესად მაღალი ტემპერატურა უფრო ეფექტიანად ვმართოთ.
ნაშრომი ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები