ძუძუმწოვრების ნაწილი ზომაში იმატებს — რატომ
ადამიანის საქმიანობის შედეგად გარეული ცხოველების ზომა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცირდება. მიუხედავად ამისა, Communications Biology-ში გამოქვეყნებულმა ახლანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ძუძუმწოვრების დიდი ნაწილი, რომლებიც ქალაქების მახლობლად ბინადრობენ, ზომაშიც იმატებენ და წონაშიც.
ცემენტით დაფარულ ურბანულ გარემოში ტემპერატურა იმაზე მაღალია, ვიდრე ბუნებრივ ჰაბიტატებში, შედარებით თბილი ტემპერატურა კი უფრო სასარგებლოა იმ ძუძუმწოვრებისთვის, რომლებსაც შედარებით პატარა, ენერგოეფექტური სხეულები აქვთ — ეს წესი ბიოლოგიაში ბერგმანის წესის სახელითაა ცნობილი.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მსოფლიოში, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქალაქის მახლობლად მცხოვრები ძუძუმწოვრების ზომა შემცირდება. თუმცა, კლიმატის ცვლილების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა ასე არ მოხდეს. როგორც აღმოჩნდა, ძუძუმწოვრების ზომას კიდევ ერთი ფაქტორი — საკვები განსაზღვრავს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში და მათ გარშემო, სადაც ადამიანების მაღალკალორიული საკვების ნარჩენების მოპოვებაა შესაძლებელი და სადაც მტაცებლები ნაკლებად არიან, შესწავლილი ძუძუმწოვრების სახეობის უდიდესი ნაწილი — მათ შორის კოიოტები და ენოტები — ზომაში კი არ მცირდებიან, არამედ იმატებენ.
ჩრდილო ამერიკაში, ბოლო 80 წლის მანძილზე მუზეუმის კოლექციებიდან შეგროვებული 100-ზე მეტი სახეობის გულმოდგინე გაზომვების საფუძველზე დადგინდა, რომ ცხოველების ზომის ცვლილების მთავარი მიზეზი ქალაქის ტემპერატურა არაა. სხეულის ზომისა და წონის ყველაზე მკვეთრი ზრდა აღინიშნებოდა იმ ძუძუმწოვრებში, რომლებიც დასახლებული ადგილების მიმდებარედ ცხოვრობდნენ, ამ ადგილის ტემპერატურის მიუხედავად.
იქიდან გამომდინარე, რომ კლიმატი მკვეთრ ცვლილებებს განიცდის, რა თქმა უნდა არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ტენდენცია შეიცვლება, თუმცა, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მგლების, კოიოტების, ირმების, მღრღნელების, ღამურებისა და ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ძუძუმწოვრების ზომაზე ქალაქის დიდი მოსახლეობა უფრო ახდენს გავლენას, ვიდრე კლიმატი.
ურბანული გარემოს ეს მნიშვნელოვანი ეფექტი, რომელიც ათასობით წლების წინ არ არსებობდა, გარკვეულწილად აბალანსებს ქალაქის ტემპერატურის შედეგად ცხოველების ზომის შემცირებას.
კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს იმ ძუძუმწოვრებზეც, რომლებიც დროის დიდ ნაწილს მიწის ქვეშ ატარებენ. მეტიც, სიმულაციებმა აჩვენა, რომ მათი ზომა უფრო მკვეთრად შემცირდა. ეს სახეობები კლიმატის ცვლილების მიმართ კიდევ უფრო მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ.
ეს კვლევა იმის კარგ მაგალითს წარმოადგენს, რომ ცხოველის სხეულის ზომას მხოლოდ კლიმატი ან ბერგმანის წესი არ განსაზღვრავს. დამატებითი ფაქტორების გამოვლენა ძუძუმწოვრების გარდა სხვა სახეობების შემთხვევაში კიდევ უფრო რთულ საქმეს წარმოადგენს.
აქამდე ჩატარებული კვლევების ნაწილმა აჩვენა, რომ ქალაქებში სითბური კუნძულის ეფექტი გავლენას ახდენს მწერებისა და ობობების ზომაზე და იწვევს მათი სხეულის ზომის შემცირებას. სხვა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ქალაქებში ფარვანებისა და პეპლების ზომა იზრდება. ამის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ვრცელი არეალებია, რომლებიც უფრო დიდი ზომის ფრთების განვითარებას უწყობს ხელს.
"როდესაც იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ შეიცვლება ძუძუმწოვრების ზომა მომავალი 100 წლის მანძილზე, ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ, გლობალური დათბობის შედეგად, ეს მახასიათებელი შემცირდება. თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დათბობის ეფექტს ურბანიზაცია გადაწონის და პატარა ცხოველების ნაცვლად მსუქან ძუძუმწოვრებს მივიღებთ?", — ამბობს რობერტ გურალნიკი, რომელიც ფლორიდას მუზეუმში ბიომრავალფეროვნების ინფორმატიკას სწავლობს.
კვლევის ავტორები იმედოვბნებენ, რომ მათი მოხსენება ბიძგს მისცემს მკვლევრებს, ძუძუმწოვრების სხეულის ზომის ანალიზისას ურბანიზაციის ფაქტორიც გაითვალისწინონ. ისინი მეცნიერებს სთავაზობენ ქალაქის მახლობლად მცხოვრები ძუძუმწოვრების ზომების შედარებას ამავე სახეობებთან, რომლებიც სოფლების მახლობლად ცხოვრობენ — ანუ იქ, სადაც ადამიანის საკვების ნარჩენები ასევე ხელმისაწვდომია.
ასეთი კვლევა მეცნიერებს იმის განსაზღვრაშიც დაეხმარება, ადამიანის საკვების ნარჩენების ხელმისაწვდომობის გამო იმატებენ ეს ცხოველები ზომაში, თუ რაიმე სხვა ფაქტორიც ახდენს ამაზე გავლენას.
თუ ძუძუმწოვრების სახეობების შენარჩუნება გვინდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა გავლენას ახდენს მათ ზომაზე, ქცევის თავისებურებებსა და კეთილდღეობაზე ადამიანთა ცივილიზაცია.
კომენტარები