პირბადის გარე სივრცეში ტარება ისევ სავალდებულო გახდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ დღეიდან პირბადე მოქალაქეებმა უნდა ატარონ, როგორც გარე, ისე ღია სივრცეში.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ თქვეების მანძილზე ყოველთვის ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტური არის პირბადე ინფექციისგან დასაცავად და აქედან გამომდინარე, ეპიდვითარების გათვალისწინებით ვთვლით, რომ ეს იქნება ყველაზე ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ შევძლოთ და მოვახდინოთ მე-4 ტალღის ეფექტურად დაძლევა", — განაცხადა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოგვიანებით განმარტა, რომ კუს ტბაზე, ლისის ტბაზე და ამგვარ ადგილებში, სადაც ცოტა ხალხია, მარტო სირბილისას პირბადის ტარებას არავინ მოითხოვს, მაგრამ სხვა სივრცეებში, სადაც ხალხმრავლობაა, სავალდებულო იქნება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებული იყო მაშინ, თუ 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბებოდა. ახლა კი პირბადის ტარება სავალდებულოა ყველასთვის და ყველგან, განურჩევლად იმისა, რამდენი ადმიანია შეკრებილი.