მეცნიერებმა ჩინეთში დინოზავრის ორი ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ჩინეთის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონიდან მიღებული ნამარხების ანალიზის საფუძველზე, დინოზავრების ორი ახალი სახეობის აღმოჩენა დაადასტურეს. მეცნიერების კვლევა ხუთშაბათს ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ დინოზავრები ამ რეგიონში აღმოჩენილი პირველი ხერხემლიანები არიან. ამავე რეგიონში ნაპოვნი მასალები მოიცავს პტეროზავრების, მათი კვერცხებისა და ემბრიონების ნამარხებს, ასევე ხერხემლისა და ნეკნების განამარხებულ ფრაგმენტებს, რომლებსაც აქამდე სამ იდუმალ დინოზავრს აკუთვნებდნენ.
ნამარხების ანალიზის შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნიმუშებიდან ორი მათგანი აქამდე უცნობ სახეობებს ეკუთვნოდა. მათ Silutitan sinensis (silu — აბრეშუმის გზა) და Hamititan xinjiangensis უწოდეს. მეორე სახელი იმ ადგილზე მიანიშნებს, სადაც ნამარხები აღმოაჩინეს. ორივე დასახელება შეიცავს ბერძნულ სიტყვა titan-ს, რაც გიგანტს ნიშნავს.
მეცნიერების შეფასებით, Silutitan 20 მეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო, Hamititan კი 17 მეტრი სიგრძის. ამ შეფასების მიხედვით, ისინი, დაახლოებით, ლურჯი ვეშაპების ზომის უნდა ყოფილიყვნენ. ამ უკანასკნელის სიგრძე 23-დან 30 მეტრამდე მერყეობს.
ნამარხების ანალიზმა აჩვენა, რომ სახეობები დაახლოებით 120-130 მილიონი წლის წინ, ცარცული პერიოდის დასაწყისში ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი ზავროპოდებს — გრძელკისერა მცენარის მჭამელი დინოზავრების კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
რაც შეეხება მესამე ნიმუშს, მკვლევრების თქმით იგი ახალ სახეობას არ მიეკუთვნება და, შესაძლოა, somphospondylan sauropod-ის — იურულიდან გვიანდელ ცარცულ პერიოდამდე მცხოვრებ დინოზავრების ჯგუფს ეკუთვნოდეს.
კომენტარები