2016 წლის 15-18 მაისს, სწორედ მაშინ, როცა საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნის ნაცვლად, გულზე მჯიღის ცემით ოჯახის სიწმინდეს იცავდნენ, თბილისმა მსოფლიო საოჯახო კონგრესის მე-10 კონფერენციას უმასპინძლა. აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, ჰოვარდის ოჯახის, რელიგიისა და საზოგადოების ცენტრმა, რომელიც 1997 წლიდან "ოჯახის სიწმინდეზე" ქადაგების საფარქვეშ, აბორტის უფლებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ იბრძვის, საქართველოში პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერთან, ლევან ვასაძესთან ერთად მათი თანამოაზრეები ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შეკრიბა, მათ შორის იყვნენ ილია მეორე და ნინო ბურჯანაძე.

ილია მეორე მსოფლიო საოჯახო კონგრესზე

ფოტო: Facebook / მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi

ნინო ბურჯანაძე მსოფლიო საოჯახო კონგრესზე

ფოტო: Facebook / მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi

კონგრესზე ვასაძის სიტყვა ჰომოფობიური, ანტიდასავლური და პრორუსული განწყობებით იყო გაჯერებელი და პირდაპირ პასუხობდა იმ პათოსს, რასაც ეფუძნებოდა 4-დღიანი კონფერენცია, სახელწოდებით — ცივილიზაცია გზაგასაყარზე: ბუნებრივი ოჯახი, როგორც თავისუფლებისა და ჰუმანური ღირებულებების საყრდენი.

ეს ის არის, რაც 2016 წელს საჯაროდ ჩანდა. ინფორმაციამ კი, რომელიც არ ჩანდა და დახურულ კარს მიღმა დარჩა, 5 აგვისტოს გაჟონა. WikiLeaks-მა აქტიურად ულტრამემარჯვენე საერთაშორისო ორგანიზაციების კამპანიებზე 17 000-ზე მეტი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელთა შორის მოხვდა ვასაძის მსოფლიო საოჯახო კონგრესიც და თავის მხრივ, თბილისის 2016 წლის ღონისძიება. გაჟონილი დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ თავდაპირველად შესაძლო სპიკერებს შორის საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც მოიაზრებოდა.

რა გამოაქვეყნა WikiLeaks-მა

5 აგვისტოს გამოქვეყნებული დოკუმენტები სახელწოდებით "შეუწყნარებლობის ქსელი" 2001-დან 2017 წლამდე თარიღდება. იგი მოიცავს ინფორმაციებს ისეთ ულტრამემარჯვენე კამპანიის ორგანიზაციებზე, როგორიცაა HazteOir და CitizenGO. აქ საუბარია მათ დონორებზე, წერილებზე, ფინანსურ სქემებზე, სტრატეგიისა და დაგეგმვის, ასევე იურიდიულ და სასწავლო დოკუმენტებზე.

მოპოვებული ფაილებიდან ვიგებთ, რომ HazteOir პირველად 2001 წელს ესპანეთში, მემარჯვენე ღირებულებების კამპანიის მიზნით დაარსდა, 2013 წელს კი CitizenGO დააარსა, რათა თავისი საქმიანობა ესპანურად მოლაპარაკე ქვეყნების მიღმაც გაევრცელებინა. მონაცემთა ნაკრები მოიცავს CitizenGo-ს დაარსებასა და HazteOir-ის დოკუმენტებს, აშშ-ში დაფუძნებულ ჰოვარდის ოჯახის, რელიგიისა და საზოგადოების ცენტრთან ერთად, ოჯახების მსოფლიო კონგრესისთვის (WCF) განკუთვნილ დოკუმენტებს.

WCF მემარჯვენე ორგანიზაციებს აერთიანებს, რომლებიც ლგბტ თემისა და რეპროდუქციული უფლებების წინააღმდეგ იბრძვიან. სიღარიბის სამართლის ცენტრმა ის სიძულვილის ჯგუფად შეაფასა. 2014 წლის ადამიანის უფლებათა კამპანიის ანგარიშში ნათქვამია: "ოჯახების მსოფლიო კონგრესი (WCF) არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციებიდან, რომელიც სიძულვილის გავრცელებაში არის ჩართული".

ვიკილიქსის თანახმად, ყველა ამ ორგანიზაციას ერთად იგნასიო არსუაგა, HazteOir-ისა და CitizenGo დამფუძნებელი აერთიანებს. 2013 წელს ის ოჯახების მსოფლიო კონგრესმა წლის ადამიანად დაასახელა. ოჯახების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი კი, ბრაიან ბრაუნია. ეს სწორედ ის ბრაუნია, რომელიც საქართველოშიც იმყოფებოდა და ვასაძესთან ერთად განცხადებებს აკეთებდა. ბრაუნი გაწევრიანებულია CitizenGo–ს საბჭოში.

"WikiLeaks აქვეყნებს ამ მონაცემთა ნაკრებს, როგორც ჩვენი მიზნის ნაწილს, დავიცვათ პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტები ცენზურისგან. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური მიმართულებით ტენდენცია უფრო თვალსაჩინო ხდება, მნიშვნელოვანია გავიგოთ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ცვლილების განხორციელებას ხელს უწყობენ. WikiLeaks-ს მიაჩნია, რომ დოკუმენტები, რომლებიც CitizenGo-ს წარმოშობას აჩვენებენ, არის საჯარო ჩანაწერის მნიშვნელოვანი ნაწილი", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

WikiLeaks-ის რედაქტორმა, კრისტინ ჰრაფნსონმა თქვა: "ვინაიდან ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფებმა ბოლო წლებში ქალთა და ლგბტქი+ უფლებებზე მზარდი თავდასხმებით ძალაუფლება მოიპოვეს, მნიშვნელოვანია გქონდეთ დოკუმენტებზე წვდომა მათგან, ვინც გლობალურად ლობირებდა ამ ცვლილებებს".

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება

მსოფლიო საოჯახო კონგრესს ვასაძის ორგანიზაცია, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე მასპინძლობდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, ეს ყოფილი დემოგრაფიული განვითარების ფონდია და მისი მმართველობითი ორგანოს წევრები არიან: თამარ ჩხეიძე და ანზორ თოთაძე. TI-ის ცნობით, ამავე ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე იყო თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე, რომელიც დღეისთვის ბიზნესმენ ლევან ვასაძის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის გამგეობის თავმჯდომარეა.

2013 წლის 16 ივლისი, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა.

ფოტო: მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ორგანიზაციის ცნობით, გამგეობის სხვა წევრები არიან იგივე თამარ ჩხეიძე და ანზორ თოთაძე. TI მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მხარდაჭერები, ლევან ვასაძესთან ერთად, არიან შიო მუჯირი (პატრიარქის თანამოსაყდრე), ბიზნესმენები: ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზაზა ნიშნიანიძე, ასევე, ქართული ოცნების წევრი, დიმიტრი ხუნდაძე და პალიტრამედიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოგა თევდორაშვილი. TI-ის ცნობით, ფონდს მხარდაჭერა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმაც გაუწია.

ამასთან, როგორც რადიო თავისუფლებაც წერდა, 2013 წლის 16 ივლისს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა დაასახელა, რომელთა შორის მოხვდნენ: ლევან ვასაძე (თავმჯდომარე), მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ლაშა პაპაშვილი, ზაზა ნიშნიანიძე, გოგა თევდორაშვილი და მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

შეთავაზება ღარიბაშვილს

WeakLeaks-ის სიაში მოხვდა მასპინძლობის შეთავაზების დოკუმენტიც, სადაც ჩამოთვლილია სავარაუდო სპიკერები, განსახილველი საკითხები, ჩართული ორგანიზაციები და ზოგადად, დღის წესრიგი.

თუმცა საქართველოს, უფრო ზუსტად კი, პრორუსული ჯგუფის ლიდერის, ლევან ვასაძისა და მსოფლიო საოჯახო კონგრესის კავშირი 2016 წელს არ დაწყებულა და მათი თანამშრომლობის ფარგლებში, მანამდე სხვადასხვა ღონისძიება ორჯერ გაიმართა.

კერძოდ, 2014 წლის 17 მაისს თბილისში ჩატარდა ოჯახების მსოფლიო კონგრესის პირველი რეგიონალური კონფერენცია კავკასიაში, სახელწოდებით, ტრადიციული ოჯახის ღირებულებები თანამედროვე მსოფლიოში. მომდევნო, 2015 წელს, ასევე 17 მაისს მოეწყო და ამჯერად მთავარი თემა დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები იყო.

ორგანიზატორებს საქართველოში 2016 წელს კონფერნეციის ჩატარებით იმედი ჰქონდათ, რომ ეს არა მხოლოდ "ფასდაუდებელ წვლილს" შეიტანდა "ერის გამოღვიძებაში", არამედ გაძლიერდებოდა აბორტის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები, მეტი ადამიანი ჩაერთვებოდა მსგავს მოძრაობებში და ხელი შეეწყობოდა ტრადიციული ოჯახის დაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიების პოპულარიზაციას. შესაბამისად, მასპინძლობის შეთავაზების დოკუმენტში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომელიც ვასაძესა და მის თანამოაზრეებს საქართველოში პრობლემურად მიაჩნიათ.

მაგალითად, 2014 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც არაერთი დისკრიმინაციული ფორმის აღმოფხვრას ითვალისწინებს, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მხრივ. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება კანონპროექტიდან სწორედ ამ ორი ტერმინის ამოღებას ითხოვდა და ეს ინიციატივა 2015 წელს ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტშიც წარადგინა.

ორგანიზატორებისთვის პრობლემურია ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა და აღნიშნულია, რომ "საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას". ამის გასამყარებლად, დოკუმენტში აბორტების სტატისტიკაა მოყვანილი, რომლის თანახმადაც, ყოველწლიურად აბორტი ოფიციალურად 40 ათასს აღწევს, ხოლო არაოფიციალურად მისი რიცხვი 150 ათასამდე მერყეობს. თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელ სტატისტიკას ეყრდნობიან ისინი.

ფოტო: ქართული ოცნება

მათ ასევე არ მოსწონთ საქართველოს განათლების სისტემაში სკოლების სასწავლო გეგმაც, რადგან მათი მტკიცებით, თემები, რომელიც სამოქალაქო განათლების ფარგლებში ისწავლება და მოიცავს მოსწავლეებისთვის ისეთი ტერმინების გაცნობას, როგორიცაა გენდერი, უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაცია, ჯანსაღი ცხოვრების სტილი და სხვა, რელიგიურ განათლებას ანგრევს.

სწორედ ამ და სხვა მსგავსი საკითხების განსახილველად, მათ სავარაუდო სპიკერების სიაში თავდაპირველად ვასაძესა და ილია მეორესთან ერთად, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჰყავდათ შეყვანილი. დღეს, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა თავისი განცხადებებით ერთგვარი მწვანე შუქი აუნთო 5 ივლისს მოძალადე და ჰომოფობიურ ჯგუფებს, რათა რუსთაველის გამზირზე ეთარეშათ და ადამიანების თავისუფლება შეეზღუდათ, ეს გასაკვირი ერთი შეხედვით არც არის. მაგრამ ორგანიზატორებს მაშინაც ჰქონდათ არგუმენტი იმაზე, თუ რატომ აირჩიეს პრემიერი სავარაუდო სპიკერად. დოკუმენტში ვკითხულობთ:

"საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში ქორწინება განიმარტოს, როგორც ქალისა და კაცის კავშირი და განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ დგას რელიგიისა და ოჯახის ღირებულებებზე".

მართლაც, 2014 წელს ღარიბაშვილის ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი "ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი" მსოფლიო საოჯახო კონგრესის თემატიკას პასუხობს და პრემიერს მათ თანამოაზრედ წარმოაჩენს.

კონფერენციის ორგანიზატორებს რომ სამთავრობო უწყებების მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ, დოკუმენტის კიდევ ერთ ნაწილში: "სამთავრობო და საუნივერსიტეტო ჩართულობის ფორმებში" იკვეთება. კერძოდ, ვკითხულობთ, რომ მათ მხარდაჭერისათვის პრემიერმინისტრისა და თბილისის მერიის აპარატისთვის მიმართვაც სურდათ.

აღნიშნულზე On.ge-მ საჯარო ინფორმაცია თბილისის მერიისა და საქართველოს მთავრობისგან გამოითხოვა. თბილისის მერიამ მოგვაწოდა დოკუმენტი, სადაც დასტურდება, რომ მაშინდელი მერი, დავით ნარმანია საოჯახო კონგრესზე მიწვეული იყო.

"მოხარულნი ვიქნებით, თუ შეძლებთ კონგრესზე დასწრებას და მონაწილეობას მის მთავარ პლენაურ სხდომაში 16 მაისს, საპატიო სტუმრის რაგნში. გთხოვთ, მითითებულ დღეებში აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უზრუნველყოთ საზოგადოებრივი მართლწესრიგი, რაც იქნება ასეულობით უცხოელი სტუმრის მონაწილეობით კონგრესის მშვიდობიანად ჩატარების და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენის გარანტი", — ვკითხულობთ ნარმანიასთვის გაგზავნილ წერილში.

მსოფლიო საოჯახო კონგრესის მე-10 კონფერენციაზე მოსაწვევი დავით ნარმანიას.

მსოფლიო საოჯახო კონგრესის მე-10 კონფერენციაზე მოსაწვევი დავით ნარმანიას.

მსოფლიო საოჯახო კონგრესის მე-10 კონფერენციაზე მოსაწვევი დავით ნარმანიას.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მიუხედავად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ვადების გასვლისა, ინფორმაცია არ მოგავწოდეს. ჩვენ ვცადეთ კომუნიკაცია საჯარო ინფორმაციის პასუხისმგებელ პირთან, თუმცა ის ვებ-გვერდზე მითითებულ ოფიციალურ ნომერზე ზარებს არ პასუხობდა. დავუკავშირდით მთავრობის პრესსამსახურსაც, რათა საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირთან კომუნიკაცია ამ გზით მოგვეხერხებინა, თუმცა, პასუხი არ მიგვიღია.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მიწვევისა, კონგრესის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ფოტოებს თუ დავეყრდნობით, სტუმრებს შორის არ ყოფილან არც პრემიერმინისტრი და არც თბილისის მერი.

მოსაწვევები სტუმრებსა და სპონსორებს

ღარიბაშვილის გარდა, არაერთი სპიკერის ჩართულობა განიხილებოდა, ხოლო კონფერენციის მხარდაჭერისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საყრდენად საქართველოში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებსა და პირებს მოიაზრებდნენ. მასპინძლობის შეთავაზების დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდო ორგანიზაციებს შორის იყო:

  • საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდი;
  • ქართული სიძველეების კვლევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი;
  • ქართული საზოგადოებები საზღვარგარეთ;
  • ადიქციის კვლევისა და კონსულტაციის ცენტრი;
  • საზოგადოება თბილისელი;
  • ახალგაზრდული მოძრაობა დავითთიანი და დავითთიანის ფსიქოლოგიური ცენტრი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი;
  • საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა;
  • თავისუფალი თაობა.

იგეგმებოდა სპიკერების ჩართულობა, როგორც სამთავრობო ინსტიტუციებიდან, ასევე სამეცნიერო, საექსპერტო, საგანმანათლებლო, ბიზნეს და რელიგიური ინსტიტუციებიდან. წინასწარ დაგეგმილ გამოსვლებს შორის კი პრემიერმინისტრთან ერთად მომხსენებლებად განიხილებოდნენ:

  • ილია მეორე;
  • საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები;
  • ლევან ვასაძე.

არსებობს კონფერენციის თანაორგანიზატორობის მოსაწვევიც, რომელიც მსურველებს კონგრესის ირგვლივ სხვადასხვა უპირატესობას სთავაზობდა, თუმცა თანაორგანიზატორობა 20 000 დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა.

"გახდე თანაორგანიზატორი უფრო ექსკლუზიური და განსხვავებულია (მხოლოდ მოსაწვევითაა შესაძლებელი) მსოფლიო საოჯახო კონგრესის სხვა სპონსორობისგან, მათ შორის, კონგრესის პარტნიორობისგან. ის მოითხოვს მინიმუმ 20 000 დოლარის ინვესტიციას თბილისის მე-10 საოჯახო კონგრესში".

მოსაწვევში აღნიშნულია, რომ იმჟამინდელი თანაორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21, ჰოვარდის ოჯახის, რელიგიისა და საზოგადოების ცენტრი და თავისუფლების მცველი ალიანსი.

ასევე, იძებნება მოსაწვევი სპონსორებისთვის, სადაც პირადად ლევან ვასაძე მოუწოდებს მათ, რომ ამ "ისტორიულ მოვლენაში" ჩაერთონ. ის პოტენციურ სპონსორებს არწმუნებს, რომ საქართველო იდეალური ადგილია ღონისძიების ჩასატარებლად მისი ისტორიული, კულტურული და რელიგიური კონტექსტის გათვალისწინებით.

მსოფლიო საოჯახო კონგრესის მე-10 კონფერენცია

ფოტო: Facebook / მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi

"სერიოზული ანტირელიგიური, ოჯახის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების შემდეგ, ჩვენ, ქართველები მყარად ვდგავართ საუკუნოვანი ტრადიციებისა და რელიგიის დასაცავად ქვეყანაში, სადაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენის დროს 100 000 მოწამე ნებაყოფლობით ეწამა ქრისტიანული მორალის დასაცავად, ქვეყანაში, სადაც ეკლესიები, სინაგოგები და მეჩეთები საუკუნეების განმავლობაში დგანან გვერდი-გვერდ", — წერდა ვასაძე.

წერილში ის ამტკიცებდა, რომ კონგრესი ახალი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, შეხვდნენ იმ დასავლელებს, რომელთათვისაც ნამდვილი თანასწორობა, სამართლიანობა, მრავალფეროვნება და თავისუფლება ღმერთსა და ოჯახზე კონცენტრირებულ ცივილიზაციაზე დგას.

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება და ჰოვარდის ოჯახის, რელიგიისა და საზოგადოების ცენტრი, სავარაუდოდ, საბოლოო სპიკერების სიაზე 2016 წელს ჩამოყალიბდა. იქ ღარიბაშვილი უკვე აღარ იძებნება, თუმცა მოსაწვევი, რომელიც 9 იანვრით თარიღდება, გაეგზავნათ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის, მიტროპოლიტ შიო მუჯირს, ალექსეი კომოვს, რომელიც ოჯახების მსოფლიო კონგრესის ოფიციალური წარმომადგენელია რუსეთში, მსოფლიო საოჯახო კონგრესის დამფუძნებელ ალან კარლსონსა და სხვებს.

განსახილველი თემები

არახალია, რომ ყველა ღონისძიება, სადაც ლევან ვასაძე მონაწილეობს, პრორუსულ იდეებს ატარებს, თავს ესხმის დასავლურ ორგანიზაციებსა და მედიის დისკრედიტაციას ემსახურება. გამონაკლისი არ ყოფილა არც ეს კონფერენცია, სადაც განსახილველად შერჩეული ყველა საკითხი ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების მატარებელი იყო.

შეთავაზებულ ადგილობრივ თემებში იყო "არასამთავრობო ორგანიზაციების ოჯახის წინააღმდეგ მიმართული და ანტირელიგიური საქმიანობები". კონგრესის წარმომადგენლების მტკიცებით, საქართველოში NGO-ები "ლგბტ ჯგუფებისა და სხვა გარყვნილებების" მეგაფონებად იქცნენ.

"დემოგრაფიული ზამთარი საქართველოში" ასევე ერთ-ერთი მთავარია საკითხია, რაც დღის წესრიგში თავიდანვე იყო გაწერილი, რადგან როგორც ვასაძე და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, ქართველი ერი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას და ოჯახის სიწმინდის მქადაგებლური პოლიტიკა ქართველებისთვის "სიკვდილ-სიცოცხლის" საკითხია.

"გაერომ ქართული ენა და ქართველები გადაშენების პირას მყოფ ენებისა და ერების სიაში შეიყვანა. მათი ოფიციალური პროგნოზით, თუ რაღაცას არ შევცვლით, 2050 წლისთვის ქვეყნის პოპულაცია 28%-ით დაიკლებს და ეთნიკურად ქართველთა რიცხვს გაანახევრებს", — წერია დოკუმენტში.

თუმცა როგორც მითების დეტექტორი 2017 წელს წერდა, მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველო გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანეს, მცდარია. მათ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ გაეროს მსოფლიო მოსახლეობის პროგნოზის მონაცემების მიხედვით, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის 12,9%-იანი კლებაა მოსალოდნელი. იმავე მონაცემების თანახმად, საქართველოში მოსახლეობამ 2015 წელს 4 000 000 შეადგინა, 2050 წელს კი მოსახლეობა, შესაძლოა, 3 483 000-მდე შემცირდეს.

"კლების ტენდენციის მიუხედავად, გაერო საქართველოს "გადაშენების” შესახებ საერთოდ არ საუბრობს", — აღნიშნულია მითების დეტექტორის განცხადებაში.

"ოჯახის სიმტკიცის დღე", 2016 წლის 17 მაისი.

ფოტო: Facebook / მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi

"ოჯახის სიმტკიცის დღე", 2016 წლის 17 მაისი.

საკანონმდებლო და განათლების სისტემის მიმართ გამოთქმული პრეტენზიების გარდა, პრორუსული ჯგუფები ანტი-საოჯახო პროპაგანდას ხედავდნენ მედიაშიც, კერძოდ, სატელევიზიო შოუებში, რომლებიც, მათი შეფასებით, ანტირელიგიური და ოჯახის წინააღმდეგ მიმართული საკითხების გამავრცელებელ პლატფორმად იქცა.

"ტრადიციებს მოძველებულ სტერეოტიპებს უწოდებენ, ხოლო გარყვნილების მოწინააღმდეგეებს — ჰომოფობებს, რომლებსაც ხშირად ანტი-დასავლურ პროპაგანდაში ადანაშაულებენ. ეს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ინტერესებს ასახავს და ქართული ფართო საზოგადოების საჭიროებებს არ წარმოადგენს".

კონგრესზე დისკუსია, ასევე, იგეგმებოდა:

  • ოჯახზე, როგორც "საზოგადოების ბუნებრივ და ფუნდამენტური ჯგუფის ერთეულზე";
  • საზოგადოების ვალდებულებაზე, მხარი დაუჭიროს და დაიცვას "ბუნებრივი" ოჯახი;
  • ქორწინებაზე, როგორც "ოჯახური ცხოვრების საფუძველზე";
  • რელიგიის როლზე ოჯახის მხარდაჭერაში;
  • გენდერულ თეორიასა და სექსუალური განათლებაზე, თუ "როგორ უთხრის ეს ძირს" ოჯახისა და მშობლების ავტორიტეტს.

გეგმები

ყველა დოკუმენტში, რომელიც თბილისში ჩატარებულ კონფერენციას უკავშირდება, ორგანიზატორებს გაცხადებული აქვთ მათი გეგმები და მოლოდინები იმის შესახებ, თუ რისი მომტანია ეს კონგრესი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოში.

აქ არაერთხელ ხაზგასმულია, რომ საქართველოს მსოფლიო საოჯახო კონფერენცია "სჭირდება", განსაკუთრებით კი იმისთვის, რომ საოჯახო პოლიტიკა და NGO-ების მხრიდან ოჯახის დაცვისკენ მიმართული აქტივობები გაძლიერდეს. შესაბამისად, მიაჩნდათ, რომ ამის ძლიერი მასტიმულირებელი სწორედ თბილისში 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიება იქნებოდა, რომელსაც მათი გათვლებით, უნდა განევითარებინა და გაეძლიერებინა პრო-საოჯახო ტრენდები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში (მათ შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, თურქეთში, ირანსა და სხვა ბევრგან).

ლევან ვასაძე მსოფლიო საოჯახო კონგრესზე

ფოტო: Facebook / მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi

მონაწილე პირები, უპირველს ყოვლისა კი კონგრესის წარმომადგენელი საქართველოში, ლევან ვასაძე, მიიჩნევდნენ, რომ ამით ექნებოდათ პლატფორმა, სადაც იდეებსა და გამოცდილებებს ერთმანეთს გაუზიარებდნენ და ალბათ, სამომავლო გეგმებზეც ერთად იმუშავებდნენ.

"იმას, რაც თბილისში მაისში მოხდება, ექნება ღრმა გავლენა ოჯახის პოლიტიკაზე მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ბალკანეთში და ყოფილ საბჭოთა კავშირში", — წერდნენ შერჩეულ სპიკერებს ორგანიზატორები.

მათი მტკიცებით, ევროკავშირმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც "სექსუალურ რადიკალიზმს ბიძგს აძლევენ", მსოფლიოს სწორედ ეს ნაწილი ამოიღეს სამიზნეში, თბილისი კი მათ ესახებოდათ ადგილად, რომელიც საშუალებას მისცემდა რეგიონში "საჭირო" ცვლილებების პირველი ნაბიჯები გადაედგათ.

თუმცა პრობლემა ერთი კონფერენციით არ იწყება და თავის მხრივ, არ მთავრდება. სიტყვით გამომსვლელებს მომზადებული ჰქონდათ მთელი რიგი სტრატეგიებისა იმაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლონ "კულტურულ ომს". ამ იდეების გაჟღერებას კი დოკუმენტების მიხედვით, სწორედ იმ ულტრამემარჯვენე კომპანიის დამფუძნებელი აპირებდა, რომლის კავშირებსაც ეხება გაჟონილი დოკუმენტები.

CitizenGo-ს დამფუძნებელსა და HazteOir-ის პრეზიდენტს, იგნასიო არსუგას ეკუთვნოდა პრეზენტაცია კულტურის ომის ბრძოლის სტრატეგიაზე. მისი შეფასებით, მსოფლიო გლობალური კულტურის ომშია, რომელიც ოჯახი სიწმინდის მომხრე ხალხს არ დაუწყია, თუმცა სწორედ ისინი "იტანჯებიან" ამისგან. ის ამტკიცებს, რომ "ოპნენტები" მათ "განადგურებას" ცდილობენ. კონკრეტულად კი ამ სიაში მოიაზრებს: პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოროსს, გაეროს, ევროკავშირს, ევროსაბჭოსა და სხვა.

ფოტო: WikiLeaks

პრორუსული და ჰომოფობიური იდეის მატარებლებისთვის, "ოპონენტებთან" კულტურულ ომში არიან, რომლის წაგების შემთხვევაშიც, დამყარდება ტოტალიტარიზმი, სრულად აიკრძალება რელიგიის თავისუფლება, ხოლო ამ იდეოლოგიის მოწინააღმდეგეებისთვის, მათი მტკიცებით, ციხეები და ჯარიმები იქნება მოსალოდნელი.

თუ ანტიდასავლური ჯგუფების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას დავეყრდნობით, მათ სურთ, რომ "კულტურული ომი" მოიგონ და სამყარო შეცვალონ. ამისთვის კი, მიზნად რაც შეიძლება ბევრი ადამიანისა თუ ფინანსების მოზიდვა აქვთ დასახული და აცხადებენ, რომ მათი მოძრაობის მომავალი არის აქ და ახლა.

კონფერენციის დღე

ამ ყველაფერს თავი ერთ სივრცეში 2016 წელს სწორედ ლევან ვასაძემ მოუყარა. 30-წუთიან გამოსვლაში, რომელსაც მაესტროს ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა, მან, ფაქტობრივად, ყველაზე დიდი დრო დასავლეთის დისკრედიტაციასა და იმის მტკიცებას დაუთმო, თუ როგორ მყარდება "ლიბერალების ტოტალიტარული დიქტატურა" საქართველოსა და მსოფლიოში. თუმცა მანამდე მის თანამოაზრეებს შეახსენა, "ქრისტიანული რუსეთი და ქრისტიანული საქართველო", რომლებმაც ერთად დაამარცხეს "დასავლეთიდან მოსული ფაშიზმი და კომუნიზმი".

პრორუსული ნარატივით მოწამლული იდეების გაჟღერების პარალელურად, მას არ დავიწყებია გაეკრიტიკებინა წინა ხელისუფლება, რომელმაც მისი მტკიცებით, კიდევ უფრო მეტი ტერორი დაატეხა ჩვენს ქვეყანას თავზე.

"ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების ნაცვლად, მივიღეთ დასავლეთისაგან დასპონსორებული 2003 წლის ვარდების რევოლუციის პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც საკუთარი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ციხეში ჩასვა 330 000 ადამიანზე მეტი, ჩვენი ზომის ქვეყნისათვის ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის 7,5%-ზე მეტი მოხვდა ციხეში ამ ცხრა წლის განმავლობაში".

რელიგიის თავისუფლების ნაცვლად კი, მისი მტკიცებით, მივიღეთ დასავლეთისგან დასპონსორებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ "ისედაც გაწამებული საქართველოს" ეკლესიაზე განხორციელებული მუდმივი შეტევები და "ახალგაზრდა თაობა, რომელსაც არ გააჩნია განათლებისა და დასაქმების ალტერნატიული წყაროები და რომელიც, 30 ვერცხლის სანაცვლოდ იზრდება ანტიტრადიციული ცინიზმის სულში და ილუზიორული თავისუფლების ყალბ დაპირებაში".

დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას ვასაძემ 26 მაისისა და 7 ნოემბრის დარბეული აქციების ფოტოებიც აჩვენა და განაცხადა, რომ ეს იყო "დასავლეთიდან დასპონსორებული ლიბერალიზმი". მან 2013 წლის 17 მაისის მშვიდობიანი აქციის სასულიერო პირებისა და მრევლის მიერ ძალადობრივი დარბევის გამო შეშფოთებული დასავლელი ელჩებიც გააკრიტიკა.

"მეორე დღეს, 26 მაისს ყველა დასავლელი ელჩი ედგა სააკაშვილს გვერდზე და არცერთ მათგანს არ უთქვამს პროტესტის არცერთი სიტყვა. ორი წლის შემდეგ, დასავლეთმა მხარი დაუჭირა ანტიტრადიციული ფასეულობების პროპაგანდის კიდევ ერთ მცდელობას საქართველოში მაგავე გამზირზე და როდესაც ჩვენი საზოგადოება დაუპირისპირდა ამ მცდელობას და გაყარა უსირცხვილო პროპაგანდისტები, მადლობა ღმერთს მათი მხრიდან მსხვერპლის გარეშე, დასავლელი ელჩების იგივე გუნდი ერთხმად აყვირდა შეშფოთებული იმით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ მიიღო შემოთავაზებული უსირცხვილობის აღლუმი".

ვასაძეს არ დავიწყებია ხოტბა შეესხა მოქმედი ხელისუფლებისთვის, რომლის თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი რომ ჰქონდა, გაჟონილი დოკუმენტებიდანაც იკვეთება. მისი თქმით, წინა ხელისუფლების "ტერორის" მიუხედავად, ქართველებმა გააგრძელეს ბრძოლა "სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ", რომელიც 2012 წლის არჩევნებში შეცვალეს.

"ახალმა ხელისუფლებამ დანერგა ძალიან წარმატებული ჯანდაცვის რეფორმა, საფლავიდან ააყენა ჩვენი მეურნეობა, მრავალი სასიკეთო ინიციატივის მეშვეობით, დანერგა შთამბეჭდავი მექანიზმები ბიზნესისა და წარმოების მხარდასაჭერად, მნიშვნელოვნად შეამცირა ელიტარული კორუფცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი".

ბოლოს, როგორც "გულგაცურებულმა კრიტიკოსმა", დასავლეთს მიმართა და მათ რამდენიმე მოთხოვნა წამოუყენა:

"შეწყვიტეთ ეს სიგიჟე ახლავე; აღარ ჩაერიოთ ამ სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში; შეწყვიტეთ ჩვენს ეკლესიასა და ოჯახზე გამუდმებული შეტევების დაფინანსება ასობით თქვენი არსამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით; მოიხადეთ ბოდიში, ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის და ბარაკ ობამას განცხადებების გამო, იმის შესახებ, რომ თურმე ეროვნული ტრადიციები აღარ არის მნიშვნელოვანი და რომ თურმე აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ყოფილა მამათმავლობის მხარდაჭერა მთელს მსოფლიოში; ახლავე შეწყვიტეთ ეს კულტურული ომი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, თორემ თქვენ დაკარგავთ არა მხოლოდ საქართველოსა და მთელ მსოფლიოს, არამედ თქვენს ქვეყნებსაც [...] გახსოვდეთ, რომ საქართველო არის ოჯახი და აღარასოდეს შეეხოთ მას არაფრით, გარდა პატივისცემისა", — ასე დაასრულა სიტყვით გამოსვლა ვასაძემ.

სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, პრორუსი პოლიტიკოსი, იგორ დოდონი. ბოლო არჩევნებში ის მაია სანდუმ ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სანდუმ ისაუბრა იმ გამოწვევებსა და სისტემურ ხარვეზებზე, რომელიც ქვეყანაში დოდონის პრეზიდენტობის დროს ჩამოყალიბდა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს არსებულ კორუფციასა და ოლიგარქიულ სისტემას ქვეყანა ბევრი წელი ჰყავდა ჩათრეული.

იგორ დოდონი

ფოტო: Facebook / მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi

"რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა ბრიუსელში. მოლდოვას აკლდა უკვე ის საფუძემდებლო საკითხები, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზეა მნიშვნელოვანი. ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც ჩვენ აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების გამოყენების საშუალებას. დასჯის ან სანქციების გარეშე მოდლოვამ დაკარგა რეპუტაცია, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი, ჩვენ აღარ მიგვიჩნევდნენ იმ ქვეყნად, რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შემსრულებელი იყო", — აცხადებდა სანდუ.

თბილისში სცენა დაუთმეს ქორწინების ეროვნული ორგანიზაციის თანადამფუძნებელს, ბრაიან ბრაუნსაც. ის 2007 წლიდან აქტიურად ეწინააღდმეგება ლგბტ ქორწინების დაკანონებას ამერიკაში. მისი ორგანიზაციის მისიაა "დაიცვას ქორწინება და საზოგადოების რწმენა". 2013 წელს ის გაემგზავრა მოსკოვში, რათა მხარი დაეჭირა კანონპროექტისთვის, რომელიც გეი წყვილებს რუსი ბავშვის აყვანას უკრძალავს.

ლარი ჯეიკობსი

ფოტო: Facebook / მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi

ბრაიან ბრაუნი

ფოტო: Facebook / მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi

კონფერენციაზე ისაუბრეს ისეთმა ანტი-ლგბტ კამპანიის ლიდერებმაც, რომლებიც სხვა მოწვეული სპიკერების მსგავსად, რუსეთთან დაკავშირებულები არიან, მათ შორის, ლარი ჯეიკობსი, რომლის აზრითაც, "რუსეთი მსოფლიოს იმედია", ალექსეი კომოვი, რომელიც კონგრესის ოფიციალური წარმომადგენელია რუსეთში და პირდაპირ დაკავშირებულია ევრაზიული იდეისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგთან, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ ალექსანდრ დუგინთან.

სიტყვით გამოვიდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც და ისაუბრა, რომ ოჯახი ქალისა და კაცის კანიონიერი კავშირია, რომელიც კაცობრიობამ არ უნდა დაკარგოს.

"საქართველო დღეს დგას მრავალი პრობლემის წინაშე, გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ, ამავე დროს, გადადგმულია ბევრი დიდი ნაბიჯი უკან — ზნეობაში. კონგრესი ოჯახის შესახებ ეს არის მნიშვნელოვანი მოპოვება კაცობრიობის. ესე იგი, დღეს ერთ-ერთი მძიმე პრობლემა დგას კაცობრიობის წინაშე, როგორც ამბობს ერთ-ერთი ინდური ლექსი — "დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი". მართლაც, დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმა დაკარგა ის თავისი მნიშვნელობა, რომელიც უნდა ჰქონდეს მას", — თქვა ილია მეორემ.

შეფასებები

"ოჯახის სიწმინდის დღე", 2016 წლის 17 მაისი.

ფოტო: Facebook / მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi

მითების დეტექტორი ოჯახების მსოფლიო კონგრესზე 2018 წელს წერდა, რომ ეს ორგანიზაცია ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის აღვივებს.

"მისი მისია მსოფლიო მასშტაბით "ბუნებრივი ოჯახის" დაცვის სახელით, ლგბტ უფლებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მდგომარეობს. კონგრესის მიერ "ბუნებრივი ოჯახი" განისაზღვრება, როგორც ქმრის, ცოლის და მათი ბიოლოგიური შვილისგან შემდგარი ერთობა", — ნათქვამია განცხადებაში.

მითების დეტექტორი საუბრობს 2014 წელს ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფის მიერ საბერძნეთში რუსეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომლის, გეორგი გავრიშის ელექტრონული ფოსტიდან გაჟონილ დოკუმენტებზე, რომლის მიხედვითაც, გავრიშის აქტიური მიმოწერა ჰქონდა დუგინთან, რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევთან და ალექსეი კომოვთან. მათი განცხადებით, მიმოწერით დასტურდება, რომ კომოვი და მალოფეევი აქტიურად ცდილობდნენ აშშ-ის პოლიტიკურ და სამართლებრივ დისკურსზე გავლენის მოხდენას. ოჯახების მსოფლიო კონგრესის ქსელი კი წარმოადგენდა ერთგვარ "რბილი ძალის" პლატფორმას რუსი ოლიგარქების ინტერესებისთვის.

"ოჯახის სიწმინდის დღე", 2016 წლის 17 მაისი

ფოტო: Facebook / მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi

ამასთან, 2016 წელს უფლებადამცველი ორგანიზაციები კონგრესზე გაკეთებულ განცხადებებზე ამბობდნენ, რომ ის პირდაპირ ემთხვეოდა რუსეთი ხელისუფლებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის რიტორიკას.

წაიკითხეთ ასევე: