დაუსრულებელი თავდასხმები გოგოობაზე
კულტურა, რომელშიც სექსუალური შევიწროება ნორმადაა ქცეული, გოგოებს ჯერ კიდევ მოზარდობისას აცნობს თავს; გაკვეთილი კი, რომელსაც ის ასწავლის, მათ მთლიან ცხოვრებას აჩრდილად მიჰყვება. The Atlantic-ის ჟურნალისტი, სოფი გილბერტი მელისა ფებოსის წიგნის, გოგოობის კითხვისას განცდილ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
მელისა ფებოსი თავის ესეების კრებულში წერს, რომ "გოგოობა მრავლისთვის იმაზე ბნელი დროა, ვიდრე ჩვენ ვაღიარებთ ხოლმე". საერთო უხერხულობის განცდას ის იმ ნაცნობი სიტუაციების კოლაჟით ქმნის, რომლების გავლაც ქალად გახდომის ერთგვარი რიტუალია. ეს სცენები ერთი მეორისგან დამოუკიდებელი და, ამასთან, საკუთარი თავის მიუღებლობის ძაფებით ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია. გარკვეულწილად, წიგნი ცნობიერიდან ნახევრადგანდევნილი ისეთი ძალადობრივი თუ შეურაცხმყოფელი შემთხვევებით აწყობილი მიმის მსგავსად იკითხება, რომლებშიც ძალაუნებურად უნდა ამოიცნო ისტორიები საკუთარი წარსულიდან: "დაითაგე თავი. მე მოზარდობისას სექსუალურად შემავიწროვა ჩემმა შუახნის უფროსმა. ასევე, სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე ვიღაც ამედევნა და საკუთარი სურვილის წინააღმდეგ დავთანხმდი ისეთი რაღაცების გაკეთებას, რაც უარეს შედეგს ამარიდებდა თავიდან".
ფებოსი მათრობელი მწერალია, თუმცა ყველაზე მეტად მადლიერი მის მიერ აზრთა გადმოცემის სიცხადისთვის ვარ. ის ამბობს, რომ გოგოობის პერიოდში "ვსწავლობთ, როგორ გავითავისოთ ჩვენ შესახებ მოყოლილი ამბავი იმაზე, თუ რა არის ჩვენი ღირებულება, რა არის სილამაზე, რა არის საზიანო, რა არის ნორმალური — და როგორ დავაყენოთ სხვისი გრძნობები, კომფორტი, შეხედულებები და ძალაუფლება საკუთარზე მაღლა".
იმ კვირის განმავლობაში, როცა წიგნს ვკითხულობდი, ატლანტაში შვიდი ქალი და ერთი კაცი მოკლა კაცმა, რომელსაც, როგორც ჩანს, იმდენად სძაგდა თავისი სურვილი ქალებისადმი, რომ გადაწყვიტა, ზოგიერთი მათგანი მოეკლა და ამგვარად საკუთარი კომფორტი მათ სიცოცხლეებზე მაღლა დაეყენებინა. იმავე კვირაში დოკუმენტი გასაჯაროვდა, რომელშიც აღწერილი იყო გაუპატიურების, ძალადობისა და შევიწროების ასობით ეპიზოდი, რომელიც ლონდონში, ჩემს სკოლაში და მის მომიჯნავე სასწავლებელში მოხდა. დოკუმენტი, რომელიც ღია წერილის სახით მიემართებოდა დალვიჩის ვაჟთა სკოლის დირექტორს, სავსეა ძალადობის ისტორიებით, რომლებიც გოგოების მიერ მინიმიზებული იყო, რადგან, ფებოსის მსგავსად, მათაც ძალიან ადრე ასწავლეს, რომ ბიჭები რეალობისგან და მათი ქმედებების შედეგებისგან უნდა დაეცვათ. დოკუმენტი მტკივნეულად მოცულობითია. თითოეული ამბავი გულზე მომხვდა და უსარგებლო ბრაზით ამავსო.
სკოლის დირექტორმა წერილს იმით უპასუხა, რომ მასში აღწერილი ამბები და დამოკიდებულებები დაგმო, ამის შემდეგ კი კონკრეტული სტუდენტების წინააღმდეგ სარჩელები პოლიციას გადასცა. ეს ისტორიები თანხვედრაშია ჩემს და ჩემი ნაცნობი იმ ქალების გამოცდილებებთან, რომლებიც ბოლო სამი ათწლეული ჩემს სკოლაში სწავლობდნენ. დოკუმენტი გაჯერებულია მიმღებლური ტონით — თითქოს რაღაცები, უბრალოდ, ასეა და მათი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არაფრისმომცემია. "თავს ვაჩვენებდი, თითქოს მეძინა, რადგან არ მინდოდა, სულელური მიზეზის გამო თავი უხერხულ სიტუაციაში ჩამეგდო", — იხსენებს გოგო, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სახლის წვეულებაზე გონების დაკარგვის მერე საძინებელში მის გარშემო ბიჭები შეკრებილიყვნენ.
ფებოსი ამბობს, რომ ისტორიები, რომელთა გათავისებასაც გოგოებს ასწავლიან, სრულიად ალოგიკურია. იმისთვის, რომ მათი ინტერნალიზება შეძლო, ამ ნარატივს მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გიბეჭდავდნენ თავში და, ამასთან, შენ გარშემო არავინ უნდა იყოს ისეთი, ვინც საპირისპიროს გეტყოდა. მე 20 წლის წინ დავამთავრე სკოლა, თუმცა რამდენადაც შემიძლია თქმა, ის კულტურა, რომელიც მახსოვს, შეუცვლელადაა შენარჩუნებული — იმ განსხვავებით, რომ ახლა მათ, ვისაც ძალადობის ჩადენა ნორმად ჩაუნერგეს, ამის გაკეთების უფრო მეტი საშუალება აქვთ. როცა 16 წლის ვიყავი, ტექსტური შეტყობინებები იმდენად ახალი რამ იყო, რომ სპეციალურად უნდა მოგეთხოვა მობილურში ამ ფუნქციის მიღება. ერთი კვირაც არ იყო გასული მისი გააქტიურებიდან, რომ ჩემი პირველი შეყვარებულის — ჰოკეის გუნდში მოთამაშე თავგასული ტიპის — მეგობრებმა გრამატიკული შეცდომებით სავსე შეტყობინება გამომიგზავნეს, სადაც ფრიგიდულ ძუკნას მიწოდებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მასთან არ ვწოლილვარ და დეტალურად აღწერდნენ, რამდენად შორს წავიდა სიტუაცია სხვა გოგოსთან, რათა ის მიეღო, რისი სრული უფლებაც ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ შესძლებოდათ, ამის მტკიცებულებასაც გამოგზავნიდნენ.
ათი წლის შემდეგ, როცა ჩემი და დადიოდა იმავე სკოლაში, მითხრა, რომ შიშველი ფოტოებით რევანშისტული შანტაჟი ისევე ფარულად და გამანადგურებლად იყო შეჭრილი მათ ყოველდღიურობაში, როგორც ჩრჩილი ტანსაცმლის კარადაში. ქალთმოძულეობა ყოველთვის ამოავსებს ყველა იმ სივრცეს, რომელსაც მისთვის გამოათავისუფლებ. უსამართლობაა, გოგოებს მოვთხოვოთ მისი შეჩერება.
გოგოდ ყოფნა ნიშნავს, იყო აბსოლუტურად დაუცველი მტაცებლის წინაშე: იქნება ეს სექსუალური, ემოციური და ინტელექტუალურიც კი. ეს მხოლოდ ერთ სკოლას არ ეხება, ბოლო კვირების განმავლობაში სხვებმაც აქტიურად დაიწყეს სტუდენტების მიერ წაყენებული ბრალდებების განხილვა. მეტი სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ კულტურული თუ ინსტიტუციონალიზებული ქალთმოძულეობა ქვიარ ადამიანებსაც საფრთხეში აგდებს — განსაკუთრებით, ფერადკანიანებს. დალვიჩის დოკუმენტში მთლიანი მონაკვეთი ეთმობა იმას, თუ როგორ ახალისებს ზოგიერთი მოსწავლის "დისკრიმინაციული მსოფლმხედველობა" ჰომოფობიურ და რასობრივ ძალადობას. ისეთი სპეციფიკური გაკვეთილების არარსებობა, რომლებმაც თვითღირებულებისა და თვითმყოფადობის მნიშვნელობა უნდა გაგვააზრებინოს, გაცილებით ამარტივებს ზოგიერთი ბიჭის მიერ გამოთქმული იმ მოსაზრების ინტერნალიზებას, რომლის თანახმადაც, მათ ყველაფრის უფლება აქვთ.
მოზარდობისას ჩვენ გვასწავლეს, პრეზერვატივი როგორ გაგვეკეთებინა ბანანისთვის, თუმცა არავის უსწავლებია, როგორ ვთხოვოთ ბიჭს მისი გამოყენება. ჩვენ გვასწავლეს ტრიგონომეტრია, კატულუსი და ფემინიზმის ისტორია, თუმცა არ უსწავლებიათ, თანასწორობის იდეით როგორ უნდა გვესარგებლა ყოველდღიურ სოციალურ სიტუაციებში, სადაც ჩვენ მოსანადირებელ ობიექტად აღვიქმებით. ჩვენ ასევე გვასწავლეს, რომ უნდა შეგვრცხვეს ფრიგიდულობის გამო და მარტივად მოსაპოვებელ ნადავლად ყოფნის გამოც — ამგვარი მოთხოვნა, ფაქტობრივად, საარსებო არეალს არ ტოვებს. ფებოსი შესავალში აღნიშნავს, "ამ ინდოქტრინაციის გაუვნებლებას შეუძლებლად ვთვლიდი. ის, რომ მისი არსებობის შესახებ ვიცოდი, საკმარისად არ მიმაჩნდა. თუმცა მერე აღმოვაჩინე, რომ მისი გაუვნებლება იმაზე მეტად შესაძლებელია, ვიდრე მეგონა".
ჰენრი დევიდ ტორო წერს, რომ პროგრესს მაშინ განვიცდით, როცა "ცოდნას გადავაფასებთ და თავიდან ვისწავლით იმას, რაც გვეგონა, რომ აქამდე ვიცოდით". ქალური მოზარდობისთვის ნიშნეული მტრული გარემოს შესახებ ტოროს მსგავსი სიღრმის აზრი სხვაგან არსად გამოუთქვამს. გოგოობა სწორედ აქამდე არსებული ცოდნის გადაფასებას ეხება. ფებოსი მემუარისტია, რომლის წინა წიგნებში, მიმატოვე და მათრახივით გამჭოლი, მკითხველი მისი პროფესიული დომინატრიქსობის, მწერლობის და ჰეროინზე დამოკიდებულების ისტორიას ეცნობა. თუმცა, გოგოობა ჩემთვის ტრაქტატი უფროა. ის გამომძიებლური და კატალიზურია — ის იმდენად პირდაპირ ცვლილებას არ ითხოვს, რამდენადაც ამხელს უსამართლობას; თანაც ისე მკაფიოდ, რომ კიდევ ერთი წუთიც და მისი ატანა შენთვის შეუძლებელი ხდება.
როცა ფებოსი 11 წლის იყო, მისმა სხეულმა შეცვლა დაიწყო. "გარდატეხის ასაკამდე სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან ყოყმანისა და უხერხულობის გარეშე ვურთიერთობდი", — წერს ის და ურთავს, რომ ფიზიკურმა მეტამორფოზმა მისდამი ხალხის დამოკიდებულება შეცვალა. დედამისმა წიგნი მიუტანა — რა ემართება ჩემს სხეულს? წიგნი გოგოებისთვის — რომელიც ჰორმონალურ ცვლილებებს ხსნიდა, თუმცა, როგორც ფებოსი წერს, იმას არა, თუ "რატომ მაყოლებდნენ კაცები თვალს გამვლელი მანქანებიდან, როცა აქამდე მათთვის სრულიად შეუმჩნეველი ვიყავი". ან რა იყო იმის მიზეზი, რომ უფროსი ბიჭი ავტობუსის გაჩერებიდან რამდენჯერმე აედევნა და შეაფურთხა. ან რატომ გაყვა 25 წლის კაცი აბაზანაში. ფებოსი აშკარა მსხვერპლია — ბავშვი, რომელსაც ძალაუფლება არ აქვს. იმ დროს, მისი მეგობრების გადმოსახედიდან, მისი შეცვლილი სხეული იყო პასუხისმგებელი მომხდარზე და ამის გამო შერცხვენასაც იმსახურებდა. ეს სცენა ცხადყოფს, რამდენად მზაკვრულად ატრიალებს ბავშვური ლოგიკა მოვლენების რეალურ არსს, რაც ძალადობის წრიული ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლად გვევლინება.
ამგვარი ამოყირავებული ლოგიკა ფონად გასდევს დალვიჩის კოლეჯის ბიჭების მიერ ჩადენილს. ერთი გოგო იხსენებს, რომ 13 წლის ასაკში წვეულებაზე წავიდა, სადაც ბიჭები გოგოებს სასმლის დალევისკენ აქეზებდნენ იმის მიუხედავად, რომ იქამდე ალკოჰოლი იშვიათად გაესინჯათ. "ცოტა ხანში ზეწოლა ვიგრძენი და არსებითად იძულებული გავხდი, რომ ერთ-ერთ მათგანთან მე და ჩემს მეგობარს ორალური სექსი გვქონოდა. ახლა ჩვენ ორივეს საშინლად გვახსენდება ეს, მაგრამ იმ დროს მსუბუქი ყოფაქცევის მქონეს იარლიყი მოგვეკერა და გვეგონა, ამას ვიმსახურებდით", — წერს ის. ქალწული-ბოზის გასაოცრად მოკლე კონტინუუმზე ახლაც არის და ყოველთვის იყო გოგოებისთვის გამზადებული ხაფანგი: მათ არცხვენენ, რომ გააკეთონ ის, რაც არ სურთ და შემდეგ ამის გაკეთების გამოც არცხვენენ. კიდევ ერთი გოგო, რომელიც სექსზე დასათანხმებლად ზედმეტად მთვრალი იყო, ამბობს, რომ ბიჭმა გააუპატიურა, მოგვიანებით კი თავის მეგობრებთან არცხვენდა მას სიზარმაცის გამო, რადგან ის "ზემოდან არ მოექცა". როცა ამას ვკითხულობდი, სამეფო კარის თამაშების პირველი სეზონი გამახსენდა; კონკრეტულად ის, თუ როგორ ცდილობდა დეინერის ტარგარიენი გაუპატიურებისას მოძალადისთვის უფრო მეტად ესიამოვნებინა და ამით მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინა.
იმ კულტურული ნამუშევრებიდან სწორი გაკვეთილების გამოტანა, რომლებიც გოგოობას გვასწავლიან, შეუძლებელია; არადა, ისინი ჩვენი ყველაზე გავლენიანი მასწავლებლები არიან. ფებოსი გულდასმით განიხილავს ფილმებს, რომელიც ქალებს ასწავლის, რომ დევნა ერთგულების ჟესტად უნდა მიიღონ. 2004 წელს, როცა ის ბრუკლინში ცხოვრობდა, ერთ ღამეს, შუა კითხვისას საძინებლის ფანჯრიდან კაცის ხმა გაიგო. "ლამაზო გოგო, შენს თავს ეხები?" — ამბობდა ხმა. ფებოსი ადგილზე გაიყინა; პულსი აუჩქარდა; გაიაზრა, რომ კაცი ვერაფრით დაინახავდა მას ფანჯრის მიღმა, რომელზეც ფარდა იყო ჩამოფარებული. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უცნობი მას დიდ ხანი იყო, რაც უთვალთვალებდა და იცოდა მისი ვინაობა. დაფიქრდა, წარსულში რა გაეკეთებინა ისეთი, რაც კაცის ყურადღებას მიიქცევდა. "როგორ თავხედურად გაუფრთხილებლად მოვიქეცი, როცა შიშველი ვიდექი ჩემს საკუთარ საძინებელში", — გაეფიქრა მას. "ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ იწვევენ მოძალადეს ქალები სიბნელეში სიარულით, მოკლე კაბებით და დიდი მკერდით", — წერს ფებოსი ირონიით, — "მსხვერპლობის პათოლოგია იმასაც ამბობს, რომ მომხდარის ასახსნელად საკუთარი თავის დადანაშაულება და შერცხვენა, ანუ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ჩემი მხრიდან სიტუაციაზე კონტროლის მოპოვების მცდელობა იყო".
თუმცა შემდეგ ის ბრაინ დე პალმას ფილმზე, მონაცვლე სხეული, დაფიქრდა, სადაც კაცი ფანჯრიდან უთვალთვალებს ქალს, რომელიც ყოველ ღამით საცვლების ამარა ცეკვავს ფანჯრის წინ. ეს ვუაიერისტული ქმედება ფილმში წარმოდგენილია როგორც სათანადო პასუხი ქალის პერფორმანსზე და არა — როგორც ძალადობა. ასეთი ნარატივი, რომელიც აბსურდულადაა გავრცელებული კულტურაში, კაცებს დანაშაულზე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, წერს ფებოსი: "თუ ეს თავად გვინდა, სადღაა დანაშაული?" ის სხვა ისეთ ფილმებსაც განიხილავს, სადაც იგივე საზიანო მითია გამოყენებული — სულელების შურისძიება, ამერიკული სილამაზე, ცხოველების სახლი, პორკი და მეზობელი გოგო. "რამდენად ძლიერია გზავნილი, რომ შენი სხეული ყველა გამვლელი კაცისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამის გაპროტესტება თავად შენ მოგიტანს დისკომფორტს. სჯობს, მოითმინო. დაივიწყე ის, როგორც რაღაც უმნიშვნელო; ისე მიიღე, როგორც ხუმრობა, პრივილეგია ან თუნდაც სიყვარულის დასაწყისი", — აგრძელებს ფებოსი ასევე ირონიით.
სხვა რა არის შიშველი სხეულის ფოტოების მოთხოვნა, თუ არა იმის დაჯერების იძულება, რომ ქალები კაცების სიამოვნებისთვის უნდა აკეთებდნენ ყველაფერს — თანაც, ამის სურვილი თავადაც უნდა ჰქონდეთ? დალვიჩის კოლეჯის დოკუმენტში ერთი გოგო იხსენებს, რომ როცა ბიჭთან სექსი ჰქონდა, შემობრუნდა და დაინახა, რომ ის მისი ნებართვის გარეშე ვიდეოს უღებდა. "ტირილი დავიწყე და თავი კიდევ უფრო უხერხულად ვიგრძენი. იმის შემეშინდა, რომ ამ ვიდეოთი ჩემზე ძალაუფლება მოიპოვა", — წერს ის. სხვა გოგო იხსენებს, თანხმობის გარეშე როგორ გადაუღეს "კომპრომატულ" პოზაში ვიდეო წვეულებაზე და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელეს: "ამის შემდეგ წარმოუდგენლად პარანოიდულად ვიყავი განწყობილი ნებისმიერი ინტიმური სიტუაციის ან წვეულების მიმართ. მეგონა, ვეღარ ვისიამოვნებდი იმის შიშის გარეშე, რომ ვინმეს შეიძლება ეყურებინა ან დაეცინა".
როცა ამ ისტორიებზე ვფიქრობდი, ჩემს დას ვკითხე, თუ ახსოვდა რაიმე გაკვეთილი, რომელზეც მათ თანხმობის მნიშვნელობის შესახებ ასწავლეს. მითხრა, რომ ასეთი რამ არ ახსენდება და იგივე თავისი მეგობრის დას ჰკითხა, რომელმაც სკოლა სამი წლის წინ დაამთავრა. ვერც მან შეძლო მსგავსის მოგონება, თუ არ ჩავთვლით ერთ ვიდეოს ამ თემაზე, რომელსაც განხილვა არ მოჰყოლია (ბოლო კვირების განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში რამდენიმე პეტიცია შეიქმნა, სადაც მთავრობას უკეთესი სასწავლო გეგმის შემუშავებას სთხოვდნენ თანხმობის მნიშვნელობის, სექსუალური ძალადობის და შევიწროების შესახებ). ჩემმა დამ ერთი უცნაური გაკვეთილი კი გაიხსენა, როცა პოლიციელები სკოლაში კიბერუსაფრთხოების შესახებ სასაუბროდ მივიდნენ. შეკრებილ გოგოებს უთხრეს, რომ წარმოედგინათ, თითქოს ინტერნეტით ვინმე ნადიას — სავარაუდო თანატოლს ესაუბრებოდნენ. მოულოდნელად აუდიტორიის უკანა კარიდან ფარულად შემოსულმა კაცმა მუქარანარევი ტონით თქვა, რომ ის იყო ნადია. ეს რომ მოვისმინე, სიცილი ვერ შევიკავე. ეს ზუსტად იმ ტიპის იაფფასიანი სცენარია, რომლის მოფიქრებაც პოლიციელებს მოუვიდოდათ თავში მოზარდი გოგოების შესაშინებლად, თავად გოგოებზე კი არანაირ კვალს არ დატოვებდა. ეს ისედაც ხომ ბუნებრივია — ვინ ენდობა ნადიას, რომელსაც არასდროს შეხვედრია?! თუმცა ბევრად უფრო რთულია, არ ენდო შენს ნაცნობებს, ვისთან ერთადაც გაიზარდე. ეს რომ გააკეთო, ნიშნავს უარყო შენი ინსტინქტები, მთელი შენი არსებობის ისტორია. მე ეს დღემდე მიჭირს. და უკვე ძალიან დავიღალე.
სკოლა ის ადგილია, სადაც საკუთარ ღირებულებას შეიცნობ. ამაში არ იგულისხმება ადამიანის რეალური ღირებულება, რომელიც ბევრად უფრო კომპლექსურია, არამედ — შენი სოციალური ღირებულება, სხვების შეფასება, რომელიც თავისი არსით ნაკლოვანია, თუმცა ზრდასრულ ასაკშიც კი რთულია მისგან გათავისუფლება. ეს სოციალური კონსტრუქტია, ხაფანგია. ფებოსი ფუკოს პანოპტიკონს, ლორა მალვის კაცის მზერის იდეას და ჯონ ბერგერის დანახვის გზებს იშველიებს იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ გამუდმებით აკვირდება მსოფლიო ქალებს და ამის საპასუხოდ ხშირად როგორ იწყებენ ქალებიც თავიანთ თავებზე იმავე დეფექტური ლინზიდან დაკვირვებას, რომელიც მათ უღირსებად წარმოაჩენს. ფებოსი წერს, რომ ამგვარი თვითაღქმა "მექანიზმის განუყოფელი ნაწილია, რომელიც საკუთარი თავის გაორებულ სურათს მანახებდა, როცა თერთმეტის ვიყავი, როცა თოთხმეტის ვიყავი, როცა ოცდასამის ვიყავი".
ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საკმარისია. კაცის სიამოვნება არ არის უზენაესი. ბიჭებმა არ უნდა გააგრძელონ გოგოების დაცინვა და იმის გაკეთების იძულება, რაც მათ არ სურთ. ბიჭებს არ უნდა უნდოდეთ ამის კეთება. არ უნდა იყოს საამაყო გოგოების უსუსურ მდგომარეობაში ჩაგდება და არც დაშანტაჟებით შიშველი სხეულის ფოტოების გამოგზავნინება. ჩვენ გოგოებს უნდა ვასწავლოთ, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა მათ, ვინც სიცრუეს ავრცელებს იმაზე, რომ "ქალის სხეულები არსებითად ნაკლოვანი, ესთეტიკურად დეფექტიანია... რომ ჩვენ ზედმეტად დაბლები, მაღლები, მსუქნები, გამხდრები, ხისტები, თავისუფლები, თამამები, თავდაჯერებულები, სუსტები ან ძლიერები ვართ", — წერს ფებოსი. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, "რატომ აყენებენ კაცები და ქალები კაცების კომფორტს და კეთილდღეობას ქალის უსაფრთხოებაზე, კომფორტზე და მისი სხეულებრივი გამოცდილების მნიშვნელობაზე მაღლაც კი".
ამ ყველაფრის გაკეთება მარტივი არ არის. თვითშეფასების დადგენილი, არასწორი მაჩვენებელი ვერაგი და საზიანოა. აუდიტორიის უკანა კარიდან შემოხტომა უფრო მარტივია, ვიდრე თანხმობისა და საკუთარი თავის სიყვარულის შესახებ ნიუანსების სწავლება. თუმცა მოზარდობის შესახებ გაკვეთილების ცვლილება აუცილებელია. მე არასდროს დამჭირვებია ტრიგონომეტრია და ბოლო დღეებში კატულუსიც არ შემხვედრია კროსვორდებში, თუმცა ფებოსის განათლება ზუსტად ისაა, რასაც აუცილებლად გამოვიყენებდი.
კომენტარები