ავსტრალიელმა ასტრონომებმა სივრცეში მოტივტივე ელექტრონების ღრუბელი აღმოაჩინეს, რომელიც ორი მოჩვენების კოსმიურ ცეკვას მოგაგონებთ.

რეი ნორისმა, დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერების სკოლის ასტრონომმა და პროფესორმა, Cosmos Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიით ახსნა, თუ როგორ აღმოაჩინა მისმა გუნდმა ორი რადიოგალაქტიკა, თითოეული მათგანის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელით. სტატიაზე დაყრდნობით, შავი ხვრელები "ელექტრონთა ნაკადს ისვრის, რომელიც გალაქტიკათშორის ქარში მეტისმეტად უცნაურ ფორმებს იღებს", რაც შედეგად ჰაეროვან სანახაობას წარმოგვიდგენს.

მეცნიერების აზრით, ელექტრონთა ნაკადები (მორკალული ისრებით აღნიშნული) მოცემული ორი გალაქტიკაიდან მოედინება, მაგრამ ვარვარის ძაფის (3) წარმომავლობა მათთვის დაუდგენელია.

ფოტო: Jayanne English/EMU/Dark Energy Survey

მოცეკვავე მოჩვენებები დედამიწიდან დაახლოებით მილიარდობით სინათლის წელიწადითაა დაშორებული და სამყაროს ევოლუციური რუკის (EMU) პროექტის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომლის მიზანიც მთელს სამყაროში არსებული 70 მილიონი რადიოწყაროს შესწავლა და აღწერა გახლავთ.

ასევე იხილეთ: ამოუცნობი წრიული ობიექტები კოსმოსში, რომლებიც რადიოტალღებს ასხივებენ — კვლევა.

ნორისზე დაყრდნობით, ამისათვის EMU-ის პროექტი ახალ ავსტრალიურ რადიოტელესკოპს (ASKAP) იყენებს, რომელიც ასტრონომებს საშუალებას აძლევს, "იმაზე საფუძვლიანად დააკვირდნენ სამყაროს, ვიდრე რომელიმე სხვა ხელსაწყოთი შეძლებდნენ".

"როცა თამამად გადაკვეთ ზღვარს, რომლის მიღმაც არცერთ ტელესკოპს გაუღწევია, დიდი შანსია, რამე ახალი აღმოაჩინო", — თქვა მან.

მოცეკვავე მოჩვენებები EMU-ის პროექტის ერთადერთ გასაოცარი აღმოჩენა არ ყოფილა — გუნდმა საიდუმლოებით მოცულ რადიო გამოსხივებათა სერიასაც მიაგნო, რომელიც გალაქტიკებს მილიონობით სინათლის წელიწადის მანძილზე მოიცავს.

"უცნაურ რადიო წრეებად" (ORC) დაკვიდრებისდა მიუხედავად, ფენომენი მკვლევართათვის კვლავაც დიდ საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა, ნორისის თქმით, მისი წარმომავლობის დასადგენად ისინი "გააფთრებულები" მუშაობენ.

EMU-ის პროექტი კვლავაც მიმდინარეობს, ამიტომაც დარწმუნებული იყავით, რომ ასტრონომები მომავალში მეტად საოცარი და თვალისმომჭრელი მიგნებებით გაგვანებივრებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.