"რატომ უნდა დავრჩე უმუშევარი ასაკის გამო?" — როცა საქმიანობის გაგრძელებაზე უარს ასაკის გამო გეუბნებიან
მედეას და ირაკლის ბევრი საერთო აქვთ. მათ ძალიან უყვართ საკუთარი საქმე, თუმცა ასაკის გამო, გარკვეული პერიოდის შემდეგ, აღარ აქვთ უფლება, იმუშაონ. კანონმდებლობა მათი პროფესიებისთვის ზღვრულ ასაკს აწესებს, რომლის მიღწევის შემდეგ სამსახურიდან თავისუფლდებიან.
დღეს საკუთარ უფლებებს ორივე საკონსტიტუციო სასამართლოში იცავს და ასაჩივრებს კანონის იმ მუხლს, რომელიც მათ მუშაობის უფლებას უზღუდავს.
მედეა, 65 წლის
მედეა გვაზავა 1999 წლის ბოლოდან ნოტარიუსია. ახლა, როცა კანონით დაწესებულ ასაკობრივ ზღვარს მიუახლოვდა, საქმიანობას ვეღარ აგრძელებს. საკონსტიტუციოში სარჩელი აქვს შეტანილი, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ნორმა დისკრიმინაციულია.
ნოტარიუსისთვის დაწესებული ზღვრული ასაკი 65 წელია. თუმცა როგორც მედეა გვეუბნება, მიმართვის საფუძველზე იუსტიციის მინისტრს შეუძლია, მათ უფლებამოსილება არაუმეტეს ხუთი წლის ვადით გაუხანგრძლივოს.
"ორი პირობაა საჭირო, ერთი — ნოტარიუსთა პალატამ უნდა მოგცეს დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ კარგად მუშაობ, წარმატებული ნოტარიუსი ხარ, არავისთვის ზიანი არ მიგიყენებია და ა.შ., მეორე — პარალელურად მივმართავთ იუსტიციის მინისტრს. მას შეუძლია, დისკრეციული უფლებამოსილება აქვს, პირადად წყვეტს გახანგრძლივების საკითხს".
უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე კანონით მინიჭებული ვადით, მიემართა იუსტიციის მინისტრისთვის, მედეამ ვერ ისარგებლა, ამიტომ ახლა სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოსაც. მიზეზი კანონში არსებული ბუნდოვანი ჩანაწერია.
"კანონით გაწერილი არ არის, რა ვადაში უნდა მივმართოთ იუსტიციის მინისტრს, მაგრამ პრაქტიკაში ხდება ისე, რომ ერთი თვით ადრე ნოტარიუსთა პალატას მივმართავთ, ის ან გვაძლევს რეკომენდაციას, ან არა. შემდეგ მივმართავთ იუსტიციის მინისტრს განცხადების შესახებ და ის იღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ეს არ დამცალდა, რადგან 40 დღით ადრე იუსტიციის მინისტრმა დაწერა ჩემი გათავისუფლების ბრძანება, ანუ მე ვერ ვისარგებლე კანონით ჩემთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, რომ გამეგრძელებინა ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადა. ამიტომ იუსტიციის მინისტრის ეს უკანონო ბრძანება გავასაჩივრე თბილისის საქალაქო სასამართლოში და პარალელურად, შევიტანე სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, იმდენად, რამდენადაც მივიჩნევ, რომ ეს არის არაკონსტიტუციური ნორმა".
მედეას აზრით, როცა კანონი უამრავ საფუძველს ითვალისწინებს, რის გამოც შეიძლება ნებისმიერი ასაკის ნოტარიუსი სამსახურიდან გაუშვა, საპენსიო ასაკის გამო საქმიანობის შეწყვეტა ასაკობრივი დისკრიმინაციაა და ობიექტური მოცემულობებით არ არის განპირობებული.
"არაფერი არ გამიფუჭებია, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე ასაკის გამო კლიენტი არ მყავდა, და საერთოდ, ჩვენი მუშაობა აისახება ჩვენს სანოტარო აქტებში. წაიკითხავ და ნახავ, ნოტარიუსს შეუძლია თუ არა მუშაობა. ეს არგუმენტი მაქვს ზუსტად — გონებრივად, ფიზიკურად შემიძლია, ყველანაირად სურვილი მაქვს, მქონდა გამართული სანოტარო ბიურო, მყავდა ჩამოყალიბებული კლიენტურა.
ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილი ბიუჯეტში შემაქვს, 20% საშემოსავლო, 18% დღგ და ასე შემდეგ, სხვა უამრავი გადასახადი გვაქვს ნოტარიუსთა პალატას. ასე რომ, საკმაოდ დიდი თანხა შეგვაქვს ბიუჯეტში, ისე არ არის, რომ ტყუილად ვართ, სახელმწიფოს ბიუჯეტს ვაწევართ და ვიღებთ რამეს?! პირიქით, ბიუჯეტს ვავსებთ. მერე რა, რომ 65 წლის ვარ? ძალიან ბევრ ნოტარიუსზე მეტ გადასახადას ვუხდი სახელმწიფოს".
1999 წლამდე უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდა. მერე დაიღალა, დროც რთული იყო. პროფესიით იურისტმა გადაწყვიტა ნოტარიუსი გამხდარიყო. ამბობს, რომ ამ საქმეში საკუთარი თავი იპოვა.
"თუ კანონს არ დაარღვევ და იმუშავებ მაქსიმალურად კანონის შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ შეგექმნება. რა თქმა უნდა, სერიოზული სამსახურია ნოტარიუსობა, აქტი უნდა შექმნას ისეთი, რომ არ იყოს რაიმე სადავო, მტკიცებულებითი ხასიათი უნდა ჰქონდეს ჩვენ მიერ შექმნილ აქტებს. მერე თანდათან ამ საქმიანობაში გიყვარდება შენი პროფესია, კლიენტთან ცოცხალი ურთიერთობები, ეს რთული ხელშეკრულებები, ამის განხილვა და ასე შემდეგ".
იმასაც უშვებს, რომ 65 წლისა პენსიაზე გავიდოდა, სახელმწიფო ღირსეულ სიბერეს რომ სთავაზობდეს. მედეა ფიქრობს, რომ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ იურისტებზე ნაკლებად არ უშრომია, თუმცა, ნაკლებად დაუფასდა.
"მოსამართლე მიდის, ღირსეული პენსია აქვს, პოლიციელს, პროკურორს ღირსეული და ნოტარიუსს, რა? 240 ლარი. ახლა აღმოვჩნდი ამ დილემის წინაშე, რომ 240 ლარად, როგორ უნდა ვიცხოვრო? საშინელებაა, იმიტომ, რომ მე მთელი ცხოვრება ვიმუშავე, ჩემი სამსახური ძალიან დაძაბული სამუშაოა, ძალიან შრომატევადია და ამ დროს, ჩვენი შრომა არის აბსოლუტურად დაუფასებელი".
მედეა გვაზავას საქმე საკონსტიტუციომ უკვე განიხილა და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ირაკლი, 46 წლის
ირაკლი მაჭუტაძე 14 წელია, მანდატურია და საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობს. იცოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა უზენაესი სასამართლოს მანდატურების საქმეზე და ნორმა, რომელიც მათ სამსახურში ასაკობრივ შეზღუდვას აწესებს, გააუქმა. ეს გახდა მისთვის სტიმული, თავადაც ებრძოლა მუშაობის უფლებისთვის. ასე გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური საკონსტიტუციო სასამართლოს მოსარჩელე.
ირაკლი ფიქრობს, რომ თუ სამსახურის მიერ მოთხოვნილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ფიზიკურად ჯანმრთელია, მხოლოდ ასაკის გამო უმუშევარი არ უნდა დარჩეს. შესაძლოა, მონაცემებით და ფიზიკური შესაძლებლობებით მასზე ასაკით უმცროს თანამშრომელს სჯობდეს კიდეც და მხოლოდ იმიტომ მოუხდეს სახლში წასვლა, რომ 50 წლის გახდა. მისთვის სამსახური მეორე ოჯახია და იქ თავს ბედნიერად გრძნობს, ამიტომაც იბრძვის იქ დასარჩენად.
"14 წელია აქ მუშაობ და იგივე საქმეს აკეთებ, გიყვარდება... ასაკმა რომ შემზღუდოს და 2-3 წელიწადში მაგის გამო წავიდე, ძალიან გულდასაწყვეტი იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე სარჩელის შემოტანა".
როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მოსაყოლად საინტერესოდ არ ჟღერს, მისთვის ყოველდღიური, რუტინული პროცესები, მაინც ძალიან სასიამოვნოა. ბევრჯერ ჰქონია შანსი, რომ სხვაგან გადასულიყო, თუმცა ამაზე არც უფიქრია.
"მოდიხარ ცვლაში, ამოწმებ გადაბარების ოქმებს, ჩასაბარებელი ინვენტარია თუ სპეცაღჭურვილობა, დატოვებული ან გადასაცემი ხომ არ არის რამე. ამოწმებ, პროცესის დროს ვინ დაიშვება, ვინ შემოდი და რა შემოაქვს. ხალხს ამოწმებ, როგორ შემოდიან, რომ არ შემოიტანონ სხვადასხვა აკრძალული ნივთი, ჩვეულებრივი სამსახურია.
ჩემი თავი ამ პროფესიაში ვიპოვე, სხვადსხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი, სულ სხვა რაღაცებზე, დიდ თანამდებობებზე არა, მაგრამ ჩემთვის თანამდებობა იყო. პატარა ცვლის უფროსი ვიყავი, რაღაც ვიყავი... ეს სამსახური შემიყვარდა, ასე რომ ვთქვათ, ჩემი გახდა, ჩემში დაჯდა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისი საინტერესო ბუნებიდან გამომდინარე. შეიძლება სხვისთვის არაფერი არ იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს არის საუკეთესო სამსახური".
ირაკლის საქმეზე ჯერ განხილვები არ დაწყებულა. ახლა წინასწარ არ ფიქრობს იმაზე, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომ, თუმცა იმედიანადაა განწყობილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილებები ასაკით დისკრიმინაციაზე. სასამართლომ დისკრიმინაციულად მიიჩნია და გააუქმა კანონი, რომელიც ადგენდა 50 წლის ზღვრულ ასაკს საერთო სასამართლოების მანდატურებისა და 75 წლის ზღვრულ ასაკს ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელი პოზიციის დასაკავებლად. თუმცა სხვადასხვა პროფესიაში ეს ჩანაწერი ისევ რჩება, მათ შორის განსაზღვრულია პროკურორის, სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის, მოსამართლეთა და სხვათა ზღვრული ასაკი.
კომენტარები