ერთ-ერთი კვლევისას ქალებმა ერთი შეხედვით ამოიცნეს სოციოსექსუალი კაცები — რას ნიშნავს ეს
სოციოსექსუალობა, იგივე სოციოსექსუალური ორიენტაცია ინდივიდუალური განსხვავებაა, რომელიც ადამიანებში ერთგული ურთიერთობის მიღმა, სხვა ადამიანებთან სექსუალურ აქტივობაში ჩაბმის სურვილს გამოხატავს.
ახალ კვლევაზე დაყრდნობით, ქალებს კაცის დამოკიდებულების განსაზღვრა თავისუფალ სექსუალურ კავშირებთან დაკავშირებით სახის სტრუქტურაზე დაკვირვებით შეუძლიათ, მაგრამ კაცების შემთხვევაში ეს იგივენაირად არ ხდება. კვლევას დიდი შეზღუდვები აქვს გასათვალისწინებელი, მაგრამ ავტორები ირწმუნებიან, რომ მათი ნაშრომი საინტერესო მაგალითს აჩვენებს იმისა, თუ როგორ შეიძლება სახის სტრუქტურა და შესახედაობა სოციოსექსუალობაზე მეტყველებდეს.
ჟურნალ Evolution and Human Behavior-ში გამოქვეყნებული კვლევის, ავსტრალიის მაკქუორის უნივერსიტეტის ორმა მკვლევარმა 123 ახალგაზრდა შეკრიბა და სექსუალური ურთიერთობებს მიმართ მათი დამოკიდებულების შესახებ კითხვარის შევსება სთხოვა, რის შემდეგაც ცდის მონაწილეებს ფოტოები გადაუღეს.
შემდგომში 65 მოხალისეს კითხვარის რესპონდენტთა ფოტოების დათვალიერება სთხოვეს და დაავალეს, თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობაში ჩაბმის შესახებ მათი დამოკიდებულება გამოეცნოთ. მათი მიგნებების მიხედვით, ქალებს თავისუფალი სექსუალური ურთიერთობისადმი უფრო გახსნილი კაცების ამოცნობა მაღალი სიზუსტით შეეძლოთ, კაცები კი ზუსტად ვერ ცნობდნენ ქალთა სოციოსექსუალურ ორიენტაციას.
"შედეგებმა გაგვაოცა. ამის განსაზღვრის შესაძლებლობა ასევე სასარგებლო იქნებოდა კაცებისათვის, რომელთაც სურთ გაიგონ, ვინ იქნება მოკლლევადიანი, ნაკლებად ერთგული ურთიერთობისთვის მზად და ვინ — ხანგრძლივი, სერიოზული ურთიერთობისთვის", — თქვა მაკქუორის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა და კვლევის ავტორმა იან. დ. სტივენმა.
აღმოჩენის დასადასტურებლად მონაწილეებს ფოტოთა წყვილებიც წარმოუდგინეს, რომელზეც უფრო ნაკლებად და მეტად შეზღუდული სოციოსექსუალობის მქონე პირების საშუალო, ზოგადი სახეები იყო აღბეჭდილი. მონაწილეებს სთხოვეს გამოეცნოთ, რამდენად მიმღებლები იყვნენ სურათზე გამოსახული ადამიანები თავისუფალი სქესობრივი აქტების მიმართ და კვლავაც, ქალები ცნობდნენ მეტად შეუზღუდავი სოციოსექსუალობის მქონე მამაკაცებს, მაგრამ ქალებს — ვერა.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ თავისუფალი სექსისადმი ღიად განწყობილ მამაკაცებს ხშირად სახის კონკრეტული ნაკვთები ახასიათებდათ: უფრო გრძელი სახე, მაღალი შუბლი, გრძელი ცხვირი და უფრო დიდი თვალები. კავშირის განმაპირობებელი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ტესტოსტერონის დონეებს უნდა უკავშირდებოდეს.
"ვფიქრობთ ეს ტესტოსტერონის როლზე მიუთითებს", — ახსნა ჯო ანტარმა, კვლევის თანაავტორმა მაკქუორის უნივერსიტეტიდან.
"ტესტოსტერონის უფრო მაღალი დონეები მასკულინური შესახედაობის სახის ნაკვთებსა და კაცებისათვის მეტად ტიპურ ქცევას უკავშირდება, ამ შემთხვევაში ხანმოკლე და ნაკლებად ერთგული ურთიერთობების კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ ტესტოსტერონი ქალის განვითარებაში ბევრად მცირე როლს თამაშობს, ამით იხსნება, თუ რატომ არ მეტყველებს ქალის სახე ურთიერთობის მიზნებზე, მაგრამ ამ ყველაფერში დასარწმუნებლად მეტი კვლევაა საჭირო", — განაცხადა ანტარმა.
როგორც ვახსენეთ, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, საკვლევი ჯგუფი მცირე იყო (123 ადამიანი), ასევე ყველა მონაწილე თეთრკანიანი და სავარაუდო ჰეტეროსექსუალი გახლდათ, რაც შედეგების ფართო პოპულაციაზე განზოგადების საშუალებას, რა თქმა უნდა, არ იძლევა.
კომენტარები