კანაფი ჩინეთში წარმოიშვა და ჯერ კიდევ ქვის ხანაში მოაშენეს — კვლევა
მოშინაურების ხანგრძლივი ისტორიის წყალობით, ამჟამად კანაბისი განსხვავებულ სახეობათა ასორტიმენტის სახით არსებობს, რომელშიც თითოეულს კანაბინოიდებისა და სხვა ნაერთების უნიკალური კონფიგურაცია გააჩნია. ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, სელექციური მოშენების პროცესი, შესაძლოა, ადრეული ნეოლითის ხანაში დაიწყო ახლანდელი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის ადგილას, სადაც ველური მარიხუანა პირველად გამოჩნდა.
წინა გენეტიკური კვლევები გვთავაზობს, რომ კანაბისი სათავეს ტიბეტის პლატოდან იღებს მიუხედავად იმისა, რომ კანაფის თოკის გამოყენების პირველი არქეოლოგიური მტკიცებულება ჩინეთზე მიუთითებს და, კვლევის ავტორებზე დაყრდნობით, დაახლოებით 12 ათასი წლითაა დათარიღებული. როგორც ასეთი, ფართოდ მიღებულია, რომ მცენარის ფესვები სადღაც აზიაში უნდა ვეძებოთ, მაგრამ მისი სამშობლოს ზუსტად განსაზღვრა მაინც დიდი გამოწვევაა.
აშკარაა, რომ კანაბისის ველური წინაპარი ახლა გადაშენებულია, ამიტომაც მისი პირდაპირ შესწავლა შეუძლებელია. მის ადგილას კანაფისა და ნარკოტიკის ტიპის კანაბისის სპეციალურად კულტივირებული სახეობებია ისევე, როგორც ლანდრასებად წოდებული უფრო ანტიკური სახესხვაობები. მიუხედავად იმისა, რომ ესენი და თავდაპირველი კანაბისის მცენარე ერთი და იგივე არ არის, დღევანდელ კომერციულ სახეობებთან შედარებით ნაკლებადაა მოშენებული და საუკუნეების მანძილზე არა ხელოვნური, არამედ ბუნებრივი სელექციის საშუალებით იცვლებოდა.
მცენარის ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, კვლევის ავტორებმა კანაბისის 110 სახესხვაობის გენომი გამოიკვლიეს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის 82 ახალი და 28 ღიად ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში, ამან კანაბისის მთელი სპექტრი მოიცვა: როგორც თანამედროვე სახეობებისა და ლანდრასების, ასევე გაველურებული სახესხვაობებისაც, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მოშინაურებულ სახეობათა თესლები თავს აღწევენ და ბუნებრივად ზრდისა და გამრავლების საშუალება ეძლევათ.
ყველა ამ მცენარეს შორის გენეტიკური კავშირების დადგენის შემდეგ მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ყოველი თანამედროვე კანაფისა და ნარკოტიკის ტიპის კანაბისის ჯიში საგვარეულო გენოფონდიდან იღებს სათავეს, რომელსაც, როგორც ჩანს, ფესვები ჩინურ ლანდრასებში და გარეულ მცენარეებში აქვს.
"ამჟამინდელი ჩინური ლანდრასები და გაველურებული მცენარეები მემკვიდრეობითი გენოფონდის უახლოეს შთამომავლებს წარმოადგენენ, რომლიდანაც კანაფი და მარიხუანას ლანდრასები და კულტივარები წარმოიშვა. ფართოდ გავრცელებული ხედვის საპირისპიროდ, რომელიც კანაბისსა და ცენტრალური აზიის მოსავლის მოშენების ცენტრს აკავშირებს, ჩვენი შედეგები კანაბისის მოშინაურების ცალკეულ სათავეს შეესაბამება აღმოსავლეთ აზიაში", — ამბობენ კვლევის ავტორები.
ამის გარდა, გენომურმა დათარიღებამ აჩვენა, რომ თანამედროვე კანაბისის პირველი მოშინაურებული წინაპრები 12 ათასი წლის წინ მოიპოვეს მისი ველური მშობლიდან, რაც აჩვენებს, რომ სახეობები ადრეულ ნეოლითურ ხანებში უკვე მოშენებული გახლდათ.
აქედან მოყოლებული, ადამიანების მიერ ინტენსიურმა მოშინაურებამ რამდენიმე განსხვავებული გენეტიკური ჯგუფის წარმოშობა განაპირობა, აქედან ორი კი კანაფი და ნარკოტიკის ტიპის მცენარეებია. ამ ორი სახესხვაობის შედარებისას კვლევის ავტორებმა კანაფისთვის დამახასიათებელი 134 კონკრეტული გენი იპოვეს, ფსიქოაქტიურ კანაბისს კი 472 უნიკალური მათგანი აღმოაჩნდა.
ეს გენები როგორც მცენარის სიძლიერეს, ასევე დატოტვისა და ყვავილების წარმოქმნის პროცესსაც განსაზღვრავს. მაგალითად, გენები, რომელიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) (ფსიქოაქტიური კანაბისის მთავარი კომპონენტი) მასინთეზებელი ენზიმის გენეტიკურ კოდს ადგენენ, ნარკოტიკის ტიპის მცენარეთა ძირითად ნაწილში სრულადაა გამოხატული, კანაფში კი — ნაკლებად.
კომენტარები