კრიტიკოსების თქმით, Google Map ადამიანებს "კლდიდან გადახტომისკენ მიუთითებს"
შოტლანდიელ ალპინისტთა გუნდმა Google მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც აღმოაჩინეს, რომ Google Maps მათ მთებში პოტენციურად ფატალურ მარშრუტებს სთავაზობდა. მეტიც, იგი მთამსვლელებს პირდაპირ კლდის ნაპირებისკენაც კი მიუთითებდა.
Press Association-ის მიხედვით, ჯონ მიურ ტრასტში — მთების კონსერვაციის შოტლანდიური საქველმოქმედო ორგანიზაცია ირწმუნება, რომ Google Map-ის მიერ რეკომენდებული მარშრუტები ბენ ნევისზე (შოტლანდიის ყველაზე მაღალ მთაზე) არამხოლოდ ძალიან სახიფათოა, ასევე პოტენციურად ფატალურიც. გუნდი იმასაც ამბობს, რომ ცალკე მარშრუტს, რომელიც თიელექის მთაზე იყო შემოთავაზებული, მომხმარებლები პირდაპირ კლდის ნაპირისკენ მიჰყავს.
"პრობლემა ისაა, რომ Google Maps მომხმარებლებს Upper Falls-ის ავტოსადგომისკენ მიუთითებს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს მწვერვალამდე ყველაზე ახლო ავტოსადგომია", — განუცხადა Press Association-ს ნათან ბერიმ, კონსერვაციის ოფიცერმა ჯონ მიურის ტრასტიდან. "ეს არ არ არის სწორი მარშრუტი და ჩვენ ხშირად ვაწყდებით გამოუცდელი მთამსვლელების გუნდს, რომლებიც Steam Falls-ისკენ ან ბენ ნევისის სამხრეთი ფერდობებისკენ მიემართებიან და ფიქრობენ, რომ ეს მარშრუტი მათ მწვერვალამდე მიიყვანს".
ექსპერტების თქმით, გამოცდილ მთამსვლელებსაც კი უჭირთ Google Maps-ის მიერ შემოთავაზებული მარშრუტებით გადაადგილება.
"როდესაც Google Maps-ში ბენ ნევისს შეიყვანთ და მანქანას მიუთითებთ, გამოჩნდება თქვენი მარშრუტის რუკა, რომელიც გლენ ნევისის ავტოსადგომამდე მიგიყვანთ, მას კი წერტილოვანი ხაზი მოსდევს — ეს უკანასკნელი მწვერვალამდე გიჩვენებთ გზას", — უყვება Press Association-ს ჰეზერ მორნინგი, მთების უსაფრთხოების მრჩეველი Mountaineering Scotland-დან.
"ამ მარშრუტით გადაადგილება ყველაზე გამოცდილ მთამსვლელსაც კი გაუჭირდებოდათ. ხაზი მიყვება ძალიან ციცაბო, ქვიან და გაუვალ ტერიტორიას, სადაც კარგი ხილვადობის შემთხვევაშიც დიდი გამოწვევა იქნებოდა უსაფრთხო გზის მოძებნა. ამას დაუმატეთ დაბალი ღრუბლები და წვიმა და Google-ის მიერ შემოთავაზებული გზა პოტენციურად ფატალური გახდება", — დაამატა მან.
Google-ის პასუხი
ჯონ მიურის ტრასტში ამბობენ, რომ მათ რამდენჯერმე სცადეს Google-თან დაკავშირება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
Google-ის წარმომადგენელმა საბოლოოდ Guardian-ს განუცხადა: "ჩვენ Google Maps უსაფრთხოებისა და საიმედოობის გათვალისწინებით შევქმენით და ვცდილობთ სწრაფად გამოვიკვლიოთ მარშრუტის საკითხი ბენ ნევისზე".
Futurism-ის გუნდმა მარშრუტის გამოკვლევა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ იგი მორნინგის მიერ აღწერილი მარშრუტისგან განსხვავდებოდა. აქედან გამომდინარე არსებობს შანსი, რომ Google-მა უკვე გამოასწორა ეს პრობლემა.
ეს ყველაფერი კი კარგი შეხსენებაა იმისა, რომ ყოველთვის უნდა გადავამოწმოთ მსგავსი აპლიკაციებიდან მიღებული ინფორმაციის სისწორე და უსაფრთხოება — განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მუხანათური მთის მწვერვალისკენ მიემართებით.
კომენტარები