9 ივლისს, თბილისის ტექნოპარკში, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის მემორანდუმს.

საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი არის კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული ღია, თანამშრომლობითი პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს "ციფრული ტრანსფორმაციის", საჯარო ელექტრონული სერვისების დეცენტრალიზებული ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინოვაციური საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას.

გთავაზობთ მემორანდუმის ტექსტს უცვლელად

"მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის კიბერ-ფიზიკურ-ბიოლოგიური ტექნოლოგიების დინამიური განვითარება ქმნის სრულიად ახალ გამოწვევებს, რომელიც რადიკალურად ცვლიან პარადიგმებს ეკონომიკის, საჯარო მმართველობის (მ.შ. ელმმართველობის), სოციალური ურთიერთობების დონეზე. Covid-19-ის შედეგად ფორმირებულმა “შემდეგმა ნორმალობამ” (Next Normal) კი ამ ტრენდების კიდევ უფრო მეტი აქსელერაცია მოახდინა.

"ციფრული ტრანსფორმაცია", როგორც პასუხი ამ გამოწვევებზე, ითხოვს კარდინალურ გადააზრებას არსებული მიდგომების, არა მარტო ბიზნეს-პროცესების რედიზაინს, არამედ ბიზნეს-მოდელების დონეზე ტრანსფორმაციას.

ამ გლობალურ კონკურენციაში ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმატება დამოკიდებულია ახალი შესაძლებლობების სწრაფ ადაპტაციის უნარზე, რაც ითხოვს საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარის აქტიურ ჩართულობასა და თანამშრომლობას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ: IT ინდუსტრიის, საკონსულტაციო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები გამოვხატავთ თანამშრომლობის სურვილს, რათა ხელი შევუწყოთ კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული ღია, თანამშრომლობითი პლატფორმის ფორმირებას, რომლის მიზანიც იქნება საქართველოს "ციფრული ტრანსფორმაციის", საჯარო ელექტრონული სერვისების ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინოვაციური საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა.

ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობას რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით:

  • ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობით, ქვეყნის “ციფრული ტრანსფორმაციის” ხელშეწყობა. მათ შორის, ამ მიმართულებებით ხედვის, ეროვნული და ინდუსტრიული სტრატეგიების, პოლიტიკებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობით.
  • ელექტრონული მმართველობის ინოვაციური, დეცენტრალიზებული ეკოსისტემის შექმნის (ელექტრონული სერვისების თავისუფალი, ღია და კონკურენტული მარკეტფლეისის შექმნა) ხელშეწყობა.
  • R&D Lab - კონკრეტული სერვისების მიმართულებით, ინოვაციურ და პერსპექტიულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტების შემუშავება (PoC - Proof of Concept, პროტოტიპირება, MVP) და დანერგვის ხელშეწყობა.
  • "ციფრული ტრანსფორმაციის" მიმართულებით საზოგადოების ინფორმირება და დაინტერესებულ მხარეთა (საჯარო, კერძო, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, სამოქალაქო) შორის თანამშრომლობითი მექანიზმების ხელშეწყობა.


დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით, ჩვენ, მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები გამოვხატავთ სურვილს, თანამშრომლობის საფუძველზე დავგეგმოთ და განვახორციელოთ აქტივობები ზემოთნახსენები მიმართულებებით".