გამოავლინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკები იზრდება
ფოტო: Getty Images
გულის შეტევის რისკების განმსაზღვრელი სკრინინგი კაცებში უფრო ადრე უნდა ჩატარდეს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამაზე მეტყველებს ახალი კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ კაცებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკები 30-იანი წლების შუა პერიოდში იზრდება. ქალებში მსგავსი ტენდენცია გაცილებით უფრო გვიან შეინიშნება.
ამერიკელმა მკვლევრებმა 5 112 ადამიანის ჯანმრთელობა შეისწავლეს, რომელთა საშუალო ასაკი დაახლოებით 34 წელი იყო. მონაცემების შეგროვება 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც მონაწილეები ჯანმრთელები 18-30 წლისები იყვნენ. შესაბამისად, მკვლევრებმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევების აღწერა დროთა განმავლობაში შეძლეს.
მონაცემების მიხედვით, 35 წელი ის კრიტიკული ასაკია, როდესაც კაცებსა და ქალებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის სხვაობა ვლინდება. მათი დიდი ნაწილი მოდის კორონალურ დაავადებებზე (CHD), გულის შეტევის ყველაზე ხშირ მიზეზზე, რა დროსაც ცხიმოვანი დანალექები არტერიაში იჭედება და სისხლის მიმოქცევას ბლოკავს.
"ეს შეიძლება ნაადრევი გეჩვენოთ, მაგრამ გულის დაავადებები ათწლეულების განმავლობაში ვითარდება. მათი ადრეული მარკერები მოწიფულობის მიღწევისას უკვე ვლინდება. ამიტომ, ადრეულ ასაკში სკრინინგით რისკები შეიძლება წინასწარ გამოვლინდეს", — ამბობს აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარი ალექსა ფრიდმანი.
ხელშემწყობი ფაქტორებს გათვალისწინებით, როგორებიცაა სისხლის წნევა, ქოლესტერინი, სისხლში შაქრის დონე, მწეველობის სტატუსი, ფიზიკური აქტივობის დონე და სხეულის წონა, სტატისტიკა შემცირდა, მაგრამ ბოლომდე არ გაქრა. ეს ნიშნავს, რომ არის კიდევ სხვა ფაქტორებიც.
ფოტო: Am. Heart Assoc.
მონაცემების თანახმად, კაცები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობის 5%-იან მაჩვენებელს ქალებთან შედარებით შვიდი წლით ადრე აღწევენ. მაგალითად, თუ ეს მაჩვენებელი კაცებში 50.5 წელია, ქალებში ის 57.5 წელია. რაც შეეხება კონკრეტულად გულის კორონალურ დაავადებებს, კაცებში 2%-იანი მაჩვენებელი ქალებზე ათი წლით ადრე ჩნდება.
ინსულტის შემთხვევაში სქესთა შორის სხვაობა მცირე იყო. რაც შეეხება გულის უკმარისობას, რა დროსაც გული შესაბამისად ვერ მუშაობს, სიცოცხლის გვიან ეტაპზე ვლინდებოდა.
"კვლევის მონაწილეები 65 წლის ქვემოთ იყვნენ. ჩვენ კი როგორც ვიცით, ინსულტი და გულის უკმარისობა ცხოვრების უფრო გვიან ეტაპზე ვლინდება ხოლმე", — აღნიშნა ფრიდმანმა.
კვლევას სქესთა შორის ამ სხვაობის არსებობის მიზეზები დეტალურად არ შეუსწავლია. მეორე მხრივ, ამის მიზეზები შეიძლება სასქესო ჰორმონებსა და ქოლესტერინის დონეებში იმალებოდეს.
სქესთა შორის გულის კორონალური დაავადებების რისკის 10-წლიანი სხვაობა ადრეც დაუფიქსირებიათ, მაგრამ ახალი კვლევა უფრო მასშტაბურია და მოიცავს უფრო მეტ გულ-სისხლძარღვთა დაავადებას.
"ეს შედეგები მიუთითებს, რომ ახალგაზრდა კაცებში გულის გამოკვლევების წახალისებაა საჭირო. ეს ჩვენი სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესია", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა Journal of the American Heart Association-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები