შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო
ფოტო: Johns Hopkins University
ესპანეთში პანკრეასის კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად 10 300-ზე მეტი ადამიანი იღებს. ეს სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმაა. დიაგნოზს ძირითადად გვიან სტადიებზე სვამენ, მკურნალობის ეფექტიანი გზები კი ნაკლებადაა ცნობილი. ამის გამო პაციენტების 10%-ზე ნაკლები დიაგნოზის მიღებიდან 5 წელიწადს ცოცხლობს, სხვები კი — კიდევ უფრო ცოტა ხანს. ამ დარგში პროგრესი ათწლეულების განმავლობაში ძალიან ნელა მიმდინარეობდა.
მარიანო ბარბასიდმა სამკურნალო მიდგომა შეიმუშავა, რომელიც თაგვებში პანკრეასის კიბოს სრულად და ხანგრძლივად, მინიმალური გვერდითი ეფექტებით კურნავს. ბარბასიდი ესპანეთის კიბოს ეროვნული კვლევითი ცენტრის (CNIO) ექსპერიმენტული ონკოლოგიის გუნდს ხელმძღვანელობს.
"ჩვენი კვლევა არაერთ პერსპექტივას გვიჩვენებს ახალი კომბინირებული თერაპიების შესაქმნელად, რომლებმაც შეიძლება PDAC-ის [პანკრეასის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი] მქონე პაციენტებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს", — წერენ კვლევის ავტორები.
პანკრეასის კიბოს სამკურნალოდ ტრადიციული ქიმიოთერაპია ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა. ამის გამო 2021 წელს სპეციალური წამლები დაადასტურეს, რომლებიც მოლეკულურ სამიზნეებზეა გათვლილი. ეს წამლები KRAS გენის მოქმედებას ბლოკავს. ცნობისთვის, მუტირებული KRAS აქვს პანკრეასის კიბოს მქონე პაციენტთა 90%-ს. მეორე მხრივ, ამ წამლების ეფექტიანობა შეზღუდულია, რადგან რამდენიმე თვეში სიმსივნე მათ მიმართ რეზისტენტობას იძენს.
ბარბასიდის გუნდს ახალი კვლევით სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა სურდა. მათი სტრატეგია ისაა, რომ KRAS-ის მოქმედება ერთის ნაცვლად სამ ადგილას დაბლოკოს — ამ შემთხვევაში სიმსივნეს ადაპტაცია გაუჭირდება. თაგვებში ამ ექსპერიმენტმა გაამართლა: ონკოგენის სასიგნალო გზებიდან სამი მოლეკულის მოცილების შემდეგ სიმსივნე სამუდამოდ გაქრა.
ადამიანებში ამის გასამეორებლად უნდა იპოვონ წამალი, რომელიც KRAS-ის მოლეკულურ სასიგნალო გზებს იმავე სამ წერტილში დაბლოკავს. თაგვებზე გუნდმა სამმაგი თერაპია გამოცადა პრეპარატებით: დარაქსონრასიბი (KRAS-ის ექსპერიმენტში გამოყენებული ინჰიბიტორი), აფატინიბი (ფილტვის ადენოკარცინომის წამალი) და SD36 (ცილის დამშლელი).
მიდგომა პანკრეასის ადენოკარცინომის 3 სხვადასხვა მოდელს მოარგეს. ყველა მათგანში სიმსივნის მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი რეგრესია დაფიქსირდა, თანაც ტოქსიკურობის მხოლოდ უმნიშვნელო მაჩვენებლით. ეს ნიშნავს, რომ თაგვებს მკურნალობის ამ მეთოდის მიმართ კარგი ამტანობა აქვთ.
ბარბასიდის განმარტებით, თავისი გუნდის შედეგები იმედისმომცემია, თუმცა ეს მიდგომა ჯერ არაა უსაფრთხო საიმისოდ, რომ კლინიკურადაც (ადამიანებში) გამოცადონ.
კვლევა გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.
კომენტარები