მზის გიგანტური ლაქის მიმდებარედ 1-ელ და 2 თებერვალს ათობით ამოფრქვევა მოხდა, მათ შორის 2024 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი. აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის ცენტრის განცხადებით, ამგვარი გეომაგნიტური აქტიურობის გამო 5 თებერვალს ჩრდილოეთის ციალია მოსალოდნელი. ის იმაზე დაბალ განედებზე შეიძლება გამოჩნდეს, ვიდრე ჩვეულებრივაა ხოლმე ხილული.

მზის ამ ლაქას 4366 ეწოდება; ის რამდენიმე დღის წინ წარმოიქმნა და სწრაფად მიაღწია იმ ზომის თითქმის ნახევარს, რომელიც კერინგტონის მოვლენაზე (1859 წლის რეკორდულად ძლიერი გეომაგნიტურ შტორმი) პასუხისმგებელ ლაქას ჰქონდა. ასეთ მოკლე პერიოდში ზომაში გაზრდამ 4366 ძალიან არასტაბილური გახადა, რის შედეგადაც იქ 24 საათში M კატეგორიის 23 და X კატეგორიის (სკალაზე ყველაზე მძლავრი) 4 ამოფრქვევა დაფიქსირდა.

უდიდესი ამოფრქვევის მაჩვენებელმა X8.1-ამდე მიაღწია. მასზე ძლიერი ამოფრქვევა ბოლოს მხოლოდ 2024 წელს მოხდა — X9.0. ახლანდელმა მოვლენამ სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში ნაწილობრივი რადიოხარვეზები გამოიწვია და მას დედამიწის მიმართულებით კორონალური მასის ამოფრქვევაც მოყვა. ეს პლაზმის ნაკადია, რომელიც კოსმოსში შედარებით ნელა ვრცელდება. დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებისას სწორედ მან შეიძლება წარმოქმნას ჩრდილოეთის ციალი.

მზის აქტიური ლაქა.

ფოტო: Spaceweather.com

მზის ლაქები ის მოზრდილი რეგიონებია, რომლებიც სხვა არეალებთან შედარებით მუქია და მაგნიტური არასტაბილურობით ხასიათდება. როცა მათ მიმდებარედ მაგნიტური ველის ხაზები ზედმეტად "იხლართება", შეიძლება პირვანდელ მდგომარეობას სწრაფად დაუბრუნდეს და ამ პროცესში ამოფრქვევები (მათ შორის კორონალური მასის) გამოიწვიოს.

მზის ლაქების რაოდენობა განსაკუთრებით მაშინ იმატებს, როცა ჩვენი ვარსკვლავის აქტიურობის 11-წლიანი ციკლი პიკს აღწევს. ეს პერიოდი 2024 წლიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება, ამიტომ ასეთი მოვლენები გასაკვირი არაა. მაგალითად, 2024 წელს მზის ერთ-ერთი ლაქის მიმდებარედ 3 თვის განმავლობაში თითქმის 1000 ამოფრქვევა მოხდა.

რამდენი ხნით შენარჩუნდება 4366 ან დაამყარებს თუ არა ის ამოფრქვევების რეკორდს, უცნობია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.