საფრანგეთში სოციალურ ქსელ X-ის ოფისები გაჩხრიკეს — დაკითხვაზე ილონ მასკიც დაიბარეს
ფოტო: The Associated Press
ილონ მასკის მფლობელობაში არსებული სოციალური ქსელი X კიბერდანაშაულის გამოძიების სამიზნედ იქცა. საფრანგეთის პოლიციამ კომპანიის ოფისები გაჩხრიკა, რადგან პარიზის პროკურატურა მონაცემების უკანონოდ მოპოვებასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ საქმეს იკვლევს. ამის გამო დაკითხვაზე დაბარებულია თავად მასკიცა და X-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორიც, ლინდა იაკარინო.
უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს დიდი ბრიტანეთის ინფორმაციის კომისრის ოფისიც. ის მასკის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტ Grok-ს ეხება, რადგან მას "პოტენციურად, სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალის გენერირება შეუძლია".
უკანასკნელ მოვლენებს თავად კომპანიაც გამოეხმაურა. სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ ესაა თეატრალური წარმოდგენა, რომლის მიზანიც, სინამდვილეში, პოლიტიკური შეტევაა. X-ში აცხადებენ, რომ იმედგაცრუებულნი არიან, მაგრამ არა გაკვირვებულნი. ისინი "ბრალდებებს" უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს ჩხრეკა "აზრის გამოხატვის თავისუფლებას" საფრთხის წინაშე აყენებს.
გამოძიება 2025 წლის იანვარში დაიწყო, როცა საფრანგეთის ყურადღება X-ის ალგორითმის მიერ შეთავაზებულმა შიგთავსმა მიიპყრო. სიტუაცია ივლისში გამწვავდა, რადგან დამატებითი ეჭვები უკვე Grok-მაც გამოიწვია.
ლინდა იაკარინო ამ საქმეს "ამერიკელების წინააღმდეგ პოლიტიკურ ვენდეტას" უკავშირებს. ამის მიუხედავად, საფრანგეთის პოლიცია გამოძიებას რამდენიმე მიმართულებით ატარებს: ბავშვთა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოების ორგანიზებული გავრცელება, ადამიანთა სექსუალიზებული დიფფეიქ სურათების უკანონოდ გენერირება და ორგანიზებული დაჯგუფების მიერ მონაცემთა არალეგალურად მოპოვება.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის გამოძიებას, ის Grok-ის მიერ ქალების რეალური ფოტოების გამოყენებით, მათი ნებართვის გარეშე, ინტიმური სურათების გენერირებას ეხება. იანვარში ამის გამო ჩატბოტმა დაზარალებული ქალების, პოლიტიკოსებისა და ონლაინ უსაფრთხოებით დაინტერესებული პირების მხრიდან სერიოზული კრიტიკა მიიღო. საპასუხოდ კომპანიამ მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრის სამუშაოები დაიწყო, თუმცა გამოძიება არ შეწყვეტილა.
იანვრის მეორე ნახევარში ჩატბოტის მფლობელი კომპანია xAI-ს წინააღმდეგ მოკვლევა ევროკომისიამაც დაიწყო, რაც აზემოხსენებული სურათების შესახებ ეჭვებს ეხება. იქ განაცხადეს, რომ X-ის ოფისების ჩხრეკის თაობაზე საფრანგეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ.
უნდა ითქვას, რომ საფრანგეთი სოციალური მედიის უსაფრთხოებაზე სერიოზულად ზრუნავს. ცოტა ხნის წინ ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ 15 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამ ცვლილების მიხედვით, ასაკობრივი შეზღუდვა სოცქსელებსა და სხვადასხვა პლატფორმის ამავე ფუნქციონალს შეეხება, რათა ბავშვები მათი პოტენციური უარყოფითი გავლენისგან დაიცვან.
კომენტარები