მთვარის ეკიპაჟიანი მისია Artemis 2-ის განხორციელების უადრეს თარიღად 8 თებერვალი განიხილებოდა, თუმცა, NASA-ს ბოლო განცხადებით, ის მარტისთვის გადაიდო. ეს ნიშნავს, რომ ასტრონავტების ფრენისწინა კარანტინიც დასრულდება. ისინი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გარშემო უნდა გაეშვათ, რაც უკანასკნელ 54 წელიწადში პირველი ასეთი შემთხვევა იქნებოდა.

ასევე, იხილეთ: სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე

მისიის გადადების მიზეზი ის ხარვეზებია, რომლებიც 2 თებერვალს რაკეტა Space Launch System-ის ტესტირებისას წარმოშვა. ავზების საწვავით ავსების პროცედურა ცივი ამინდის გამო დაგეგმილზე გვიან დაიწყო, რადგან ზოგიერთი სისტემის ასამუშავებლად ტემპერატურა უნდა დაერეგულირებინათ.

რაკეტის გამოცდისას, რაც დაახლოებით 49 საათის განმავლობაში დროის სიმულაციურ ათვლასაც გულისხმობდა, თხევადმა წყალბადმა გაჟონა. მანამდე ინჟინრები ამ აპარატის ცენტრალურ ნაწილისთვის საწვავის მიწოდებაზე პასუხისმგებელ ინტერფეისში პრობლემის მოგვარებას რამდენიმე საათი ცდილობდნენ. ეს წარმატებით შეძლეს და ყველა ავზიც აავსეს, თუმცა დროის ათვლა ავტომატურად შეჩერდა, რადგან გაჟონილი თხევადი წყალბადის ოდენობა გაიზარდა.

პრობლემა დაფიქსირდა Orion-ის საეკიპაჟო მოდულის ლიუკის სარქველშიც, რომელიც ახლახან გამოცვალეს. ასევე, მცირე ხარვეზი იყო აუდიო კომუნიკაციაშიც, რამაც ტესტირებამდეც იჩინა თავი და მის აღმოსაფხვრელად რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.

მარტამდე სპეციალისტები ამ პრობლემების შესახებ მონაცემებს გააანალიზებენ და ხარვეზების გამოსწორებას ეცდებიან. ამის შემდეგ ისინი რაკეტას ხელახლა შეამოწმებენ, რათა ყველა სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში დარწმუნდნენ.

თუკი მისია მარტშიც ვერ განხორციელდება, ფრენის მომდევნო ფანჯარა აპრილში გაიხსნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.