ალბათ, დაკვირვებულხართ, რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, წყალს ყველგან ერთნაირი გემო სულაც არ აქვს. არ გეჩვენებათ — ეს ნამდვილად ასეა, ხოლო მიზეზი მრავალმხრივია, მათ შორის გეოგრაფიულ თავისებურებებთან და ქიმიურ მახასიათებლებთან დაკავშირებული.

ზოგადად, წყალი ორ კატეგორიად იყოფა: ხისტი და რბილი. პირველში ისეთი სითხე მოიაზრება, რომელშიც დიდი ოდენობით მინერალებია, განსაკუთრებით კალციუმი და მაგნიუმი; რბილი წყალი ასეთი კომპონენტებისგან (იონებისგან) შედარებით დაცლილია და სწორედ ამის გამოა, რომ საპონი მისი გამოყენებით უფრო მარტივად ქაფდება.

განსხვავებული ადგილი — განსხვავებული წყალი

ფოტო: Getty Images

წყლის სიხისტეს და სირბილე გემოზეც ზემოქმედებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, საიდან მოიპოვებენ მას. მაგალითად, იქ, სადაც კირქვა უხვადაა, დიდი რაოდენობითაა კალციუმის კარბონატიც, რომელიც ცარცის მსგავს გემოსთან ასოცირდება. ასევე, წყალში არამხოლოდ მინერალები, არამედ აირებიც იხსნება და მასზე გავლენა სადეზინფექციოდ გამოყენებულ ქლორსაც აქვს, რომელიც "ანტისეპტიკურ" გემოვნურ შეგრძნებას იწვევს.

ონკანის წყალი ორი ძირითადი წყაროდან მოიპოვება: ზედაპირზე არსებული (ტბები, მდინარეები) და მიწისქვეშა რეზერვუარებიდან. აქედან პირველი, როგორც წესი, რბილია, ანუ ბუნებრივად ნაკლებ მინერალსა და მჟავას შეიცავს. მისგან განსხვავებით, სიღრმიდან ამოღებული წყალი უფრო ხისტია, ზოგჯერ კი მათ ერთმანეთში ურევენ.

ორივე მათგანს განსხვავებული "ეკოლოგიური" მახასიათებლები აქვს. წყალში შეიძლება ციანობაქტერიები (ლურჯი/მწვანე წყალმცენარეები) და აქტინომიცეტები გვხვდებოდნენ, რომელთაც მიწის გემოსთან აკავშირებენ. ისინი ამგვარ სუნსაც იწვევენ, რომელიც ზოგი ადამიანისთვის სასიამოვნოა, ზოგისთვის კი — ნაკლებად.

წყლის გემოს სუბიექტური აღქმა მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად უბრალოდ ის არ მოგვწონს, რასაც მიჩვეულნი არ ვართ. მაგალითად, როცა ერთ ქალაქში ხანგრძლივად ვცხოვრობთ და იქ ხელმისაწვდომ წყალს ვსვამთ, სხვა ქალაქის წყლის გემო შეიძლება გვეუცნაუროს. მიზეზი ისაა, რომ ისინი სხვადასხვა წყაროდან მიიღება, ამიტომ მინერალების შემცველობაც განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი "კარგია, მეორე კი "ცუდია".

ყველაზე ხშირად მძაფრ გემოს მაინც ქლორი განაპირობებს. მსგავსი შემთხვევები ისეთ ადგილებშია ხშირი, რომლებიც წყლის გამწმენდ სისტემებთან ახლოსაა. საქმე ისაა, რომ ზოგჯერ ქლორს ამატებენ, რადგან დისტანციის ზრდის პარალელურად მისი ოდენობა არ შემცირდეს. შესაბამისად, ახლო არეალებში მცხოვრებთა სახლებში წყალს მეტად შესამჩნევი გემო აქვს.

ფოტო: Wasser

რაც შეეხება წყლის სხვა ტიპებს, არსებობს:

  • წყაროს წყალი — მოიპოვება მთიან რეგიონებში გამდინარე მტკნარი წყლის წყაროებიდან, რომლებიც გზად სხვადასხვა მინერალს "იმატებს" და სპეციფიკურ გემოს იძენს;
  • ჭის წყალი — იღებენ მიწისქვეშ, ღრმად მდებარე ქანებიდან და, როგორც წესი, წმენდენ. ამის მიუხედავად, მას მინერალების მაღალი კონცენტრაცია და შესაბამისი გემო აქვს;
  • გაზიანი წყალი — ესაა მინერალური წყალი, რომელსაც ნახშირორჟანგს უმატებენ. მინერალები და კარბონაცია გამორჩეულ გემოს/შეგრძნებას განაპირობებს;
  • ტუტე წყალი — შეიცავს ბუნებრივ იონიზებულ მინერალებს, რომლებიც მჟავიანობის დაბალ მაჩვენებელს იწვევს და უფრო "რბილ" გემოსთან ასოცირდება;
  • გამოხდილი წყალი — მიიღება ადუღებული წყლის ორთქლისგან. ამ პროცესში იგი მინერალებისგან, ქიმიური ნაერთებისგან და ბაქტერიებისგან იწმინდება.

ონკანის წყლის განსხვავებული გემოები

წყალს არამხოლოდ ცარცის, მიწისა და ქლორის, არამედ სხვაგვარი გემოც შეიძლება ჰქონდეს. ეს უკვე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული.

მაგალითად, ზოგჯერ მეტალის ან მომწარო გემოს გრძნობენ, რაც იმ მასალას უკავშირდება, რომლისგანაც მილებია დამზადებული. ასეთი შეიძლება იყოს სპილენძი, რკინა ან თუთიის საფარველი, რომელსაც ჟანგის წარმოქმნის პრევენციისთვის იყენებენ. ხანდახან ამგვარ გემოს ავზებიც იწვევს, რადგან მათში სითხე დიდხანსაა დაყოვნებული. განსაკუთრებით მძაფრად კი მას მაშინ გრძნობენ, როცა წყალი თბილია.

შეიძლება იგრძნოთ პლასტმასის ან რეზინის გემოც, რომელიც ასევე წყალგაყვანილობის სისტემაში გამოყენებული მასალებითაა გამოწვეული. მეორე მხრივ, წამლის მსგავსი გემო ქლორისა და რეზინის ან პლასტმასის კომპონენტებს შორის რეაქციების შედეგად წარმოიქმნება და მაშინ უფრო მძაფრია, როცა ადუღებულია ან ჭიქაშია ნადგამი.

ფოტო: Water Treatment Services

ზოგჯერ წყალს მარილიანი ან "ქიმიური" გემო აქვს, რაც ხშირად წყალგაყვანილობის არასწორად დამონტაჟებულ ნაწილებთან (მაგ. ფილტრები) ან მათ არასათანადო ფუნქციონირებასთან ასოცირდება. საქმე ისაა, რომ ეს წყლის უკუდინებასა და მარილის დაგროვებას უწყობს ხელს.

საწვავის გემოს ყველაზე ხშირად ის იწვევს, რომ წყალი ამ ნივთიერებით "გაჯერებული" ადგილიდანაა მოპოვებული. საწვავი, შესაძლოა, მიწაში ჩაიჟონოს და დაიღვაროს, ხანდახან კი ეს პლასტმასის მილების მახლობლადაც ხდება და წყლის გემოვნურ თვისებებზე ზემოქმედებს. ასეთი სითხის დალევა რეკომენდებული არაა და ამ შემთხვევაში წყლის კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ.

შეიძლება წყალს ამძაღებული სუნი ან გემო ჰქონდეს. თუ ჭიქას ონკანიდან აავსებთ, მაგრამ სხვა ოთახში გაიტანით და ასეთ სუნს ვეღარ იგრძნობთ, ესე იგი პრობლემა ნიჟარის დრენაჟშია; თუ ის შენარჩუნდა, მაშინ, სავარაუდოდ, სანტექნიკური პრობლემაა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს.

ბოლოს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წყლის გემოზე წელიწადის სეზონებიც ზემოქმედებს. განსაკუთრებით ეს ზაფხულს ეხება, რადგან ამ დროს მდინარეებსა და რეზერვუარებში ისეთი ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც მიწის გემოს ან სუნს განაპირობებს. როგორც წესი, წყლის კომპანიები ამ პრობლემას აგვარებს, მაგრამ განსაკუთრებით ცხელ ამინდში ეს რთულდება, რადგან რეზერვუარებში წყალმცენარეების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება.

მაშასადამე, წყლის გემო სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის წყაროზე, შედგენილობასა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.