წარმოიდგინეთ ქალაქი, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში ყვაოდა, მისი ქუჩები სავსე იყო სახელოსნოებით, ბაზრებითა და ხმაურით, მაგრამ მხოლოდ ერთი ღამის გამო ახსოვთ. სწორედ ასეთი ქალაქია ტროა.

დიდი ხნით ადრე, სანამ ჰომეროსი ტროას დაცემას უკვდავყოფდა, ქალაქი ყოველდღიური ცხოვრების ადგილი იყო. მეთუნეები ამუშავებდნენ დოქებსა და თასებს, რომლებიც განკუთვნილი იყო დასახლების მიღმა გასატანად, გაცვლისა და შორეული კავშირების დასამყარებლად. სახელოსნოები ბრინჯაოს იარაღებით იყო სავსე. ვაჭრები ბაზრების გასწვრივ მოძრაობდნენ, ხოლო ბავშვები ერთმანეთს მზისგან გახურებულ ბილიკებზე დასდევდნენ. ეს იყო ტროას ნამდვილი გულისცემა — ისტორია, რომელიც ისტორიამ დაივიწყა.

ჰომეროსის ძვ.წ. მერვე საუკუნის ბოლოს შექმნილმა ილიადამ და ოდისეამ დასავლურ კულტურულ მეხსიერებაში დიდი კვალი დატოვა: ერთმანეთთან დაპირისპირებული გმირები, ქალაქის კარიბჭეში შეყვანილი ხის ცხენი, გადამწვარი ქალაქი და ბევრი სისხლი. მეორე მხრივ, ეს დრამატული დასასრული ბევრად უფრო ხანგრძლივ და გაცილებით გამორჩეულ ისტორიას ფარავს — საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას, რომელიც ყოველდღიურ სოციალურ ორგანიზებაში იყო ჩაბუდებული. ეს არის ისტორია, რომელსაც შეიძლება "ტროას მშვიდობა" ვუწოდოთ.

ეს შერჩევითი მეხსიერება მხოლოდ ტროას არ ახასიათებს. ისტორიის მანძილზე, ბევრი მნიშვნელოვანი ქალაქისა თუ ცივილიზაციის კოლაფსი მომხდარა: რომის ხანძარი 64 წელს, კართაგენი ძვ. წ. 146 წელს განადგურდა და აცტეკების დედაქალაქი ტენოჩტიტლანი 1521 წელს დაეცა. უეცარი კატასტროფა ნათელი და დასამახსოვრებელია. სტაბილურობის შენარჩუნების ნელ ტემპს ხშირად უეცარი კოლაფსი ფარავს ხოლმე.

ტროას მშვიდობა არ ნიშნავდა დაძაბულობისა და უთანასწორობის არარსებობას. ქალაქში, ისევე როგორც სხვაგან, ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ ფაქტია, მოსახლეობა მათ უმკლავდებოდა.

როდესაც კატასტროფა სტაბილურობას ფარავს

ფოტო: madainproject

ადამიანების ყურადღებას ხშირად სწორედ ცუდი ამბავი იქცევს ხოლმე. ომისგან თუ ტრაგედიისგან განსხვავებით, მშვიდობა, პირიქით, არ ტოვებს არცერთ დრამატულ მომენტს, რომელიც მას ყურადღების ცენტრში მოაქცევს.

არქეოლოგებმა ამ ადგილას ცხრა ძირითადი ფენა აღმოაჩინეს, რომელთაგან ზოგიერთი მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნიმუშს უკავშირდება. ეს არ არის განადგურების მტკიცებულება. პირიქით, ის ასახავს დასახლების ყოველდღიურ რეალობას: მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, შეკეთებასა და აღდგენას.

არქეოლოგების თქმით, ტროას სავაჭრო ველი გადაჭიმული იყო მესოპოტამიიდან ეგეოსისა და ბალკანეთის ზღვამდე. ერთადერთი მტკიცებულება მართლაც მასშტაბური განადგურების შესახებ დაახლოებით ძვ.წ. 2 350 წლით თარიღდება. ფართო არქეოლოგიურ კონტექსტში ესაა გამორჩეული, როგორც იშვიათი, გამანადგურებელი მოვლენა — ერთი დრამატული ეპიზოდი გაცილებით უფრო ხანგრძლივი სტაბილურობის უწყვეტობის ფონზე.

რაც არ უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი — ომი, შიდა არეულობა თუ შემთხვევითი ხანძარი — ეს მოვლენა მხოლოდ ცოტა ხნით არღვევს ჩვეულ, უწყვეტ მშვიდობიან ცხოვრებას. და ეს ყველაფერი მოხდა ჰომეროსის მიერ აღწერილი ტროას ომამდე ათასი წლით ადრე.

ტროამ როგორც ქალამა დიდხანს იმიტომ არ გაძლო, რომ ის დიდი იმპერია იყო, არამედ იმიტომ, რომ კარგად იყო "ჩართული ქსელში". ეს იყო პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სანაპირო ქალაქი, სადაც მუდმივად ხდებოდა ვაჭრობა, მუშაობდნენ სპეციალიზებული ხელოსნები და თავისუფლად მოძრაობდა საქონელიც.

ტროაში მშვიდობა და სტაბილურობა არ ნარჩუნდებოდა ძალის გამოყენებით. დასახლებები თაობებს გადაეცემოდა უცვლელად, ხელობები იხვეწებოდა და ცოდნა გადაიცემოდა, ქალაქი ნელ-ნელა იზრდებოდა. ეს ყველაფერი შეთანხმებითა და თანამშრომლობით ხდებოდა, დაპყრობის გარეშე. ეს იყო ბრინჯაოს ხანის "პრაქტიკული მშვიდობის" გზა.

რატომ გვახსოვს ომი?

მოსათხრობად ომი უფრო საინტერესოა, ვიდრე რუტინული ცხოვრება. ჰომეროსის ილიადა არ არის ისტორიკოსის წიგნი, ის პოეტური ნაწარმოებია, რომელიც გვაჩვენებს გმირობას, ძალაუფლებას, დანაკარგსა და მსხვერპლს. ხანგრძლივი, მშვიდი ცხოვრების სცენაზე გამოტანა ჰომეროსს უფრო გაუჭირდებოდა და ამ შემთხვევაში მას არც ამდენი მკითხველი გაუჩნდებოდა.

ამ გზას გაჰყვნენ არქეოლოგებიც. მათ, ისევე როგორც საზოგადოებას, ომის ამბავი უფრო აინტერესებდათ და გათხრებიც სწორედ ამ ომის კვალის შესასწავლად დაიწყო. ეს მიუხედავად იმისა, რომ ტროას სტაბილურობა სწორედაც რომ სტაბილურობის ხარჯზე ნარჩუნდებოდა და არა ომებით.

ფოტო: researchgate

ტროას ნამდვილ სასწაულად არა მისი დაცემა, არამედ მისი ხანგრძლივი არსებობა ითვლება. ამ ქალაქში (დასახლებაში) ადამიანები უწყვეტად 3 000 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და არქეოლოგებს ახლა ეს ფენომენი უფრო აინტერესებთ. ტროა ახლა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზეა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ეგეოსის ზღვის მახლობლად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.