ღარიბაშვილის შეთქმულების თეორიები — რა თქვა პრემიერმინისტრმა
ძალადობრივი კონტრაქციის შემდეგ, რომლის შედეგად 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ერთი ნაცემი ოპერატორი კი გარდაიცვალა, ქვეყნის პრემიერმინისტრი ტელეეთერში პირველად გამოჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილმა 16-წუთიანი განცხადება მთლიანად შეთქმულების თეორიებს მიეძღვნა და ცხადია, ყველაფრის, მათ შორის, ძალადობრივი ჯგუფების უკანაც სააკაშვილის დანახვა შემოგვთავაზა.
ტრადიციულად, პრემიერმინისტრები განცხადებებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე აკეთებენ და ამ დროს კანცელარიის მე-12 სართულზე მხოლოდ სხვადასხვა ტელევიზიის ოპერატორებს უშვებენ. მათი მეშვეობით ხდება პირდაპირი ტრანსლირებაც. დაღუპული ლექსო ლაშქარავას კოლეგები დღეს მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს — უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს მათი დიდი ნაწილის მონაწილეობას საპროტესტო აქციაში. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, დღეს პრემიერმინისტრის კომენტარი საერთო სიგნალით გადაიცემოდა და ასეთ დროს ოპერატორებს მე-12 სართულზე არ უშვებენ.
განცხადება ღარიბაშვილმა სამძიმრით დაიწყო და თქვა, რომ "გულწრფელ" წუხილს გამოხატავს, ერთ წამში კი დაამატა, რომ ყველა ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და "მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან". ეს ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიტორიკის გაგრძელებაა, რომელიც ჯიუტად ცდილობს გარდაცვლილი ოპერატორი ნარკომომხმარებლად წარმოგვიჩინოს, თითქოს, ასეც რომ იყოს, ეს ძალადობას ამართლებს.
"რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაისაჯ... დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი", — თქვა ღარიბაშვილმა.
ამის შემდეგ კი, გაგვაცნო მისი შეფასება ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ყველაფრის უკან მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა "აღმოჩნდა".
თურმე, ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი წარუმატებელი შეთქმულება ყოფილა და არამხოლოდ "ანტისახელმწიფოებრივი", არამედ "ანტიეკლესიური" ძალების მიერ. ღარიბაშვილი შეგვპირდა, რომ ეს შეთქმულება ვერასოდეს შედგება.
მისი მტკიცებით, გარკვეულმა ძალებმა ტრაგედიის გამოყენება არჩევნებისთვის სცადეს და დასძინა:
"რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას".
არადა, გამოსვლაში თავადვე ახსენა არჩევნები ორჯერ.
ქვეყნის მთავარ გამზირზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე არაერთი ძალადობიდან ერთი კვირის შემდეგ ღარიბაშვილი გვიმტკიცებს, რომ ძალადობას არ დაუშვებს. თუმცა, ფაქტია, რომ ძალადობა მოხდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ძალადობრივ ჯგუფებსა და ხელისუფლებას შორის მჭიდრო კავშირების შესახებ ეჭვებზე.
ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ პოლიციამ "მყისიერად, მეორე დღესვე" მოახდინა რეაგირება. უცნობია, რა კრიტერიუმით არის მეორე დღეს რეაგირება "მყისიერი".
მან 5 ივლისის დილის საკუთარივე განცხადებაც შეგვახსენა, რომელიც სრულიად სამართლიანად მოძალადეებისთვის მწვანე შუქად იქნა აღქმული. ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი განცხადების შემდეგ, დაისვა კითხვები, რა კავშირია პრაიდსა და სააკაშვილს შორის. პრემიერმინისტრმა მისი განცხადების განმარტება საჭიროდ ჩათვალა, თუმცა შორს არ წასულა — გვითხრა, რომ პრაიდის თანაორგანიზატორი მოძრაობა სირცხვილია იყო, რომელიც "აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ".
"ეს არი დადასტურებული ფაქტი, მეგობრებო", — დასძინა მან.
მთელი 16 წუთის განმავლობაში ქვეყნის პრემიერმინისტრი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ "იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ძალების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ". მისი მტკიცებით, ეს აიცილეს, რადგან რისკები წინასწარ ჰქონდათ შეფასებული.
ამის შემდეგ, მან კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ რაც მოხდა, სამწუხაროა, თუმცა იქვე შეგვახსენა, რომ:
"ძალადობა, მეგობრებო, ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში".
მაგალითებად მან საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ დაასახელა და აღნიშნა, რომ იქ აგრესიული მანიფესტაციების შედეგად უამრავი ადამიანი დაშავდა და დასახიჩრდა.
"ჩვენს ქვეყანაში, ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, მათ, ლგბტ საზოგადოებას, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, წინასწარ ვუთხარით, რომ ამ ე.წ. აღლუმის გამართვა რუსთაველის პროსპექტზე შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი".
პრემიერმინისტრმა გვითხრა ისიც, რომ ღირსების მარშის რუსთაველის "პროსპექტზე" ჩატარებაა პრობლემა, თორემ სხვა ადგილებში პოლიცია მშვიდობიან ადამიანებს დაიცავდა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იტყუება, როცა ღირსების მარშს აღლუმს უწოდებს და ცდილობს მის დისკრედიტაციას, იმეორებს რა ძალადობრივი ჯგუფების მესიჯს, რომ აღლუმი მხოლოდ ჯარისაა. პრემიერმინისტრი აქვე ხაზს უსვამს, რომ "ე.წ. აღლუმის" წინააღმდეგი იყო. ლოგიკურია, რომ ქვეყნის პირველი პირისგან ეს განცხადება, ძალადობის წახალისებად აღიქმებოდეს. წინა განცხადებას, რომელიც ასევე წახალისებად მიიჩნევა, მოჰყვა კიდეც ძალადობა ქალაქის მთავარ გამზირზე და არამარტო.
"ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია. მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს".
გარდა ამისა, მან გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ. უცნობია, ღარიბაშვილმა არ იცის, რომ ადამიანი ჰომოსექსუალი "პროპაგანდით" ვერ გახდება თუ მიზანმიმართულად ავრცელებს ამ აზრს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა არცოდნა "არცოდვა" ვერ იქნება.
"როდესაც 95% ჩვენი მოსახლეობის არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული, მარშისტული აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, იძულებული ვართ, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ, ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში".
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა შეგვახსენა, რომ თბილისი პრაიდის მიერ ღირსების მარშამდე დაგეგმილი ორი ღონისძიება შედგა, შეფერხება არ ყოფილა და პოლიციამ პრევენცია მოახდინა. მას არ დაუკონკრეტებია, რატომ არ მოახდინა პრევენცია პოლიციამ 5 ივლისს და უკავშირდება თუ არა ეს პრემიერმინისტრის ჰომოფობიურ აზრებს და იმას, რომ მარშის წინააღმდეგი იყო.
ამავდროულად, ღარიბაშვილი გვიმტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა გამოხატვის თავისუფლებისთვის. მან ისაუბრა კონსტიტუციაზე და ტრადიციულად, თავი იმართლა ანტიდისკრიმინაციული კანონით. მისი თქმით, "ჩვენს მოქალაქეებს არავითარი პრობლემა არ აქვთ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში".
ერთ წამში კი, ღარიბაშვილი ამბობს:
"მაგრამ როდესაც ხდება პროვოკაციული, პოლიტიკური მიზნით ამ ყველაფრის ორგანიზება, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით, ვინაიდან, ვიცით, თუ რა დგას ამ მიზნის უკან — პოლიტიკური მიზანი, სხვა არაფერი".
პრემიერმინისტრი გვარწმუნებს, რომ სახელმწიფოში ძალადობაც მოხდება და კრიმინალიც, მაგრამ ამის განზოგადება არ შეიძლება.
"შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა".
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი გარანტიას იძლევა, რომ ყველა მოძალადე დაისჯება, ვინც ჩართული იყო ამ "პროვოკაციაში" და მოძალადეების უკანაც სააკაშვილის დანახვას გვთავაზობს.
"გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და მათ შორის იმაზე, რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე გააკეთეს მიზანმიმართული შეტევა აგრესიულმა პირებმა. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მეთოდებით მართავდნენ მოძალადეები და მკვლელები ქვეყანას, როცა ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ".
მისივე მტკიცებით, "რა თქმა უნდა, ძალადობრივი ფაქტები არ იყო არც მთავრობის და არც ეკლესიის ინტერესებში, შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი რევანშისტული ძალის ინტერესებში".
გაგიკვირდებათ და, მან რუსული ინტერესებიც არ გამორიცხა, კერძოდ, განხეთქილების შეტანა საზოგადოებაში და "ევროპული ფასეულობების არასწორი გზით, არასწორი ფორმით ჩვენება და დისკრედიტაცია". ღარიბაშვილის თქმით, ეს კარგად ესმით ოპონენტებს, მაგრამ გამიზნულად აკეთებენ იმას, რაც "არ არის ქვეყნის ინტერესებში".
16-წუთიან მიმართვაში, ცხადია, ღარიბაშვილი შეეხო 11 ივლისის აქციასაც და გვითხრა ასეთი რამ:
"ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე, ანტიეროვნული გზავნილები".
მაგალითად კი დაასახელა პატრიარქის დაკავების მოთხოვნა, რაც ტყუილია, რადგან აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს ეს მოთხოვნა არ ჰქონიათ. ისინი მოძალადე სასულიერო პირების დასჯას ითხოვდნენ და საპატრიარქოს ქმედებებს აპროტესტებდნენ. ილია მეორეს დაკავება კი ყოფილმა მღვდელმა, ბასილ კობახიძემ მოითხოვა, რომელიც საერთოდ არ იმყოფება საქართველოში და შესაბამისად, არც იმ აქციაზე ყოფილა. ამ განცხადებისას ღარიბაშვილმა მოსახლეობას ბოდიშიც კი მოუხადა, რომ "აღნიშნულს იმეორებს".
პრემიერმინისტრმა თქვა ისიც, რომ "ზოგადად", დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას მიესალმებიან და "რეალურად მიუკერძოებელი" მედიის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ გვიმტკიცებს, რომ აქციაზე სააკაშვილის მიერ მართული მედია იდგა:
"თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო. ოპოზიციური ტელევიზიები: მთავარი, TV პირველი, ფორმულა, პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი და რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ აქვთ ერთი მიზანი — როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც რა თქმა, უნდა მიუღწეველია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ".
ამასთან, ღარიბაშვილმა შეგვახსენა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა არჩევნებია, რომელსაც ოპოზიცია რამდენიმე წელია აგებს და "კიდევ ერთხელ მოუწევთ წაგება", რადგან ქართული ოცნება "დამაჯერებლად" მოიგებს.
მთელი ამ განცხადებების მიუხედავად, გვითხრა ისიც, რომ "ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, არ აქვს მნიშვნელობა, ის ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება, შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში".
მერე კი დასძინა:
"მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, ნებისმიერ მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი. სახელმწიფოს და კანონის სახელით, ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს".
აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილს ასეთი მკაცრი განცხადება არ გაუკეთებია 5 ივლისს, როცა რუსთაველის გამზირზე უკვე დაწყებული იყო ძალადობა. მან ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებს მხოლოდ თხოვნით მიმართა.
16-წუთიანი გამოსვლის ბოლოს, ღარიბაშვილმა გვამცნო, რომ ქართული ოცნების მთავარი დღის წესრიგი ქვეყნის განვითარება და ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა, "დესტრუქციულ ძალებს" კი ამ ყველაფრის შეფერხება სურთ. ღარიბაშვილი გვაძლევს გარანტიას, რომ "განვითარების გზა გაგრძელდება".
მას ვრცლად არ უსაუბრია გადადგომის მოთხოვნაზე, მხოლოდ ის თქვა, რომ ამაზე ოცნებობენ. გამოსვლის ბოლოს კი თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერებად წარადგინა.
კომენტარები