მთელი წლის ლოდინის შემდეგ, BMW-მ თავისი ელექტრო სკუტერის პირველი სამომხმარებლო ვერსია CE 04 წარადგინა. კომპანიის მიერ შარშან ნაჩვენებ სკუტერთან შედარებით, ახალი მოდელი გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ როდესაც საქმე ელექტრო სკუტერებს ეხება, მთავარი მაინც მახასიათებლებია.

ფოტო: TECHFAN

სკუტერის საჭის სახელურის თავზე განთავსებულია 10.25 ინჩიანი ეკრანი, რომელიც მძღოლს მგზავრობის ყველა დეტალს აცნობს, ამასთანავე მასში ინტეგრირებულია სანავიგაციო სისტემაც.

ფოტო: TECHFAN

CE 04-ს ძლიერი, 42 ცხენის ძალის მქონე ძრავა აქვს, რაც სკუტერს საშუალებას აძლევს 2.6 წამში 50 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს. ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე კი 120კმ/სთ-ია, რაც მას საავტომობილო გზებთანაც თავსებადს ხდის.

ამასთანავე, მძღოლებს შეუძლიათ სკუტერის სამი: ECO, Rain და Road რეჟიმებით ისარგებლონ. ანუ სკუტერი საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში, არჩევანი გავაკეთოთ გართობასა და ენერგოეფექტურობას შორის.

სკუტერის ელემენტის სიმძლავრე 8,9 კვტ/სთ-ია, რაც ერთ სრულ დამუხტვაზე 130 კილომეტრის დაფარვას უზრუნველყოფს. ლითიუმ-იონური ბატარეის სრულად დამუხტვას კი, დაახლოებით, 4 საათი სჭირდება.

ფოტო: CYCLE WORLD

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკუტერს უსაფრთხოების გაუმჯობესებული მახასიათებლები გააჩნია, რაშიც შედის სტაბილურობის ავტომატური კონტროლი, უახლესი თაობის დაბლოკვის საწინააღმდეგო დამუხრუჭების სისტემა და ძლიერი LED განათების სისტემა.

სკუტერის ღირებულება 16 000 $-ს შეადგენს და იგი ხელმისაწვდომი 2022 წლიდან იქნება. თავად BMW მას ჩუმ რევოლუციას უწოდებს.