კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანის სხეულის ზომა კლიმატმა განსაზღვრა
ჰომოს გვარს ჰომო საპიენსის სახეობა დაახლოებით 300 000 წლის წინ გამოეყო. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენს წინაპრებთან შედარებით, ჩვენი სხეულის ზომა ბევრად დიდია, ჩვენი ტვინი კი ზომით სამჯერ აღემატება იმ ადამიანების ტვინებს, რომლებიც მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.
მეცნიერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო იმ ფაქტორებზე, რომლებმა ადამიანების ასეთი ევოლუცია განაპირობა. ამიტომ, კემბრიჯისა და ტუბინგენის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდა გადაწყვიტა, ჰომოს გვარის 300-ზე მეტი წარმომადგენლის ნამარხის მონაცემები შეეგროვებინა და შეედარებინა იგი კლიმატის მოდელისთვის, ადმიანების ევოლუციაში კლიმატის როლის შესაფასებლად.
გუნდმა თითოეული ნამარხის ცხოვრების პერიოდში არსებული ტემპერატურა, ნალექები და სხვა კლიმატური პირობები შეისწავლა. მათი კვლევა, რომელიც Nature Communications-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს ძლიერ კავშირს სხეულის ზომასა და ტემპერატურას შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმ პერიოდში ადამიანების სხეულის ზომის ცვლილების მთავარი მამოძრავებელი სწორედ კლიმატი იყო.
"აცივებასთან ერთად იმატებდა ადამიანის ზომა", — განაცხადა მანუელ უილმა, ტუბინგენის უნივერსიტეტის მკვლევარმა და კვლევის თანაავტორმა. "რაც უფრო დიდი ზომის სხეული აქვს ადამიანს, მით მეტ სითბოს წარმოქმნის მისი ორგანიზმი და შედარებით ნაკლებ სითბოს კარგავს ის, რადგან სხეულის ზედაპირი იმავე სიჩქარით არ იზრდება, რა სიჩქარითაც მისი ზომა".
კლიმატსა და სხეულის მასას შორის კავშირს ასახავს ბერგმანის წესი, რომლის მიხედვითაც ცივ გარემოში უფრო დიდი ზომის ცხოველებს ვხვდებით, თბილში კი — პირიქით. ამის მაგალითს წარმოადგენენ დათვები — არქტიკაში მცხოვრები პოლარული დათვები ბევრად დიდი ზომისანი არიან, ვიდრე შედარებით თბილ კლიმატში მობინადრე ყავისფერი დათვები.
"ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა საინტერესოა იმის დანახვა, რომ ადამიანების ევოლუცია ამ მხრივ სხვა ძუძუმწოვრების ევოლუციისგან არ განსხვავდება", — განაცხადა დოქტორმა ნიკ ლონგრიჩმა ბეთ მილნერის უნივერსიტეტის ევოლუციის ცენტრიდან, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა.
კვლევაში ასევე განხილულია კავშირი ტვინის ზომასა და კლიმატს შორის — შედეგებმა აჩვენა, რომ გარემო ფაქტორებმა, სხეულის ზომასთან შედარებით, ტვინის ზომაზე მნიშვნელოვნად ნაკლები გავლენა იქონია. მკვლევრებმა ტვინის გაზრდილი ზომა სტაბილურ კლიმატსა და საკვების სტაბილურ მარაგს დაუკავშირეს.
"ეს ფენომენი აჩვენებს, რომ სხეულისა და ტვინის ზომები განსხვავებული სელექციური ზეწოლის ქვეშ არიან, ანუ ისინი იცვლებიან, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო", — აღნიშნავს კვლევაში მონაწილე პროფესორი, ანდრეა მანიკა.
მკვლევრებმა ტვინის ზომასა და ტემპერატურას შორის კავშირი ვერ იპოვეს. თუმცა, მკვლევრებმა გამოავლინეს კავშირი დიდი ზომის ტვინსა და სტაბილურ კლიმატს შორის.
"რაც უფრო სტაბილურია კლიმატი, მით უფრო დიდია ტვინის ზომა", — ამბობს უილი. "როგორც ვიცით, დიდი ტვინის ფუნქციონირებისთვის დიდი რაოდენობით ენერგიაა საჭირო — სტაბილურ გარემოში საკვები უფრო სტაბილურად მოიპოვება, შესაბამისად, ასეთ გარემოში ადამიანები საკმარის საკვებს იღებენ, რომელიც ტვინს საჭირო ენერგიით ამარაგებს".
მკვლვრებმა ასევე შეამჩნიეს ბიჰევიორული ცვლილებები, რომლებიც ტვინის ზომაზე შედარებით ღია გარემოში ნადირობის საპასუხოდ ახდენს გავლენას.
"თუმცა, კლიმატის გარდა არსებობს სხვა მამოძრავებელი ფაქტორებიც, რომლებიც ტვინის ზომაზე ახდენენ გავლენას", — ამბობს ლონგრიჩი. ასეთებია კონკურენცია, სოციალური, კულტურული თუ ტექნოლოგიური ფაქტორები. თუმცა, ამ კვლევაში ამ კომპონენტების გავლენა მეცნიერებს არ გაუთვალისწინებიათ.
უილი აღნიშნავს, რომ ევოლუცია ისევ მიმდინარეობს, თუმცა დღეს მასზე განსხვავებული გარემოებები ახდენს გავლენას, ვიდრე მილიონი წლის წინ. "წარსული მომავლის შესახებ გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა მხოლოდ მის საფუძველზე პროგნოზის გაკეთება არ შეიძლება", — აღნიშნავს ის. მეცნიერი ასევე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს დედამიწაზე დათბობის ტენდენცია შეინიშნება, ამის საფუძველზე ვერ დავასკვნით, რომ მომავალში ჩვენი სხეულების ზომა შემცირდება.
კომენტარები