10 რამ, რაც მოხდება, თუ სკოლაში სქესობრივ განათლებას ასწავლიან
რატომ არ უნდა გვეშინოდეს სქესობრივი განათლების.
სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან ჩვენ უამრავ ინფორმაციას ვიღებთ სამყაროს შესახებ. ვსწავლობთ მზის სისტემას, ბიოლოგიას, ფიზიკას, ხატვას და სხვა საგნებს. ყველაფერს, რაც სამყაროს აღქმაში გვეხმარება. მაგრამ ამ დროს არანაირ ინფორმაციას არ ვიღებთ საკუთარი სხეულის, სექსუალური მოთხოვნილებების და მასთან დაკავშირებული ემოციური დამოკიდებულებების შესახებ.
ამ ეტაპზე ისეთი შეხედულება გვაქვს, რომ თითქოს არ არის საჭირო ახალგაზრდებს ამ თემაზე ესაუბრო. თითქოს ისინი თავად მიიღებენ განათლებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ საიდან? მშობლებთან ამაზე ღიას საუბარი უჭირთ, თანატოლებს ვერ დაელაპარაკებიან, რადგან თვითონაც არ ფლობენ ინფორმაციას. ინტერნეტში კი ძნელია გაარჩიო რეალობა და მითი ერთმანეთისგან.
რეალურად სქესობრივი განათლების არ ქონა ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს, იქნება ეს მენტალური თუ ფიზიკური. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არც ზრდასრულობის ასაკში არ იციან, როგორ გაუფრთხილდნენ თავს, როგორ ჰქონდეთ უსაფრთხო კავშირები, როგორ განასხვავონ ფლირტი და სექსუალური შევიწროება.
სქესობრივი განათლება იმაზე უფრო კომპლექსურია ვიდრე საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია. ამ დროს ახალგაზრდები არ სწავლობენ მხოლოდ იმას, თუ როგორ ჰქონდეთ დაცული სექსი, ეს არც ნაადრევ ასაკში სექსზე წახალისებაა, პირიქით, მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას საკუთარი სხეულის, მენსტრუაციის, გარდატეხის ასაკში ჰორმონალური ცვლილებების, გენდერის და სხვა უამრავი საინტერესო საკითხის შესახებ.
სქესობრივი განათლებას მოჰყვება ცვლილებები, რომელიც ჰაერივით სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. ეს ცვლილებები კი გამოიწვევს ადამიანების განვითარებას და მათ უკეთეს, სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებას.
ამ სტატიაში გამოვყოფთ 10 ცვლილებას, რომელსაც სქესობრივი განათლება გამოიწვევს.
1. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით დამოკიდებულების ცვლილება
რაც არ უნდა დაუმალო ადამიანებს ინფორმაცია, ისინი ადრე თუ გვიან მაინც დაკავდებიან სექსით. ამის თავიდან აცილება გარდაუვალია. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ინფორმირებული იქნებიან სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით, მათი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და პარტნიორის მიმართ სრულიად შეიცვლება. ამ დროს შემცირდება დამატებითი შფოთვა და ღელვა, რაც ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული.
2. ახალგაზრდებს ეცოდინებათ როგორ დაიცვან თავი სხვადასხვა დაავადებისგან
ადამიანის უმეტესობამ არც კი იცი, რომ ვენერიული დაავადებები არსებობს, ან როგორ ვრცელდება ის. სქესობრივი განათლების შემთხვევაში, ამის შესახებ მათ მეტი ინფორმაცია ექნებათ და საკუთარ ჯანმრთელობას უკეთ დაიცავენ.
ხშირია შემთხვევები, როდესაც პარტნიორები რომელიმე დაავადების მატარებლები არიან და ეს სიმპტომებში არ გამოიხატება. მსგავს საკითხთან დაკავშირებით კი აუცილებელია ახალგაზრდები ინფორმაციას ფლობდნენ. ეს დაეხმარებათ მეტად გაუფრთხილდნენ არა მარტო საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ პარტნიორებსაც.
3. შემცირდება არასასურველი ორსულობის შემთხვევები
სექსუალური აქტის დროს თავის დაცვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომელთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია. სწორედ მსგავს საკითხთან დაკავშირებით, განათლების დონის ამაღლება დაეხმარება ახალგაზრდებს თავიდან აიცილონ არასასურველი ორსულობა, შედეგად კი შემცირდება აბორტების რაოდენობაც.
4. შემცირდება ძალადობის შემთხვევები
სექსუალურ კავშირზე თანხმობა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც სქესობრივი განათლების დროს ასწავლიან. სანამ ვინმე შეგვეხება, ჩაგვეხუტება ან გვაკოცებს, ჩვენ მათ ამის უფლება უნდა მივცეთ. ამის დასწავლა ბავშვობის ასაკიდან ხდება. როდესაც 4 წლის ბავშვი ამბობს, რომ ჩახუტება არ სურს, მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. ამით ის ხვდება, რომ ეს მისი სხეულია და საკუთარი სურვილის გარეშე, არ შეუძლია ვინმე შეეხოს.
იგივე უნდა ხდებოდეს ზრდასრულობის ასაკში. თუკი ვინმეს გვინდა რომ ჩავეხუტოთ, უნდა დავუსვათ კითხვა — შეიძლება ჩაგეხუტო? თუ ის სიტყვიერად დაგვთანხმდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავეხუტოთ მას. თუკი ადამიანი ადრეული ასაკიდან ისწავლის სხვისი სივრცის პატივისცემას, დიდი შანსია, რომ ის საკუთარ სივრცესაც მეტად დააფასებს.
5. შემცირდება ბულინგი და სექსუალური შევიწროება
ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზით აბულინგებენ. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული დაბალი თვითშეფასების გამო, დაბალი ემოციური ინტელექტიდან გამომდინარე, ზოგიერთი კი თავად იყოს ბულინგის მსხვერპლი. სქესობრივი განათლება მოსწავლეებს ბულინგის უარყოფითი მხარეებს ასწავლის. ასევე ის ეხმარება ახალგაზრდებს მიიღონ საკუთარი თავი, შეიყვარონ საკუთარი სხეული, რაც მათ თვითშეფასებას ამაღლებს.
6. დაიწევს ახალგაზრდებში თვითმკვლელობის რისკი
სქესობრივი განათლება ახალგაზრდებს ასწავლის საკუთარი თავის მიღებას, სტრესისა და დეპრესიის გამკლავების საშუალებებს. მათი თვითშეფასება მაღლდება და მოსწავლეებმა უკვე იციან, როგორ უნდა დაიცვან თავი, გაერკვნენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში და გაუმკლავდნენ შფოთვას.
7. ახალგაზრდები უკეთეს გაიცნობენ საკუთარ სხეულს
სქესობრივი განათლება არ არის სექსის პროპაგანდა. ეს უბრალოდ ინფორმაციის მიწოდებაა ახალგაზრდებისთვის საკუთარი სხეულის ანატომიის და ჰორმონების მოქმედების შესახებ.
თინეიჯერობის ასაკში სხეულში უამრავი ცვლილება ხდება. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად შესამჩნევია. თუკი ახალგაზრდებმა არ იციან, რომ ეს სრულიად ნორმალურია, ისინი თვლიან, რომ პრობლემა მათშია, რაც იწვევს შფოთვას, დეპრესიას და დაბალ თვითშეფასებას. ამისგან თავის არიდება კი ძალიან მარტივად შეიძლება, განათლების დონის ამაღლებით.
8. მშობლები უფრო მარტივად ისაუბრებენ საკუთარ ღირებულებებზე
სქესობრივი განათლება დაეხმარება როგორც ბავშვს ასევე მშობლებსაც. ისინი უფრო მარტივად შეძლებენ შვილებს ესაუბრონ სხვადასხვა ტაბუირებულ თემასთან დაკავშირებით და გაუზიარონ მათ საკუთარი ღირებულებები. ეს მეტად დაახლოებთ მათ ერთმანეთთან.
9. დაეხმარება ახალგაზრდებს საკუთარი სხეულის მიმღებლობაში
როგორც უკვე აღვნიშნე, საკუთარი თავის მიმღებლობა სქესობრივი განათლების უდიდესი ნაწილია. ძალიან ძნელია ახალგაზრდობის ასაკში გაუმკლავდე იმ ტოქსიკურ სტანდარტებს რომელსაც საზოგადოება გვიწესებს. შეხედულებები სილამაზეზე, გენდერული სტერეოტიპები და სხვა მსგავსი თემები ზრდასრულობის ასაკშიც კი დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე.
მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება გაარჩიონ ერთმანეთისგან კარგი და ცუდი. რა არის რეალობა და რა არის ხელოვნურად თავს მოხვეული ღირებულებები. სქესობრივი განათლება დაეხმარება ახალგაზრდებს იყვნენ უფრო გონებაგახსნილები, უფრო მეტად ემპათიურები და ჰქონდეთ განსხვავებულის მეტი მიმღებლობა. ეს კი საშუალებას მისცემს მათ, შეუყვარდეთ საკუთარი თავი და გარშემომყოფი ადამიანები. საკუთარი თავის მიღება უფრო ამაღლებს თვითშეფასებას, რის შედეგადაც ახალგაზრდები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენებას.
10. დაამსხვრევს მითებს სექსთან დაკავშირებით
სექსთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს, რომელიც ჩვენ ზრდასრულობის ასაკშიც კი თან გვდევს. ეს მითები ხანდახან ხელს გვიშლის გვქონდეს სრულფასოვანი ურთიერთობები. სექსთან დაკავშირებით მითების დამსხვრევით ადამიანები იქნებიან უფრო თავისუფლები, ლაღები და შეძლებენ პარტნიორთან უფრო გულწრფელი კავშირის დამყარებას. ისინი ისწავლიან საკუთარი თავის და ერთმანეთის პატივისცემას, რაც მეტად გაამყარებს ურთიერთობებს და ახალგაზრდებს უფრო ჯანსაღ საზოგადოებაში ცხოვრების საშუალებას მისცემს.
კომენტარები