თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC) სტუმრობისას განაცხადა, რომ თბილისის მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი 5-ვაგონიანი.

თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონიაზე აღინიშნა, თბილისისთვის სპეციალურად შეიქმნა მატარებლის ახალი ვაგონები, რომელიც უნდა გახდეს თბილისის მეტროს განუყოფელი ნაწილი და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის სიმბოლო.

სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქისთვის მეტროს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მეტროპოლიტენს ახალ სიცოცხლეს აძლევს.

"მიხარია, რომ დღეს ვიმყოფებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის გამო და ამ სასიხარულო ფაქტს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით, ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეამატა თბილისის მეტროს.

თბილისის მეტროპოლიტენს ხანგრძლივი ისტორია აქვს. თავის დროზე მისი შექმნა ქალაქის სატრანსპორტო განვითარებისკენ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. დღეს უკვე ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიას და ახალ სიცოცხლეს ვაძლევთ მეტროპოლიტენს, რომელმაც უნდა უპასუხოს თანამედროვე თბილისის საჭიროებებს.

მეტრო თბილისისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის. ის ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს არის ტრანსპორტი, რომლითაც ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი გადაადგილდება. ამიტომ, მეტროს განახლება მხოლოდ ტრანსპორტის განახლებას არ ნიშნავს, ეს არის ნაბიჯი კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნისკენ", — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროს ვაგონების განახლების პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დიდი მხარდაჭერა. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი იყო შპს "ჯი-თი გრუპის" თანამშრომლობა მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიასთან — ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კომპანიასთან

მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სრულიად თანამედროვე პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც წლის ბოლოს იქნება თბილისში. ასევე, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მეტროპოლიტენს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი 5-ვაგონიანი.