ლელო — ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე, თბილისის მერის, კახა კალაძის დაპირებების შესახებ ისაუბრა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, დედაქალაქის მერმა გასული წლების განმავლობაში მიცემული ძირითადი დაპირებებიდან არცერთი არ შეასრულა.

საუბრისას ირაკლი კუპრაძემ ყურადღება გაამახვილა საპარკინგე ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ მიწისქვეშა პარკინგების ნაცვლად, თბილისელებს მხოლოდ გაზრდილი ჯარიმები შეხვდათ.

"სწორედ 9 წლის წინ, 2017 წელს, ფილარმონიასთან უნდა გაეხსნა მიწისქვეშა პარკინგი. მთელი თბილისის მასშტაბით უნდა გაკეთებულიყო 10 უზარმაზარი მიწისქვეშა პარკინგი. 9 წლის განმავლობაში თითქმის 5000-ით შემცირდა საპარკინგე ადგილების რაოდენობა, მაგრამ კალაძემ გაუკეთა უზარმაზარი საჩუქარი თბილისელებს და სხვადასხვა ჯარიმა, ზოგი 100, ზოგი 150%-ით გაზარდა. უკვე 2026 წელს რეკორდული მაჩვენებელი ჯარიმებისა ამოიღო კალაძემ თბილისელების ჯიბიდან, სწორედ თქვენი ჯიბიდან — შეამცირა პარკინგების რაოდენობა, 9 წლის განმავლობაში არ შეასრულა პირობა 10 მიწისქვეშა საპარკინგე სივრცესთან დაკავშირებით, ამ დროს უფრო მეტი ფული წაგართვათ, ამოგიღოთ ჯიბიდან, მოგპარათ!", — განაცხადა კუპრაძემ.

კუპრაძემ გაიხსენა თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტიც და აღნიშნა, რომ დაპირების შეუსრულებლობის გადასაფარად მილიონები დაიხარჯა.

"2018 წელს დაგვიანონსა, რომ თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტრო აშენდებოდა. 8 წლის წინ თქვა სწორედ ეს პირობა და კალაძემ ესეც არ შეასრულა. რუსთავსა და თბილისს შორის დღეს არის სატრანსპორტო კოლაფსი, რომელზეც პასუხისმგებლობა დღემდე არ აუღია. ამასობაში, კალაძემ ჩაატარა კვლევა და 12 მილიონი დახარჯა სულ ახლახან ამ კვლევაზე, რომელსაც ათქმევინა, რომ თურმე რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო არ აშენდება. 12 მილიონი დახარჯა იმაში, რომ თქვენთვის ნათქვამი ტყუილი "გაეპრავებინა". წარმოუდგენელ დანაშაულთან და უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე", — თქვა კუპრაძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, პრობლემურია მეტროსადგურების მშენებლობისა და განახლების ვადებიც.

"ამ 9 წლის განმავლობაში კალაძემ სხვადასხვა კამპანიის პირობებში, დადო პირობა, რომ 8 მეტროსადგურს ააშენებდა და ეს არის ტყუილი, უპასუხისმგებლობა, რომელიც კიდევ ერთხელ არ შესრულდა. ახმეტელის მეტროს უნდა ჰქონოდა 2024 წელს ახალი მეორე ამოსასვლელი იმიტომ, რომ ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია. არ გაკეთებულა და ისევ მოატყუა თბილისელები კალაძემ. იგივე მდგომარეობაა მარჯანიშვილის მეტროსთან მიმართებით. მან დადო პირობა მარჯანიშვილის მეტროსთან, რომ 2026 წელს უკვე მარჯანიშვილის მეტროს ექნებოდა მეორე ამოსასვლელი, თუმცა ესეც არ შესრულდა, ისევ ტყუილთან გვაქვს საქმე", — აღნიშნა პოლიტიკოსმა.

კუპრაძემ ასევე ისაუბრა მტკვარზე დასაპროექტებელ ხიდებსა და "ვეფხი და მოყმის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

"მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ "ვეფხი და მოყმესთან" უნდა მოწყობილიყო სატრანსპორტო კვანძი, რაშიც უნდა დახარჯულიყო 300 მილიონზე მეტი. სადმე ხედავთ თბილისელები "ვეფხი და მოყმის" წრიულთან რაიმე სატრანსპორტო კვანძს ან დამაკავშირებელს მეორე სანაპიროსთან? ვერ ხედავთ იმიტომ, რომ კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი, რომელსაც არცერთ ტრაგედიაზე, ტრაგედიების ჩამონათვალს ახლა არ გავაკეთებ, არცერთ მძიმე ტრაგედიაზე, არცერთ სიკვდილზე, არცერთ ნგრევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია დედაქალაქში!", — თქვა კუპრაძემ.

ბრიფინგის დასასრულს ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ძლიერი საქართველო — ლელო ბოლომდე იბრძოლებს იმისათვის, რომ თითოეულ შეუსრულებელ დაპირებასა და მიტოვებულ პროექტზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ პირებს დაეკისროს.