"დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ალდე გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, ლელო იქნება ეს, თუ სხვა," — ამის შესახებ ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი, ვისაც "ევროპაში არავინ ეკარება" ქართული ოცნებაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დელეგაცია, რომელიც ბელგიასა და ლუქსემბურგში ჩავიდა "სასაცილო საყურებელი" იყო.

"პაპუაშვილი მართლა ჯამბაზი გახდა. მეცინება იმიტომ რომ, როგორ შეიძლება არ გაგეცინოს. დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ალდე გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, ლელო იქნება ეს, თუ სხვა. ერთადერთი, ვინც არის გამიჯნული, სრულ იზოლაციაში და ვისაც ევროპაში არავინ ეკარება, როგორც კეთროვანს, ეს არის სწორედ ქართული ოცნება. ძალიან საცოდაობა და სასაცილო საყურებელი იყო დელეგაცია, რომელიც ბელგიასა და ლუქსემბურგში ჩავიდა. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო, რომ არცერთი ადამიანი არ გამოჩნდა არც ბელგიაში და არც ლუქსემბურგში, ვინც რამე განცხადებას გააკეთებდა ამ შეხვედრებზე. მერე ვნახეთ რომ სასაცილო ხალხი — პაპუაშვილი და მისი ქვეშევრდომები დაეწყვნენ და თვითონვე აკეთებდნენ განცხადებებს. მოკლედ, თვითონ რომ ცეკვავს და თვითონ რომ მღერის ამ ვითარებაში იყვნენ, იმიტომ რომ კაციშვილი არ გამოჩნდა პოზიტიური შეფასების მიმცემი," — განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ შალვა პაპუაშვილი ALDE-ს მოუწოდა ლელოს გაემიჯნოს, რადგან, მისი შეფასებით, პარტიამ საქართველოში "ქსენოფობიური კამპანია" დაიწყო "არაბიზაციის" საკითხზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებას ევროპული პოლიტიკური გაერთიანება ALDE-ც.
პარტიამ IPN-ის მიერ დასმულ კითხვებს წერილობით უპასუხა. ALDE-ს პასუხში ნათქვამია, რომ ისინი მიესალმებიან შალვა პაპუაშვილის მუდმივ ინტერესს მათი პარტიის მიმართ, თუმცა ორგანიზაცია არ ერთვება შიდაპოლიტიკურ პროცესებში და მისი პრინციპები მკაფიოდ არის განსაზღვრული.

"მივესალმებით ბატონი პაპუაშვილის მუდმივ და ხშირ ინტერესს ALDE-ს პარტიის მოსაზრებების მიმართ.

მან [შალვა პაპუაშვილმა] იცის, ჩვენ — როგორც ევროპული პოლიტიკური პარტია — არ ვერთვებით ქვეყნის შიდა კამპანიებში, ჩვენი პრინციპები და ღირებულებები კარგადაა ცნობილი და დამკვიდრებული, ისინი ჩვენს "ღირებულებათა ქარტიაშია" ასახული. აღსანიშნავია, რომ ისინი ადასტურებენ ჩვენი წევრი პარტიების რწმენას, რომ ლიბერალურ დემოკრატიაში, ხელისუფლებები ძალაუფლებას მოსახლეობის ნდობისა და რწმენისგან, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით იღებენ.

ჩვენ ვმუშაობთ კორუფციასთან ბრძოლასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფაზე, ვინაიდან გვჯერა, რომ ისინი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ნდობის, კონკურენციისა და ანგარიშვალდებულების გარემოს ჩამოყალიბებას მთავრობებსა და მოქალაქეებს შორის", — აღნიშნავს პარტია.

გარდა ამისა, წერილში ევროპული პარტია საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"ALDE დგას და მომავალშიც იდგება ქართველი ხალხის გვერდით, აღფრთოვანებული ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფისადმი მათი მტკიცე ერთგულებით.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას — დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ისეთი პოლიტიკური ლიდერები, როგორიც არის ელენე ხოშტარია, ჟურნალისტები და მშვიდობიანი დემონსტრანტები; შეწყვიტოს საკუთარი ხალხის იგნორირება და მათ წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გატარება, რომელიც აგრძელებს პროტესტს თბილისსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით და გააკეთოს უკეთესი არჩევანი, ვიდრე მოქალაქეებისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შეზღუდვა და ერთპარტიული დიქტატურისკენ სვლაა", — აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.


ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ არაბული ინვესტიციების თაობაზე ლელოს კრიტიკულ პოზიციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და ეს განცხადებები "ქსენოფობიად" მიიჩნია. მანვე აღნიშნა, რომ ალდემ, რომელშიც ლელოცაა გაერთიანებული, პარტიის ქსენოფობიურ განცხადებებზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და მას გემიჯნოს.

"ალდეს მეორე შანსი აქვს, რომ ლელოს გაემიჯნოს — ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია სლოგანით: "არაბიზაცია", რაც აბსოლუტური ტყუილია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს", — თქვა პაპუაშვილმა.