შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ მისცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 1-ელ ოქტომბერს აქციის ჩატარების უფლება.

აღნიშნულ საკითხზე შსს-ს განმარტებით, ორგანიზატორების მიერ შეტანილ გაფრთხილებაში არ იყო მითითებული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და დოკუმენტს ხელი არ ჰქონდა მოწერილი შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირს, ბესარიონ გედენიძეს. გარდა ამისა, პოლიციის განმარტებით, 3-4 ოქტომბერს რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე "თბილისობა 2026"-ის ღონისძიებებია დაგეგმილი და მერიას ამ ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს. უწყება აღნიშნავს, რომ აქციამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ღონისძიებების ჩატარებას, ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილებას, რის გამოც ორგანიზატორებს შეკრების ადგილის ან/და დროის შეცვლის განხილვა შესთავაზეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის მიერ, 2026 წლის 25 სექტემბერს, წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი, კერძოდ:

— განცხადებაში (გაფრთხილება) არ იყო აღნიშნული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;

— ასევე, გაფრთხილებას ხელს არ აწერდა შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი ბესარიონ გედენიძე, რაც "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს.

გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის მიერ, ირაკლი ფავლენიშვილს წერილობით განემარტა, რომ 2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება "თბილისობა 2026"-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები, შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აქციის ორგანიზატორებს მიეცათ მითითება განეხილათ შეკრება/მანიფესტაციის გამართვის ადგილისა ან/და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი," — განმარტავს შსს [IPN].

შეგახსენებთ, ენმ აქციას საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან მე-5 წლისთავზე მართავს. პარტიის დროებითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აქციის ადგილს, რიყის დოქებს სიმბოლური დატვირთვა აქვს.


13 ივლისს "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა. თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე არსებული ობიექტს შპს "რიყე დომ"-ის საკუთრებაშია. ირაკლი კობახიძის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, "რიყის დოქების" საპრივატიზაციო პირობების შესრულების მიზნით ადგილზე არანაკლებ 44 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. განკარგულებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ადგილზე უძრავი ქონების განვითარება უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2030 წლის 10 მაისისა, რაც მოიცავს სასტუმროს შექმნას, სამშენებლო სადემონტაჟო სამუშაოებს და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას.