სტრესი გაჭაღარავებას იწვევს, მაგრამ ფერის დაბრუნება შესაძლებელია — კვლევა
ლეგენდის თანახმად, მარი ანტუანეტა 1791 წელს თავის მოკვეთის წინა ღამით გაჭაღარავდა.
მიუხედავად გადმოცემის უზუსტობისა — ფოლიკულიდან უკვე ამოზრდილი თმა ფერს არ იცვლის — კოლუმბიის მკურნალთა და ქირურგთა უნივერსიტეტის მოღვაწეთა მიერ წარმოებული ახალი კვლევა პირველ რაოდენობრივ მტკიცებულებას გვთავაზობს ფსიქოლოგიური სტრესისა და გაჭაღარავების კავშირის შესახებ.
მიუხედავად იმის ინტუიციური ცოდნისა, რომ სტრესს გაჭაღარავების პროცესის დაჩქარება შეუძლია, მკვლევრების გაოცება სტრესის აღმოფხვრის შემდეგ თმის ფერის დაბრუნების მოვლენამ გამოიწვია, რაც თაგვებში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებს ეწინააღმდება, რომელიც სტრესისაგან გამოწვეული ჭაღარის პერმანენტულობაზე მიუთითებდა.
22 ივნისს eLIfe-ში გამოქვეყნებულ კვლევას იმაზე ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საუკუნო ვარაუდის დამტკიცებაა თმის ფერზე სტრესის გავლენის შესახებ, აცხადებს კვლევის უფროსი ავტორი, დოქტორი მარტინ პიკარდი, ბიჰევიორული მედიცინის ასოცირებული პროფესორი ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში, კოლუმბიის მკურნალთა და ქირურგთა უნივერსიტეტში.
"იმ მექანიზმთა გაგება, რომელიც "მოხუცებულ" ჭაღარა თმას მათ "ახალგაზრდა", პიგმენტირებულ ფაზაში დაბრუნების საშუალებას აძლევს, ასაკის მატების ზოგადი პროცესის დამყოლობისა და მასთან სტრესის კავშირის შესახებ ახალი მინიშნებების მოცემა შეუძლია. ჩვენი მონაცემები იმის დამამტკიცებელ საბუთებს ემატება, რომ ასაკის მატების პროცესი სწორხაზოვან, მტკიცე ბიოლოგიურ პროცესს არ წარმოადგენს და ნაწილობრივ მაინც შეიძლება როგორც შეფერხებული, ასევე დროებით შექცევადიც კი იყოს", — ამბობს პიკარდი.
თმის ღერთა დაყოფა პიგმენტაციის შესასწავლად
კვლევის ავტორმა და პიკარდის ლაბორატორიის სტუდენტმა, ეილეტ როზენბერგმა, თმის პაწაწინა ნაწილების დეტალური გამოსახულების მისაღებად ახალი მეთოდი განავითარა, რათა თითოეულ მათგანში პიგმენტის დაკარგვის ხარისხი რაოდენობრივად აღეწერა.
"თუ თმას თვალით დააკვირდებით, სერიოზული ცვლილების არარსებობის შემთხვევაში, ფერი ყველგან ერთნაირი მოგეჩვენებათ", — ამბობს პიკარდი.
მკვლევრებმა 14 მოხალისისაგან აღებული თმა შეისწავლეს, შედეგები კი სტრესის თითოეული მათგანის მიერ წარმოებულ დღიურებს იქნა შედარებული, სადაც ინდივიდებს მათი გრაფიკისა და სტრესის ყოველკვირეული დონის შეფასებას სთხოვდნენ.
სწავლულებმა მაშინვე შენიშნეს, რომ ჭაღარა თმის ნაწილი თავდაპირველ ფერს ბუნებრივად აღიდგენდა, რაც, პიკარდის თქმით, რაოდენობრივად აღწერილი არასოდეს ყოფილა.
როცა შენონ როზერი, ნაშრომის მეორე ავტორი და პიკარდის ლაბორატორიის სტუდენტი, თმასა და სტრესის წარმოებას ადარებდა, სტრესსა და გაჭაღარავებას შორის თვალში საცემი ასოციაციები გამოვლინდა და, ზოგიერთ შემთხვევაში, სტრესის მოხსნასთან ერთად გაჭაღარავების პროცესის უკუქცევაც.
"მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ინდივიდი დასასვენებლად გაემგზავრა, მისი თმის 5 ღერი შესვენებისას, დროში სინქრონიზებულად, მუქ ფერს დაუბრუნდა", — განაცხადა პიკარდმა.
გონებისა და მიტოქონდრიის კავშირის წვლილი
სტრესის და გაჭაღარავების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის უკეთ გასაგებად მკვლევრებმა ასევე გამოიკვლიეს თმაში არსებული ათასობით პროტეინი და მათი დონის ცვლილება თმის თითოეული ღერის სიგრძესთან მიმართებაში.
300 პროტეინში ცვლილებები თმის ფერის ცვლილებასთან ერთად განვითარდა, მკვლევრებმა კი მათემატიკური მოდელი შექმნეს, რომლის მიხედვითაც თმის გაჭაღარავება მიტოქონდრიაში სტრესით გამოწვეული ცვლილებებით შესაძლოა აიხსნას.
"ხშირად მიტოქონდრიას უჯრედის ელექტროსადგურს უწოდებენ, თუმცა ეს მისი ერთადერთი როლი არ არის. მიტოქონდრია სინამდვილეში უჯრედში მოთავსებული პატარა ანტენასავითაა, რომელიც სხვადასხვა სახის სიგნალებზე რეაგირებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ სტრესზე", — ამბობს პიკარდი.
მიტოქონდრიის კავშირი სტრესსა და თმის ფერს შორის განსხვავდება თაგვების ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, რომელიც სტრესით აღძრული გაჭაღარავების მიზეზად თმის ფოლიკულაში არსებული ღეროვანი უჯრედების შეუქცევად დაკარგვას მოიაზრებდა.
"ჩვენი მონაცემები ადამიანებში გაჭაღარავების პროცესის შექცევადობაზე მიუთითებს, რაც მექანიზმის განსხვავებულობას უსვამს ხაზს. თაგვების თმის ფოლიკულის ბიოლოგია მკვეთრად განსხვავებულია, რაც შესაძლოა თაგვებზე მიღებული მონაცემების ადამიანებზე გადმოტანას აფერხებდეს", — ამბობს კვლევის თანაავტორი და დოქტორი რალფ პაუსი, მაიამი მილერის სამედიცინო სკოლის დერმატოლოგიის პროფესორი.
თმის ხელახალი პიგმენტაცია მხოლოდ ზოგიერთ ადამიანშია შესაძლებელი
ცხოვრებაში სტრესის შემცირება კარგი იდეაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად თმის ნორმალურ ფერს დაგიბრუნებთ.
"ჩვენს მათემატიკურ მოდელზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, თმას გარკვეულ ზღურბლამდე მიღწევა ესაჭიროება, სანამ გაჭაღარავდება. შუა ხნის ასაკში, როდესაც ბიოლოგიური ასაკისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე თმა ამ ზღურბლთან ახლოსაა, სტრესი მის მიღმა უბიძგებს და იგი ნაცრისფრად შეიფერება. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობთ, რომ 70 წლის ასაკის წლობით ჭაღარა ადამიანში სტრესის შემცირება თმას გაამუქებს ან 10 წლის ასაკი საკმარისი იქნება თმის ჭაღარა ზღურბლზე გადასვლისათვის", — აცხადებს პიკარდი.
კვლევის ხილვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ: ადამიანის თმის გაჭაღარავებისა და ცხოვრებისეულ სტრესთან მიმართებული პროცესის შექცევადობის რაოდენობრივი ასახვა.
კომენტარები