"სექსი არავისთან მინდა" — მითები და ფაქტები ასექსუალობის შესახებ
ასექსუალთა ხმები თანამედროვე საზოგადოებაში ნელ-ნელა უფრო ხმამაღლა ისმის, თუმცა ამ ორიენტაციაზე ჯერ კიდევ ბევრს აქვს მცდარი წარმოდგენა შექმნილი. სექსის არნდომა არ უტოლდება რომანტიკული ურთიერთობის ან ინტიმურობის სურვილის არქონას, რისი ცოდნაც ყველასთვის სასარგებლოა.
ფოტო: Anna Gong / Chronicle
იასმინ ბენოითი მაშინ მიხვდა, რომ ასექსუალი იყო, როცა მისმა თანატოლებმა გაარკვიეს, რომ — ისინი არ იყვნენ. "ყველა ასექსუალი ჩანს სქესობრივ მომწიფებამდე, მერე კი ყველაფერი იცვლება. თუმცა ჩემ შემთხვევაში სხვანაირად მოხდა. მივხვდი, რომ რაღაცით გამოვირჩეოდი", — იხსენებს ის.
თუმცა როცა ბენოითი თინეიჯერობისას თავის ასექსუალობაზე ხმამაღლა ალაპარაკდა, მას არავინ დაუჯერა. "მეუბნებოდნენ, ასექსუალს არ ჰგავხარო; უბრალოდ, დაკომპლექსებული ხარ, ან ვიღაცამ იძალადა შენზე, ანდაც, შესაძლოა, გეი ხარო... შეიძლება, ფსიქოპათი ხარ და სათანადო კავშირს ამიტომ ვერ ამყარებ ხალხთანო".
ყველას საკუთარი თეორია ჰქონდა იმის შესახებ, თუ "რა სჭირდა" ბენოითს. არავინ მიიღო ის მარტივი ფაქტი, რომ ის, უბრალოდ, არ განიცდიდა სექსუალურ მიზიდულობას სხვების მიმართ. და ის მარტო არაა. დღეს ბენოითი 24 წლის მოდელი და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ასექსუალი აქტივისტია. ის იმ ორიენტაციის წარმომადგენელია, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობის 1% იზიარებს, თუმცა ზოგიერთის აზრით, ეს რიცხვი რეალურად უფრო მაღალია.
"არავისთან მსურს სექსი და ალბათ არც არასდროს მექნება", — ამბობს ბენოითი. თუმცა იმასაც უსვამს ხაზს, რომ საკვანძო დეტალი აქ სხვა ადამიანებთან სექსის სურვილის არქონაა და აღნიშნავს, რომ თავად მასტურბირებს.
ბენოითის მიზანია, რომ სხვა ასექსუალი ადამიანები აღარ გრძნობდნენ თავს ანომალიურებად ან მარტოდ იმ სამყაროში, რომლის კულტურის ნაწილიცაა ვნება და სექსუალური სურვილი. "ჩვენი საზოგადოება სულ უფრო და უფრო ჰიპერსექსუალიზებული ხდება და ამან, შეიძლება, ასექსუალ ადამიანებში გაუცხოების განცდა გაამძაფროს, რადგან მათ ასეთი გრძნობები და ასეთი ცხოვრების სურვილი არ აქვთ", — აღნიშნავს ის.
"ალბათ სექსი არც არსდროს მექნება", — მოდელი და აქტივისტი, იასმინ ბენოიტი.
ფოტო: Karen Robinson / The Observer
ასექსუალობის მოძრაობა ახალბედა და სწრაფად მზარდია. ბოლო დროს კი მისი შემჩნევა უფრო მასშტაბურად დაიწყეს. გასულ წელს ასექსუალი ჟურნალისტის, ანჯელა ჩენის კრიტიკულად აღიარებული წიგნი, Ace გამოვიდა, რომელმაც ასექსუალობის მრავალი აქამდე ჩრდილში მყოფი ასპექტი დღის სინათლეზე გამოიტანა. "განმარტებებში ჩაფლობის ნაცვლად, სჯობს ხალხმა ეს ისტორიები წაიკითხოს და დაფიქრდეს: ჩემს გამოცდილებას ხომ არ ასახავს?", — ამბობს 29 წლის ჩენი.
ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში ამგვარი გამოცდილებები არ იყო აღიარებული: ასექსუალობას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც "დავიწყებულ" ან "უხილავ" ორიენტაციას. ბოლო დრომდე ის აშშ-ის მენტალური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სამედიცინო ცენტრის მიერ სამედიცინო პრობლემადაც კი მიიჩნეოდა. თუმცა 2013 წელს განსაზღვრებას შესწორება დაემატა, რომლის მიხედვითაც, ასექსუალობა არ უკავშირდება რაიმე დარღვევას. ამის მიუხედავად, ბევრი კვლავ შეცდომით მიიჩნევს მას დაავადებად.
ინტიმური ცხოვრება სექსის ან რომანტიკის გარეშეც შეიძლება გქონდეს.
ის, ასევე, შეაფასეს როგორც "მსოფლიოს პირველი ინტერნეტ-ორიენტაცია", რაც იმაზე მიუთითებს, თითქოს ადამიანები, რომლებიც თავს ასე გრძნობენ, მხოლოდ ინტერნეტის შექმნის შემდეგ გამოჩნდნენ. ეს კი ამყარებს მავნე სტერეოტიპს, რომ ასექსუალობა მხოლოდ ვარდისფერთმიანი თინეიჯერების მიერ Tumbler-ზე აგორებული მოდაა, რომელიც რეალურ სამყაროში არც კი არსებობს. მიუხედავად ამ მტკიცებების აბსურდულობისა, ინტერნეტი ნამდვილად აღმოჩნდა ხელსაყრელი სივრცე თანამედროვე ასექსუალების მოძრაობისთვის, რომელიც 2000 წელს დაიწყო: მაშინ, როცა სანფრანცისკოელმა სტუდენტმა, დევიდ ჯეიმ სხვებთან დასაკავშირებლად საიტი შექმნა (მისი თქმით, როდესაც ასეუქსუალობას იკვლევდა, მხოლოდ ის ნაშრომები იპოვა,რომლებიც "მცენარეების ბიოლოგიისა და ამებების შესახებ" საუბრობდნენ). ვებსაიტმა ათასობით დაინტერესებული მოიზიდა და შედეგად ჯეიმ დააარსა ასექსუალობის ხილვადობის ქსელი (AVEN), რომელიც 120 ათასი წევრისგან შედგება და დღემდე ასექსუალობის ყველაზე დიდ პლატფორმად რჩება. მას შემდეგ, რაც ასექსუალებმა ერთმანეთი Twitter-ზე Tumbler-ზე Reddit-სა და Discord-ზე იპოვეს, მოძრაობამ რეალურ სამყაროშიც გადაინაცვლა.
ჯეის შეუერთდა ახალგაზრდა აქტივისტების კოლექტივი, რომლის წევრებიც სიტყვით გამოდიან, წიგნებს აქვეყნებენ, პოდკასტებს წერენ და YouTube-ის არხებზე ვიდეოებს ტვირთავენ. ისინი აჩვენებენ, რომ სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრება სექსის გარეშეც შესაძლებელია და იმის მიუხედავად, რომ უმცირესობას წარმოადგენენ, მათგან უამრავი რამ შეიძლება ისწავლოს საზოგადოებამ. მაგალითად ის, თუ როგორ აერთიანებენ ალოსექსუალები (ადამიანები, რომლებიც განიცდიან სექსუალურ მიზიდულობას) სექსს, რომანტიკასა და ინტიმურობას, თუმცა მათი ერთმანეთისგან განცალკევებით მრავალი სარგებლის მიღება შეუძლიათ; ან ის, თუ როგორ ვაყენებთ ავტომატურად სექსუალურ ურთიერთობას პლატონურ ურთიერთობაზე მაღლა (ეს დამოკიდებულება ნათლად გამოიხატება ისეთ ფრაზაში, როგორიცაა "მხოლოდ მეგობრები" და გავლენა აქვს ჯანმრთელობის დაზღვევაზე და სხვა კანონებზე) იმის მიუხედავად, რომ მეგობრობა ზოგჯერ მასზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს.
ასექსუალები ამბობენ, რომ რადგან მათი ხედვა სექსის სურვილით არაა დაბინდული, სექსუალობის საკითხს უნიკალური პოზიციიდან აფასებენ. როგორც ჩენი ამბობს, "ასექსუალობა რაღაც განცალკევებული არაა. ეს ობიექტივია, რომლის საშუალებითაც საკუთარი ცხოვრების შეფასება შეგიძლია — მიუხედავად შენი სექსუალური ორიენტაციისა".
"ადამიანური კავშირების დამყარების მრავალი გზა არსებობს", — ამბობს დევიდ ჯეი, რომელიც 2017 წელს მამა გახდა.
ფოტო: Winni Wintermeyer / The Observer
აქტივისტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ასექსუალობის ყველასთვის გასაგებად ახსნაა. ეს საკითხი ერთობ ჩახლართულია, რადგან სექსუალური და რომანტიკული მიზიდულობა ორი სხვადასხვა რამაა. და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ასექსუალი, მათ შორის ბენოითი, ასევე არომანტიკულიცაა — რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არც რომანტიკული ურთიერთობების მიმართ აქვთ ინტერესი — სხვები სხვაგვარად გრძნობენ თავს. მაგალითად, ჩენი ბაირომანტიკულია (მას რომანტიკულად ორივე სქესი იზიდავს ) და დიდი ხანია, ბიჭი პარტნიორი ჰყავს, რომელთან სექსიც აქვს. ის ამბობს, რომ პარტნიორთან სექსი მხოლოდ ემოციური მიზეზების გამო აქვს — რათა მასთან სიახლოვე იგრძნოს. "თუმცა შემიძლია, დარჩენილი ცხოვრება ერთხელაც აღარ მქონდეს სექსი და სრულიად ბედნიერი ვიყო", — ურთავს ის.
"ჩემთვის ასექსუალობა იმას კი არ ნიშნავს, თუ რამდენად ხშირად აქვს ვინმეს სექსი, არამედ იმას, თუ რა როლს თამაშობს სექსი მის ცხოვრებაში. მე პირადად არასდროს ვფიქრობ იმაზე, ვიღაც რამდენადაა სექსუალურად მიმზიდველი", — ამბობს ჩენი.
24 წლის ასექსუალ და ჰომორომანტიკულ დენიელ უოლკერს YouTube-ის არხი, Slice of Ace, აქვს. ის ფიზიკურადაც ურთიერთობს თავის პარტნიორ ბიჭთან და აღნიშნავს, რომ გარეგნულად მისი ურთიერთობა არაფრით განსხვავდება სხვა გეი წყვილების ურთიერთობისგან. მიუხედავად იმისა, რომ მას ნულოვანი "შინაგანი სწრაფვა აქვს სექსისკენ", ის ამბობს, რომ მისთვის "კომფორტულია" სექსი როგორც ურთიერთობის ნაწილი.
რა განსხვავებაა სექსუალური სურვილის გარეშე აგებულ რომანტიკულ ურთიერთობასა და პლატონურ მეგობრობას შორის? ჩენის თქმით, საკვანძო განსხვავება ისაა, რომ რომანტიკული მიზიდულობა ადამიანებს პარტნიორების გამო თავიანთი ცხოვრების შეცვლისკენ უბიძგებს. ისინი მათით გატაცებულები ხდებიან და მესაკუთრეობის გრძნობა უჩნდებათ.
"მე ვერასდროდ ვიქნები რომანტიკული და სექსუალური და მე არაჩვეულებრივი ოჯახი მაქვს. ჩვენ ადამიანებს შორის კავშირის სხვა გზებს გამოვკვეთთ".
ამ იდეებზე ფიქრი ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლოა, თუმცა ისინი ერთგვარად გაურკვევლობასაც მატებს იმ ორიენტაციის აღქმას, რომლის გარშემოც ამის გარეშეც მრავალი მითი არსებობს. "თუ ვიტყვი, რომ გეი ვარ, ხალხისთვის ეს გასაგებია. თუმცა თუ ვიტყვი, რომ ასექსუალი ვარ, 10-დან 9 შემთხვევაში უნდა ავხსნა, ეს რას ნიშნავს", — ამბობს უოლკერი.
სხვა გამოწვევებიც მრავლადაა. როგორც ჩენი აღნიშნავს, რადგან მოძრაობა ჯერ ახალგაზრდაა და წევრებიც ახალგაზრდები არიან, ისინი ჯერ მნიშვნელოვან ძალაუფლებას თუ გავლენას არ ფლობენ. და რადგან მათი ორიენტაციაც იმით განისაზღვრება, თუ რა არ მოსწონთ და არა იმით, თუ რას აკეთებენ, განსაკუთრებით რთულია, რომ ასექსუალთა ხმებმა საზოგადოების ფართო ფენებამდე მიაღწიოს. შესადარებლად უოლკერი ამბობს: "ჩვენ, ადამიანები, ხომ არ დავდივართ და გარშემომყოფებს ხომ არ ვეუბნებით, იცი, რა არ მომწონს? აი, ეს ფილმი!"
აქტივისტები ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, რომ სექსის არქონა ნორმალურია. თუმცა ფრთხილობენ, რომ მათი ქმედება სექს-პოზიტიურობის წინააღმდეგ გამოსვლად არ მიიჩნიონ, რაც სულაც არაა მათი მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ ქვიარ საზოგადოება მათ მიმართ უფრო და უფრო მეტად მიმღები ხდება, ზოგჯერ დაძაბულობა მაინც იჩენს თავს. "LGBTQ+ საზოგადოების გარშემო საუბრები სექსზე ორიენტირებული გახდა და აქ ისმის კითხვა, თუ სადაა ასექსუალების ადგილი. თემის ის წევრები, რომლებიც ასექსუალებს არ წარმოადგენენ, ფიქრობენ, რომ ეს უკანასკნელები სექსის წინააღმდეგნი არიან და ცდილობენ, ხალხს კოცნა და ხელების ჩაკიდება დაუშალონ", — ამბობს ბენოითი.
როცა ადამიანები ასექსუალზე ფიქრობენ, წარმოიდგენენ ნერდ, ანდროგინულ თეთრკანიან კაცს — ერთგვარ შელდონ კუპერს დიდი აფეთქების თეორიიდან. თუმცა შავკანიანი ქალი მოდელი, ბენოითი ამ სტერეოტიპის სიმცდარის განსახიერებაა. მას ინსტაგრამზე 33 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და ხშირად იღებს მონაწილეობას ქალის თეთრეულის ბრენდების სარეკლამო გადაღებებში — ასექსუალობა სულაც არ ნიშნავს, მიმზიდველი ინტიმური სამოსის ჩაცმაზე უარის თქმას. როცა მას ასექსუალად ყოფნასა და პარალელურად მოდელობაზე ჰკითხეს, უპასუხა, რომ "ხალხის საქმეა, რას მიიჩნევს სექსუალურად. ჩემი საქმე კი ის ისაა, რომ ლიფი ლამაზად გამოიყურებოდეს".
ბენოითი აქტივიზმში იმიტომ ჩაერთო, რომ კულტურაში თავისი მსგავსი ადამიანების რეპრეზენტაციის ნაკლებობა იგრძნო. "ვფიქრობდი, ვერ ვიჯდები და ვიწუწუნებ, რომ ვერ ვხედავ შავკანიან ასექსუალ ხალხს მაშინ, როცა თავად ვარ შავკანიანი და ასექსუალი და ამაზე არ ვლაპარაკობ". შედეგად, ის ასექსუალობის დღის თანადამფუძნებელი გახდა, რომელიც პირველად ამ წლის 6 აპრილს აღინიშნა. ბენოითი, ამასთან, უნივერსიტეტებში სიტყვით გამოდის და სოციალური ქსელის ანგარიშის, ასე გამოიყურება ასექსუალი, შემქმნელია, რომელიც საზოგადოებას სხვადასხვა კანის ფერისა და სხეულის ფორმის ასექსუალებს აცნობს.
"გარეგნულად ჩემი ურთიერთობა არაფრით განსხვავდება სხვა გეი წყვილების ურთიერთობისგან", — დანიელ უოლკერი.
ფოტო: Murdo MacLeod / The Guardian
ბენოითის საქმიანობა სხვა აქტივისტებსაც ეხმიანება, რომელთა შორისაც პენსილვანიელი მარშალ ჯონ ბლონტია. "ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ხალხი ხედავს ასექსუალ შავკანიან ბიჭს, შოკირებულები არიან, რადგან ხშირად შავკანიანი კაცები სტერეოტიპულად ჰიპერსექსუალურებად აღიქმებიან", — ამბობს ბლონტი და ამატებს, — "შავკანიანი ღიად ასექსუალების რიცხვი იზრდება და რაც უფრო ხმამაღლა ვილაპარაკებთ, მით მეტი ადამიანი დაინახავს, რომ ვარსებობთ".
ასექსუალებზე გავრცელებული კლიშეების გაჩენაში დიდი როლი პოპკულტურას მიუძღვის. ამის მაგალითი სერიალ ჰაუსის 2012 წლის ეპიზოდია, სადაც პაციენტის ასექსუალობა ავადმყოფობადაა იდენტიფიცირებული. მას შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა. 2016 წელს ანიმაციური სერიალის, ბოჯეკ ჰორსმენის სცენარისტები ტოდ ჩავესის პერსონაჟზე მუშაობისას AVEN-ს დაუკავშირდნენ. ჩავესის ასექსუალობის ზრუნვით დახატულმა პორტრეტმა მაყურებლის მხრიდან მოწონება დაიმსახურა. ზოგმა ჩავესში საკუთარი თავიც ამოიცნო და ამის შემდეგ შეძლო თავისი იდენტობის საზოგადოებისთვის განდობა.
ცოტა ხნის წინ ბრიტანულ შოუებში, სქესობრივ განათლებასა და ემერდეილში, ასექსუალი პერსონაჟები მეორეხარისხოვან როლებში გამოჩნდნენ, თუმცა ასეთი მცირე მიღწევები რევოლუციას ვერ მოახდენს. ლოს-ანჯელესში მცხოვრები სატელევიზიო სცენარისტი, სარა კოსტელო ასექსუალობის თემაზე პოპულარული პოდკასტის, Sounds Fake But Okay-ს თანაწამყვანია. ის ამბობს, რომ პოპულარულ კულტურაში ამ ორიენტაციის მქონე ადამიანებზე წარმოდგენა "ცოტა გაუმჯობესდა", თუმცა ეს ჯერ კიდევ ზედაპირული ცოდნაა. "არსებობს მოსაზრება, რომ ისტორიები ნაკლებად საინტერესოა, თუ არ შეიცავს რომანტიკას ან სექსს. მაგრამ ჩვენ ჩვენს ცხოვრებაზე საინტერესო ისტორიების მოყოლა მაშინაც შეგვიძლია, როცა მათში ვნებით მოცული პერსონაჟები არ მონაწილეობენ", — ამბობს ის, — "თუ სცენარში რომანტიკული ხაზის განვითარება ბუნებრივად ეწერება, მაშინ პრობლემა არაა — თუმცა მსგავსი ისტორიები სიუჟეტში ძალით არ უნდა ჩააკვეხო".
იმაში დასარწმუნებლად, რომ ასექსუალებზე ჩამთრევი ისტორიის მოყოლა შესაძლებელია, AVEN-ის დამფუძნებლის, ჯეის მაგალითიც კმარა. 2017 წელს მან და ჰეტეროსექსუალმა წყვილმა სამმშობლიანი ოჯახი შექმნეს და ისინი ერთად ზრდიან პატარა გოგოს. შემდეგი გადასალახი საზღვარი იმის გააზრებაა, რომ ინტიმური ცხოვრება სექსის ან რომანტიკის გარეშეც შეიძლება გქონდეს. მაშინაც კი, თუ ალოსექსუალები პლატონურ პარტნიორობას თეორიულად აღიარებენ, ხშირად არ ვართ დარწმუნებულები, ზუსტად რას ნიშნავს ეს. "მე ვერასდროს ვიქნები რომანტიკული და სექსუალური და მე არაჩვეულებრივი ოჯახი მაქვს. ჩვენ ადამიანებს შორის კავშირის სხვა გზებს გამოვკვეთთ", — ამბობს ჯეი.
ახალგაზრდა ასექსუალების აქტივიზმის შემყურე, ჯეი ოპტიმისტურადაა განწყობილი მომავლის მიმართ და ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში სექსი ინტიმური კავშირის ერთადერთ გზად აღარ განიხილება. სანაცვლოდ კი, მაგალითად, შესაძლებელი იქნება, ბავშვი საუკეთესო მეგობართან ერთად გაზარდო — მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა ასექსუალი.
ამან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სხვა ორიენტაციის ადამიანებზეც. იმის ჩვენებით, რომ ახლო მეგობრობით ცხოვრება შეიძლება მნიშვნელოვანი და დამაკმაყოფილებელი იყოს, ასექსუალების თქმით, კაცობრიობის ყველაზე დიდ, მარტოობის შიშს დავამარცხებთ. სექსუალური და რომანტიკული მიზიდულობის არქონა ან ნიშნავს მთელი ცხოვრება უკმაყოფილების შეგრძნების ქონას. ყველას არ სჭირდება მეწყვილის პოვნა.
"მარტოობის ეს ღრმა შიში მაშინ არსებობს, თუ არ თამაშობთ შეყვარებულობანას — ასექსუალები ამ შიშს ამარცხებენ", — ამბობს ჯეი. ჩვენ ბევრი რამ ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს — მივცეთ საშუალება ამ 1%-ს, რომ გონება გაგვიხსნას.
-
აღმოაჩინეს 6 000 წლის თავის ქალა, რომელიც ლომის თავდასხმას გადარჩენილ ადამიანს ეკუთვნის აღმოაჩინეს 6 000 წლის თავის ქალა, რომელიც ლომის თავდასხმას გადარჩენილ ადამიანს ეკუთვნის
გადახედვა
-
შინაური ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში, დაჯარიმდებით — რა იცვლება კანონში 2026 წლიდან? შინაური ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში, დაჯარიმდებით — რა იცვლება კანონში 2026 წლიდან?
გადახედვა
-
პენსია იზრდება 20-დან 45 ლარამდე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 10%-ით — რა წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტში? პენსია იზრდება 20-დან 45 ლარამდე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 10%-ით — რა წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტში?
გადახედვა
-
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
-
მეცნიერებმა შექმნეს შავი ქსოვილი, რომელიც სინათლის 99.87%-ს შთანთქავს მეცნიერებმა შექმნეს შავი ქსოვილი, რომელიც სინათლის 99.87%-ს შთანთქავს
გადახედვა
-
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
-
SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად
-
მექსიკაში ოთხკუთხა ფორმის თავის ქალა აღმოაჩინეს — ის 1400 წლის წინანდელია მექსიკაში ოთხკუთხა ფორმის თავის ქალა აღმოაჩინეს — ის 1400 წლის წინანდელია
გადახედვა
-
"ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გაჟღერდა, არასრულია" — ნონა ქურდოვანიძე სუს-ის განცხადებაზე "ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გაჟღერდა, არასრულია" — ნონა ქურდოვანიძე სუს-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
"ისინი ტყუიან, მათ ბევრი რამე დამალეს" — ლაშა შერგელაშვილი სუს-ის განცხადებაზე "ისინი ტყუიან, მათ ბევრი რამე დამალეს" — ლაშა შერგელაშვილი სუს-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
Amnesty International OPCW-ის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაიწყონ ოფიციალური გამოძიება BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით Amnesty International OPCW-ის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაიწყონ ოფიციალური გამოძიება BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
სომხეთში მეოთხე მაღალი რანგის სასულიერო პირი დააკავეს სომხეთში მეოთხე მაღალი რანგის სასულიერო პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენება ქმნის დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს — OSCE-ს 39 ქვეყნის განცხადება საქართველოში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენება ქმნის დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს — OSCE-ს 39 ქვეყნის განცხადება
გადახედვა
-
ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
- "შსს-ს კამიტი არასდროს შეუძენია" — სუს-მა BBC-ის გამოძიებაზე განცხადება გაავრცელა "შსს-ს კამიტი არასდროს შეუძენია" — სუს-მა BBC-ის გამოძიებაზე განცხადება გაავრცელა
-
თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: უძველესი ადამიანების კვალი საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი პოდკასტი: უძველესი ადამიანების კვალი საქართველოს ტერიტორიაზე
-
შექმნეს რობოტი მეკარე, რომელსაც რონალდუმ გოლი გაუტანა — ნახეთ შექმნეს რობოტი მეკარე, რომელსაც რონალდუმ გოლი გაუტანა — ნახეთ
გადახედვა
-
სუს-მა 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 5 პირი დააკავა სუს-მა 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 5 პირი დააკავა
გადახედვა
-
12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა — საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა 12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა — საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
-
კადიროვის უფროსმა ვაჟმა საქველმოქმედო ფონდს 230 000 დოლარი შესწირა კადიროვის უფროსმა ვაჟმა საქველმოქმედო ფონდს 230 000 დოლარი შესწირა
გადახედვა
კომენტარები