ფუკუშიმას რეგიონში რადიოაქტიური ტახებისა და ღორების ჰიბრიდები გავრცელდნენ
ათი წლის წინ, იაპონიაში 9 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამის წარმოქმნა გამოიწვია, რასაც, შედეგად, ფუკუშიმას რეგიონში ბირთვული რეაქტორის ავარია მოჰყვა. ადგილის ევაკუაციის შემდეგ, ადამიანებისგან გათავისუფლებული ტერიტორია მცენარეთა და ცხოველთა ადგილობრივმა სახეობებმა დაიკავეს. როგორც Inverse იუწყება, მათ შორის იყვნენ მიტოვებული ღორები და გარეულ ტახები, რომელთა შეწყვილების შედეგად რეგიონში ჰიბრიდული სახეობები გამოჩნდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის კვლევის მიხედვით, იმისთვის, რომ ადგილობრივებმა საბოლოოდ შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება, ადამიანებმა რადიოაქტიურ ტახებზე დაიწყეს ნადირობა.
ეს ადგილი ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს იმისა, თუ რა ხდება, როდესაც, ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, ადამიანები ტოვებენ თავიანთ საცხოვრებელს, მათ ადგილს კი ცხოველები იკავებენ და იწყებენ ახალ გარემოსთან შეგუებას.
"ევაკუაციის შემდეგ ველური ბუნება დაუბრუნდა ამ ადგილს და წარმატებუთ ეგუება აქაურ ადამიანებისგან მიტოვებულ გარემოს", — უყვება Inverse-ს ფუკუშიმას უნივერსიტეტის დოქტორანტი და ფუკუშიმას რეგიონში ჰიბრიდების გამოჩენის შესახებ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანაავტორი, დონოვან ანდერსონი.
ანდერსონისა და მისი კოლეგების ანალიზის საფუძველზე გუნდმა 243 გარეული ტახის, ღორისა თუ მათი ჰიბრიდების კუნთის ნიმუშები შეისწავლა და აღმოჩინა, რომ აქ გავრცელებული ტახების 16% მიტოვებულ ღორებთან შეჯვარების შედეგად მიღებულ ჰიბრიდებს წარმოადგენს.
"რეგიონში დაფიქსირებული ჰიბრიდების ყველაზე დიდი ნაწილი, დაახლოებით 75%, ევაკუაციის ზონიდან 20 კილომეტრის რადიუსში არიან შემჩნეულნი", — წერია მოხსენებაში. სავარაუდოდ, ჰიბრიდები დიდხანს არ დარჩებიან ჰიბრიდებად — მათ შინაური ღორის დნმ-ის საშუალოდ 8% აქვთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ღორის გენები მომავალ თაობებში ნელნელა დაიკარგება.
"ფუკუშიმას ტერიტორიაზე მიტოვებულ ღორებს არ ჰქონდათ ველურ პირობებში ადაპტაციისა და გადარჩენის კარგი უნარები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ტახებში არსებული ადაპტაციური ცვლილებები, რაც, სავარაუდოდ, აქ ადამიანების არყოფნამ გამოიწვია, ამ პოპულაციებში შენარჩუნდება. ეს კიდევ უფრო ნაკლებსავარაუდო გახდება მას შემდეგ, რაც აქ ადამიანები დაბრუნდებიან", — განუცხადა Inverse-ს ანდერსონმა.
კომენტარები