სისხლის ტესტი კიბოს 50 ტიპის ადრეულ დიაგნოსტირებას ახერხებს და ის მალე პრაქტიკაში გამოყენებისთვის იქნება მზად
ინგლისის ჯანდაცვის ნაციონალური ორგანიზაციის თანახმად, შეიქმნა სისხლის მარტივი ტესტი, რომელიც 50 სახეობის კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებას ხდის შესაძლებელს. ადრეულ დიაგნოსტირებაში კი ვგულისხმობთ იმას, რომ ტესტს შეუძლია კიბოს ნიშნები მანამდე ამოიცნოს, სანამ რამე სიმპტომი გამოვლინდება. ეს კი კიბოს მკურნალობას გაცილებით ეფექტიანს გახდის. მეცნიერთა თქმით, ტესტი საკმარისად ზუსტია საიმისოდ, რომ სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენონ.
აღნიშნულ ტესტს მეცნიერები 2020 წლის შემოდგომიდან ცდიან და მისი სამიზნე აუდიტორია კიბოს მაღალი რისკის მქონე, მათ შორის, 50 წლის და უფრო დიდი ასაკის პაციენტები არიან. აღმოჩნდა, რომ ტესტს შეუძლია დაავადების სხვადასხვა ტიპი ამოიცნოს, რომელთა ადრეული დიაგნოსტირებაც სხვა გზებით შეუძლებელი იყო. მაგალითად, თავისა და საყლაპავის, საკვერცხისა და პანკრეასის, ასევე, სისხლის კიბოს რამდენიმე სახეობა.
მეცნიერებმა თავიანთი მიგნებები ჟურნალ Annals of Oncology-ში გამოაქვეყნეს. ტესტი ამერიკული კომპანია Grail-ის მიერაა შექმნილი. ანალიზისას კი ის სისხლში გენეტიკური კოდის ფრაგმენტებში (cfDNA) მიმდინარე ცვლილებების პოვნას ცდილობს.
კვლევამ აჩვენა, რომ ამ ტესტს მაღალი სიზუსტე ახასიათებს. კვლევაში 2823 კიბოთი დაავადებული და 1254 ჯანმრთელი მონაწილე იყო ჩართული. მან 51.5% შემთხვევაში სწორად დაადგინა კიბოს არსებობა და მხოლოდ 0.5% შემთხვევებში შეცდა.
სიმსივნეებში, რომლების გარეგანი სკრინინგის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგალითად, საყლაპავის, ღვიძლისა და პანკრეასის კიბოები, ტესტის დადებითი შედეგის გენერირების შესაძლებლობა ორჯერ მაღალი იყო (65,6%), ვიდრე სიმსივნეებისთვის, რომლებსაც აქვთ სკრინინგის ვარიანტები, როგორიცაა მკერდის, ნაწლავის, საშვილოსნოს ყელის და პროსტატის კიბოები. ამავდროულად, სისხლის კიბოს, მაგალითად, ლიმფომისა და მიელომის დროს, დადებითი ტესტის შედეგების გენერირების საერთო შესაძლებლობამ შეადგინა 55,1%.
ტესტმა ასევე სწორად გამოავლინა რომელი ქსოვილი იყო კიბოთი დაავადებული, პაციენტების ორგანიზმში. ეს კი 88.7% შემთხვევაში ზუსტად მოახერხა.
დოქტორმა ერიკ კლეინმა, გლიკმანის უროლოგიისა და თირკმლის ინსტიტუტის პრეზიდენტმა კლივლენდის კლინიკაში (აშშ) და კვლევის პირველმა ავტორმა თქვა: ”კიბოს ადრეული აღმოჩენა, როდესაც მკურნალობას წარმატებულობის გაცილებით დიდი შანსი აქვს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კიბოს სიმძიმის შესამსუბუქებლად. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ თუ ამ მულტი-კიბოს დეტექციის ტესტს სხვა უკვე არსებული სკრინინგ ტესტების გვერდით გამოვიყენებთ, ამას შეუძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს იმაზე, თუ როგორ ვადგენთ კიბოს და ასევე, ეს დიდი სიახლე იქნება ჯანდაცვის სფეროსთვის".
აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა პაციენტებზე, რომელთაც სხვა გზებით უკვე დადგენილი ჰქონდათ სიმსივნე. ასე ტესტის სიზუსტის გაზომვას ცდილობდნენ და მოახერხეს კიდეც. კვლევის შემდეგი ეტაპი კი, რომელიც ინგლისის ჯანდაცვის ნაციონალურმა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს, 2023 წლისთვისაა მოსალოდნელი. ამ დროს კვლევაში 140 000 მონაწილე უნდა ჩაერთოს. ამის შემდეგ კი, მოსალოდნელია, რომ ტესტი კიდევ უფრო დაიხვეწება და მისი კლინიკურ პრაქტიკაში გამოჩენაც ლოგიკური იქნება.
კომენტარები