აღმოჩენა: ყოველწლიურად, დედამიწის ბირთვი ასიმეტრიულად იზრდება — რას ნიშნავს ეს
"იმოქმედებს თუ არა ეს დედამიწის მაგნიტური ველის სიძლიერეზე?"
დედამიწის ცენტრში რაღაც ამოუცნობი ხდება და მეცნიერები მასზე დაკვირვებას მხოლოდ სეისმური ტალღების შესწავლისას ახერხებენ. მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ეს მიწისქვეშა ბიძგები, რომელთაც სხვაგვარად სეისმურ ტალღებად მოვიხსენიებთ, დედამიწის ბირთვში მნიშვნელოვნად სწრაფად ახერხებენ გადაადგილებას მაშინ, როცა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიემართებიან, ვიდრე ეკვატორის ქვეშ, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრაობისას.
მკვლევრებმა ამ შეუსაბამობის შესახებ აქამდეც იცოდნენ და ეს ფენომენი სეისმური ანისოტროპიის სახელითაა ცნობილი, თუმცა, ათწლეულების განმავლობაში, ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების ფარგლებში, ვერ ხსნიდნენ ზუსტად რა იყო ეს. ახლა კი, ბოლო მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწის ბირთვის ზრდის კომპიუტერული სიმულაციების დახმარებით, მათ ამ ფენომენზე მეტი იციან.
3 ივნისს, ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ამ ფენომენს ახსნა მოუძებნეს. ყოველწლიურად, ნელ-ნელა, დედამიწის ბირთვი ცალმხრივად, არასიმეტრიულად იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ რკინის ახალი კრისტალები უფრო სწრაფად წარმოიქმნება მის აღმოსავლეთ ნაწილში, ვიდრე დასავლეთ მხარეს.
"თხევადი რკინის მოძრაობა გარე ბირთვისკენ ამცირებს ტემპერატურას შიდა ბირთვში, რაც მის გაგრილებას იწვევს. ეს კი ნიშნავს, რომ გარე ბირთვი მეტ სიმხურვალეს იღებს აღმოსავლეთ ნაწილისგან [ინდონეზიის ქვეშ], ვიდრე დასავლეთისგან [ბრაზილიის ქვეშ]", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, დანიელ ფროსტმა, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის სეისმოლოგია.
მიუხედავად ამ ასიმეტრიული ზრდისა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს არ გამოიწვევს შიდა ბირთვის ბალანსის დარღვევას.
აღსანიშნავია, რომ შიდა ბირთვის რადიუსის ზრდა ყოველწლიურად, საშუალოდ, 1 მილიმეტრით ხდება, თუმცა გრავიტაცია ამ ცალმხრივი ზრდის კორექტირებას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ახალი რკინის კრისტალების გადანაწილებით ახერხებს. აქ კრისტალები გროვდება ბადისებრ სტრუქტურებში, რომლებიც გადაჭიმულია ბირთვის ჩრდილოეთ-სამხრეთი ღერძის გასწვრივ. ეს კრისტალური სტრუქტურები, დედამიწის პოლუსების პარალელურად, სეისმურ მაგისტრალებს წარმოადგენენ, ეს კი საშუალებას აძლევს მიწისძვრისას წარმოქმნილ სეისმურ ტალღებს უფრო სწრაფად იმოძრაონ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ვიდრე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.
რა იწვევს ამ დისბალანსს დედამიწის ბირთვის ზრდის კუთხით?
მკვლევრები ამბობენ, რომ დაზუსტებით ამის თქმა რთული იქნება, სანამ ჩვენი პლანეტის ყველა სხვა შრეს არ შევისწავლით.
"დედამიწის ყველა შრე კონტროლირებულია მის მაღლა არსებული შრით და პირიქით — ეს გავლენას ახდენს იმაზე, რა არის ქვევით. შიდა ბირთვი ნელა გრილდება თხევადი გარე ბირთვიდან, როგორც თოვლის გუნდა, რომელზეც სულ უფრო მეტი შრე ემატება. ამის შემდეგ, გარე ბირთვი ცივდება მის ზემოთ არსებული მანტიის ზემოქმედების შედეგად — ასე რომ, როცა ვსვამთ კითხვას, რატომ იზრდება დედამიწის შიდა ბირთვის ერთი მხარე უფრო სწრაფად, ვიდრე მეორე, ეს შეიძლება წარმოშობდეს შემდეგ კითხვას — რატომ არის დედამიწის მანტიის ერთი მხარე უფრო ცივი, ვიდრე მეორე", — ამბობს დანიელ ფროსტი.
როგორც ფროსტი ამბობს, ერთი მხრივ, ეს შეიძლება ტექტონიკურ ფილებს დავაბრალოთ, რამდენადაც ცივი ტექტონიკური ფილები ჩაძირულია დედამიწის ზედაპირს ქვემოთ, სუბდუქციის ზონებში, სადაც ერთი ფილა იძირება მეორის ქვემოთ. ისინი მათ ქვეშ არსებულ მანტიას აცივებენ. თუმცა, მანტიის გაგრილებას რამდენად შეუძლია შიდა ბირთვზე გავლენის მოხდენა, ჯერ კიდევ განხილვის საგანია.
კიდევ ერთი კითხვა კი ისაა, რამდენად შეუძლია დედამიწის ბირთვის არასიმეტრიულმა გაგრილებამ დედამიწის მაგნიტურ ველზე მოახდინოს გავლენა. ამჟამად, მაგნიტური ველი საზრდოობს გარე ბირთვში თხევადი რკინის მოძრაობით. ეს მოძრაობა კი ნასაზრდოებია შიდა ბირთვის ტემპერატურის კლებით. როგორც ფროსტი ამბობს, თუ შიდა ბირთვი მეტ ტემპერატურას კარგავს აღმოსავლეთ ნაწილში და მნიშვნელოვნად ნაკლებს დასავლეთით, გარე ბირთვიც მეტად აღმოსავლეთით გადაინაცვლებს.
"კითხვაა, იმოქმედებს თუ არა ეს დედამიწის მაგნიტური ველის სიძლიერეზე?"— ამბობს ფროსტი. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამ კონკრეტული კვლევის ფარგლებს სცდება და როგორც მკვლევრები ამბობენ, მათ უკვე დაიწყეს ახალ კვლევაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც გეომაგნეტიზმის კუთხით მომუშავე მეცნიერებთან ითანამშრომლებენ.
კომენტარები