SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ახალშობილი კალმარები გაუშვა
SpaceX-ის მომარაგების ხომალდი ხუთშაბათს გაეშვა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს გასულ კვირას წარმატებით მიაღწია. სადგურზე მან უჩვეულო ტვირთი — სიბნელეში მოციმციმე 128 პატარა კალმარი ჩაიყვანა.
უეკიპაჟო Dragon ხომალდმა ISS-ს შაბათს დილით მიაღწია — Digital Trends-ის მიხედვით, ეს SpaceX-ის 22-ე მომარაგების მისიაა. ხომალდმა ISS-ზე 3311 კილოგრამი მასის ტვირთი გადაიტანა, რაც მოიცავდა მზის პანელებს, ელექტროენერგიის სისტემის გრძელვადიან განახლებას და აღჭურვილობას მთელი რიგი სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის. მათ შორის იყოვნენ Sepiolida-ს რიგის კალმარები, რომლებიც ბიოლუმინესცენიით გამოირჩევიან და სიბელეში ანათებენ, რაც მათ ნადირობაში ეხმარება. მათი ISS-ზე გაგზავნის მიზანი კი იმის შესწავლაა, თუ რა გავლენა აქვს მიკროგრავიტაციას კალმარის ორგანიზმსა და მასში არსებულ მიკრობებზე.
"ცხოველების და ადამიანების მომნელებელი და იმუნური სისტემების სიჯანსაღე მიკრობებზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით კარგად არ გვესმის, თუ რა გავლენას ახდენს კოსმოსური ფრენები ადამიანის ორგანიზმისა და მიკრობების ამ სასიკეთო ურთიერთქმედებაზე", — განუცხადა NPR-ს NASA-ს კვლევითი პროგრამის — Understanding of Microgravity on Animal-Microbe Interactions (ცხოველისა და მიკროორგანიზმების ურთიერთქმედებაზე მიკროგრავიტაციის გავლენის შესწავლა) მთავარმა გამომძიებელმა, ჯეიმი ფოსტერმა.
თუმცა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კალმარებზე და მათთან სიმბიოზში მყოფ Vibrio fischeri ბაქტერიებზე მიკროგრავიტაციის ზემოქმედების შესწავლა მათ იმის გარკვევაში დაეხმარება, თუ როგორ შეიძლება უზრუნველყონ ასტრონავტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ხანგრძლივი კოსმოსური მისიების დროს.
კოსმოსს კალმარებისა და ადამიანების გარდა სხვა არსებებიც ესტუმრებიან — NASA-მ იქ მიკროსკოპული ცხოველები — ტარდიგრადები გაგზავნა, რომლებიც ექსტრემალურად მძიმე პირობებს თავისუფლად უმკლავდებიან. მათი უნიკალურობიდან გამომდინარე, NASA ტარდიგრადებს აქამდეც იყენებდა სხვადასხვა ექსპერიმენტებში. მეტიც, New Scientist-ის მიხედვით, ისინი პირველი ორგანიზმები არიან, რომლებიც ღია კოსმოსს გადაურჩნენ.
კომენტარები