პანდემიის დაწყების შემდეგ ადამიანების ცხოვრება მრავალმხრივ შეიცვალა, რამაც, რა თქმა უნდა, დედამიწაზეც იქონია გავლენა. ამ მხრივ ყველაზე შესამჩნევი ცვლილება, ალბათ, ჰაერის დაბინძურების შემცირება იყო. აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა დღემდე გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფორმად მიიჩნევა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ჰაერის დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი კვდება. მათი მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ 10 ადამიანიდან 9 სუნთქავს ჰაერს, რომელშიც დამაბინძურებლების კონცენტრაცია WHO-ს მიერ დადგენილ ზედა ზღვარს აღემატება. თუმცა, COVID-19-ით გამოწვეულმა გლობალურმა პანდემიამ აჩვენა, თუ რამდენად სწრაფი შედეგი შეიძლება იქონიოს გარემოზე ჩვენი ქმედებების შეცვლამ.

პანდემიის დროს, ლოქდაუნის შედეგად, ნახშირორჟანგის გაფრქვევები გლობალურად შემცირდა. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიხედვით, მსოფლიოს გზებზე საშუალო აქტივობამ, 2019 წელთან შედარებით, 50%-ით იკლო, რის ფონზეც ატმოსფეროში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი აშკარად შესამჩნევი გახდა.

ქალაქებში ლოქდაუნის დაწყებიდან მალევე შეინიშნებოდა მთელი რიგი დამაბინძურებლების კონცენტრაციის მკვეთრი შემცირება — ამ ნივთიერებათა გაფრქვევა, უმეტესად, შიდა წვის ძრავთანაა დაკავშირებული.

გაერთიანებული სამეფოს ატმოსფერული მეცნიერების ეროვნული ცენტრის მონაცემებმა აჩვენა, რომ აზოტის დიოქსიდის და PM2.5-ის (2.5 მიკრომეტრი ზომის აეროზოლების ) კონცენტრაციები ქვეყნის მასშტაბით ათ ქალაქში შემცირდა.

ფოტო: ichef.bbci.co.uk

რაც შეეხება ინდოეთს, აქ ლოქდაუნის დაწყების შემდეგ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა 90%-ით შემცირდა.

"ამჟამინდელმა კრიზისმა გვაჩვენა, რომ ჰაერის სისუფთავე საკმაოდ სწრაფად მიღწევადი მიზანია შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში," — განუცხადა BBC News-ს სუნიჰ დაჰაიამ ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრიდან.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენად სწრაფადაც გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი ლოქდაუნის დროს, იმდენად სწრაფად უბრუნდება იგი თავის პანდემიამდელ მდგომარეობას.

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) განაცხადა, რომ COVID-19 კრიზისზე გლობალურ პასუხს მცირე გავლენა ჰქონდა ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციის მატებაზე. ლოქდაუნის დროს ნახშირბადის გაფრქვევები დრამატულად დაეცა, თუმცა, WMO-ს მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ პროცესმა უბრალოდ მარგინალურად შეანელა ატმოსფეროში დამაბინძურებლების კონცენტრაციის მატების პროცესი.