ე ფაქტო რაინდად ვიცნობთ, რომელიც ავენტინური ტრიადის პლებეურ ცრუ ღმერთებს ებრძვის და მოსახლეობას ჭინკების კლოაკის სამ შრედ ჰყოფს. ჯვარკომბლით, ჩოხით, ხელზე მოხვეული ქამრითა და ძალადობრივი განცხადებებით გვახსოვს. ვიცით, რომ ჰომოფობი, ქსენოფობი და პრორუსია. არ მოგვწონს, სასაცილო გვგონია, მაგრამ ხშირად სახიფათოდ არ აღვიქვამთ.

ერთი შეხედვით სახუმარო თემად ქცეული ლევან ვასაძე საკმაოდ გავლენიანი და გამოცდილია — არამხოლოდ ულტრამემარჯვენე რელიგიური დოგმების გავრცელებაში, არამედ ბიზნესის და მასების მართვაში, სახელისუფლებო წრეებთან თანამშრომლობაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში.

ახლა ვასაძეს პოლიტიკოსობა სურს და მისი რიტორიკა ოჯახის კონგრესის ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნებულ ვიდეოებს გასცდა — უფრო ფართო აუდიტორიამდე მიდის, უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს. იმისთვის, რომ მზად შეხვდე მის პოლიტიკურ კარიერას, ვასაძის წარსული მხოლოდ სასაცილო ფრაზები არ უნდა გეგონოს.

დღეს მის ცხოვრებაზე გიამბობთ და თავად გადაწყვიტეთ, ვასაძის "ერი" რთობა, აობა და მედია, თუ რთობა უსეთის ნტერესებისთვის.

ვასაძის რუსული კარიერა

მრავალფეროვანი განათლება აქვს — ჯერ თბილისში გეოფიზიკა შეისწავლა, შემდეგ აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირება, საბოლოოდ კი რუსეთში ძველი და ახალი აღთქმის ლიტურგია. ხსენებული სამი ქვეყნის გარდა, დიდ ბრიტანეთშიც ცხოვრობდა, თუმცა, როგორც ამბობს, იქ მისი შესაფერისი გარემო არ იყო.

მისივე ნაამბობით ვიცით, რომ ამერიკაში განათლების მიღების შემდეგ ორი არჩევანი ჰქონდა: "ამერიკული ოცნების დევნა" ან "სახლში დაბრუნება". პირველი არ სურდა, მეორე კი არ აირჩია, რადგან ფიქრობდა, რომ "1995 წლის თბილისში თავს დანიშნულებას ვერ მოუძებნიდა". წამოვიდა და იმ ქვეყანაში დაფუძნდა, სადაც თავისი შესაფერისი გარემო იპოვა — რუსეთში.

ვასაძის პრორუსულობა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის მთავარ იდეოლოგთან, ალექსანდრ დუგინთან მეგობრობით როდი განისაზღვრება. მას კავშირები ჰქონდა პუტინთან დაახლოებულ სხვა პირებთან და კრემლთან აფილირებულ კომპანიებთან. მართალია, ამის პარალელურად ჩოხას ამაყად ატარებდა, თუმცა რუსეთის ზესახელმწიფოდ ქცევაზე ზრუნვასაც ასწრებდა.

ფოტო: კადრი მსოფლიო საოჯახო კონგრესზე ვასაძის გამოსვლიდან

ვინაიდან ვასაძის წარსული მეტწილად რუსეთს უკავშირდება, ქართულ წყაროებზე მასზე ინფორმაციის მოძიება რთულია. თუმცა, აღმოჩნდა რომ რუსული მედიისთვის კარგად ნაცნობი პირია. მისი თანამდებობების ცვლილებებსა და დაწინაურებებზე რუსულ წყაროებზე არაერთი ინფორმაცია იძებნება. იქაური მედიის ინტერესი გასაკვირი არც არის, რადგან ვასაძე ძირითადად ტოპ მენეჯმენტის ან დირექტორთა საბჭოს წევრი იყო სოლიდურ კომპანიებში. უმეტესად კი საქმიანობის სფერო ფინანსებს, ინვესტიციებსა და ტელეკომუნიკაციებს უკავშირდებოდა.

სამწუხაროდ, ყველა კომპანიის ვებგვერდი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვასაძის საქმიანობაზე დეტალური ინფორმაცია მოვიძიოთ. მაგალითად, რუსული მედია წერს, რომ 1995-1998 წლებში ვასაძე ხელმძღვანელ პოზიციებზე იყო Sector Capital-ში, Creditanstalt Investment Bank-სა და საინვესტიციო კომპანია ათონში, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია.

სამაგიეროდ, ცნობილია მისი შემდგომი კარიერა გავლენიან და კრემლთან დაახლოებულ კომპანიებში. მის მოძიებაში დაგვეხმარა ინფორმაციის სანდოობის პროგრამა (GIIP), რომელსაც საქართველოში Zinc Network ახორციელებს.

ვასაძე მუშაობდა შემდეგ კომპანიებში:

  • 1998-2000 — AFK სისტემის ვიცე-პრეზიდენტი;
  • 2000-2006 — AFK სისტემის პირველი ვიცე-პრეზიდენტი;
  • 2001-2006 — როსნოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
  • 2005 — სკაი ლინკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
  • 2005 — კომსტარ/გაერთიანებული ტელესისტემები — დირექტორთა საბჭოს წევრი;
  • 2006-2007 წელი — როსნოს დირექტორი;
  • 2008-დღემდე — Prometeus Capital-ის დამფუძნებელი და მფლობელი;
  • 2016-2017— AT consulting-ის მფლობელი და დირექტორი.

AFK სისტემა

AFK სისტემა საინვესტიციო ჰოლდინგია, რომლის უდიდესი აქტივები რუსული მობილური ტელესისტემებია. ასევე, კომპანიას აქვს აქტივები ტელეკომუნიკაციების, ელექტრონიკის, მედიის, ვაჭრობის, ფინანსებისა თუ ფარმაცევტულ სფეროებში.

1998-2006 წლებში ვასაძე AFK სისტემას კომპანიის სტრატეგიისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეჭირა და პარალელურად, ამ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. კერძოდ: სისტემა ტელეკომი, კომსტარი, სიტრონიკსი, სისტემა მასმედია, მოსკოვის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მობილური ოპერატორი Skylink და არაერთი სხვა.

სისტემა AFK-ს ვიცე-პრეზიდენტები

სისტემა AFK-ს ვიცე-პრეზიდენტები

ფოტო: Sistema AFK

იმისთვის, რომ AFK სისტემის გავლენებზე ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ, მოკლედ გიამბობთ მათი რამდენიმე აქციონერისა და მენეჯერის შესახებ. ამ კომპანიის დირექტორი რუსი მილიარდერი ოლიგაქრი, ვლადიმერ ევტუშენკოვია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მოიხსენიებენ. რაც შეეხება თავად სისტემას, ის რუსულ ბაზარზე უმნიშვნელო კომპანიად ნამდვილად არ მიიჩნევა. მეტიც, 2017 წელს მასთან დაკავშირებულ პროცესებში ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც კი იყო ჩართული.

ვლადიმერ პუტინი და ვლადიმერ ევტუშენკოვი

ვლადიმერ პუტინი და ვლადიმერ ევტუშენკოვი

ფოტო: AP / RIA-Novosti, Alexei Druzhinin

კერძოდ, სისტემისა და როსნეტფის დავის მოგვარება სწორედ მის სახელს უკავშირდება, რადგან პუტინმა ორივე კომპანიის დირექტორები კრემლში მიიწვია, რის შემდეგაც შეთანხმება შედგა. რუსული მედია აქტიურად წერდა იმაზე, რომ პუტინის განცხადების შემდეგ სისტემის აქციების ფასი გაიზარდა.

ამასთან, 2014 წელს, როცა ევტუშენკოვის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე იყო აღძრული, თავად პუტინმა განაცხადა, რომ მას ბრალი მოეხსნა. 2018 წლის სექტემბერში კი პუტინმა ევტუშენკოვს მადლობა გამოუცხადა "მიღწეული სამსახურებრივი წარმატებებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის".

ცნობილია ისიც, რომ ამავე კომპანიის პრეზიდენტი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ჩირახოვი რუსული სპეცსამსახურების, FSB-ს კურსდამთავრებულია. ეს ინფორმაცია საჯაროა და კომპანიის ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული.

ვლადიმირ ჩირახოვის ბიოგრაფია სისტემის ვებგვერდზე

ვლადიმირ ჩირახოვის ბიოგრაფია სისტემის ვებგვერდზე

ფოტო: კადრი სისტემის ვებგვერდიდან

ამავე კომპანიის ყოფილი ხელძღვანელია კარტოგრაფების საქმის ცნობილი ფიგურანტი, დავით ხიდაშელი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის აფილირებული. კერძოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ სწორედ ხიდაშელმა გადასცა მას ის რუკები, რომლებმაც კარტოგრაფების საქმის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ხიდაშელის ჩართულობა შესაძლოა კრემლის ინტერესებში ყოფილიყო.

კიდევ ერთი კავშირი AFK სისტემასა და კრემლს შორის ამ კომპანიის აქციონერსა და დირექტორთა საბჭოს წევრ, დავით იაკობაშვილზე გადის. იაკობაშვილი Petrocas Energy Group-ის აქციონერიცაა. ამ კომპანის წილები Rosneft-მა შეიძინა, რომელიც თავის მხრივ Rosneftgaz-ის შვილობილია, ეს უკანასკნელი კი რუსეთის სახელმწიფო კომპანიაა.

ფოტო: Sostav.ru

რაც შეეხება ვასაძეს, ამ პროცესების უმეტესობაში ის ჩართული არ ყოფილა, თუმცა ფაქტია, რომ მის დროსაც და შემდეგაც AFK სისტემა კრემლისთვის საყურადღებო კომპანია იყო. როგორც მისი CV-დან ჩანს, ვასაძე სისტემაში სტრატეგიული განვითარების საკითხებს კურირებდა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

2006 წელს ის სისტემაში შემავალი კომპანიის, როსნოს დირექტორი გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მაშინ ევტუშენკოვი ვასაძეზე ამბობდა, რომ როსნოს "დაუთმეს ყველაზე ძვირფასი, რაც აქვთ".

როსნოში გადასვლით ვასაძეს ახალი ვალდებულებები გაუჩნდა. მას უწევდა თავადვე განეხორციელებინა განვითარების ის სტრატეგია, რომელიც როსნოსთვის სისტემის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობისას შეიმუშავა. 2007 წელს, როცა კორპორაცია ლონდონის ბირჟაზე გავიდა და როსნოს საკონტროლო პაკეტი გერმანულმა სადაზღვევო გიგანტმა, Allianz AG-მა შეიძინა, ვასაძემ AFK სისტემა დატოვა.

სისტემიდან წამოსვლის შემდეგ, ვასაძემ ჯერ თავისი კომპანია შექმნა, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა და აქ დაიწყო ბიზნესის კეთება, რაზეც ქვევით გიამბობთ.

2015 წელს სისტემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 წლის შემდეგ, ვასაძე დაბრუნდა და ერთ-ერთი მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი იქნებოდა. თუმცა რამდენიმე თვეში, როცა მენეჯმენტის ახალი სია გამოქვეყნდა, ვასაძე მათ შორის აღარ იყო. რით ვერ შეეწყო ვასაძე ძველ პარტნიორებს, უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ სისტემაში მუშაობისას მან საკმაოდ დიდი გავლენები მოიპოვა და რუსულ ბაზარზე ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენად და მენეჯერად მიიჩნეოდა.

Prometheus Capital

ვასაძემ Prometheus Capital დააარსა, რომელიც სპეციალიზდებოდა რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში მესამე მხარის კომპანიებიდან ინვესტიციებისა და კაპიტალის მოზიდვაში. კომპანიის დაარსების თარიღის დაზუსტება ვერ მოხერხდა, რადგან სხვადასხვა წყაროებზე 2008 და 2010 წლებია მითითებული.

2010 წელს პრომეთეუსმა ზოომაღაზიების ქსელი ბეთჰოვენი და ზოობუმი შეიძინა და ახალი შპს PET RETAIL შეიქმნა. ამ შპს-ს დირექტორი ვასაძის მეგობარი, გიორგი ჩქარეული გახდა. ფონდის მაშინდელი განცხადებით, იმედს გამოთქვამდნენ, რომ რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ქსელი გახდებოდნენ. 2016 წლისთვის, ასეც მოხდა და ვასაძის მაღაზიების ქსელი თავის სეგმენტში რუსეთში ყველაზე დიდი მიმწოდებელი გახდა.

2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვასაძე ბეთჰოვენის გაყიდვას გეგმავდა. იმ დროისთვის ბიზნესი 5 მილიარდ რუბლად იყო შეფასებული. თუმცა, ინფორმაცია არ დადასტურდა. 2019 წლის ინტერვიუში ვასაძე ამბობდა, რომ ბეთჰოვენი მისი ცხოვრების საქმეა. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ვასაძემ "რაღაც მაღაზიების ქსელის წილი" უწოდა და რომლის გაყიდვასაც დაჰპირდა ქართველ ამომრჩეველს.

"მე მაქვს წილი ზოომაღაზიების ქსელში და ამ გადაწყვეტილების მერე ვაპირებ, რომ გავყიდო ეს წილი, რათა აღარ მქონდეს აღარანაირი კავშირი ამ ბიზნესთან. ახლა საშინელი, კატასტროფული დროა ყველგან, მათ შორის რუსეთში, და თუ მე ვერ შევძლებ ამ წილის გაყიდვას, იმიტომ, რომ აბსოლუტური კრიზისია, მაშინ მე ამას გადავაფორმებ ტრასტში, რომ ჩემთან აღარანაირი კავშირი აღარ ჰქონდეს მართვის და ყურადღების თვალსაზრისით. ვისაც მიაჩნია, ჩემი ცხოვრებისეული გზიდან, კრედოდან გამომდინარე, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მე როგორც შემეძლო მიკეთებია ჩემი ქვეყნის სამსახურში, ვისაც მიაჩნია, რომ მე იოტისოდენ კომპრომისს დავუშვებ იმიტომ, რომ რაღაც მაღაზიების ქსელში რაღაც წილი მაქვს, მაშინ ნუ მენდობა და გაჰყვეს იმას, ვისაც ენდობა," — განაცხადა ლევან ვასაძემ ამ წლის 6 ივნისს.

ვასაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან AT Consalting-ის შეძენის შემდეგ

ვასაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან AT Consalting-ის შეძენის შემდეგ

ფოტო: კადრი ვიდეოდან / RBK

აღსანიშნია ისიც, რომ 2016 წელს ვასაძის პრომეთეუს კაპიტალმა შპს საპროექტო ინვესტიციებიც შეიძინა, რომელიც კომპანია AT Consulting-ის 95%-ს ფლობდა. შესაბამისად, ვასაძე ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ცდებით, თუ გგონიათ, რომ ბიზნესმენს მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდა. როგორც თავად ამბობდა, AT მიმართულება 21-ე საუკუნის ეკონომიკის მთავარი სექტორია, რაც რუსეთს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა.

"ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი მრეწველობაა, რომელშიც რუსეთს აქვს ყველა შანსი გახდეს მსოფლის ზესახელმწიფო. ჯერ ამისგან შორს ვართ, მაგრამ გვაქვს ყველა ისტორიული უპირატესობა — ეს არის უძლიერესი ისტორიული სამეცნიერო-ტექნოლოგიური და ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ქვეყანაში", — განაცხადა ვასაძემ 2017 წლის ინტერვიუში RBK-სთან.

ვასაძე ამბობდა, რომ AT Consulting ემსახურებოდა როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო სექტორს. იმ დროისთვის მათი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი და თავის მხრივ ტელეკომუნიკაციების სფეროში რუსული ბაზრის ლიდერი კომპანია როსტელეკომი იყო. ამავე კომპანიასთან თანამშრომლობდა რუსეთის სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი — სბერბანკი.

აღსანიშნია ისიც, რომ ჩქარეული ამ ბიზნესშიც ვასაძის პარტნიორი იყო, კერძოდ, ფინანსების მიმართულების გენერალური დირექტორი. უცნობია რატომ, თუმცა 2017 წელს ვასაძემ AT Consulting ისევ გაყიდა და ის ძველმა მფლობელმა დაიბრუნა.

როგორც ჩანს, დაპირების მიუხედავად, ვასაძემ აქციები ჯერ არ ან ვერ გაყიდა. დამოუკიდებელი ონლაინრესურსის, Rusprofile.ru-ს ინფორმაციით, პრომეთეუს კაპიტალი ისევ ვასაძის საკუთრებაშია. იგივე დასტურდება რუსეთის ფედერალური საგადასახდო სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტით და Bloomberg-ის მონაცემებით.

ვასაძის რუსული სამყარო მხოლოდ ბიზნესით როდის მთავრდება. რუსული საეკლესიო სკოლის კურსდამთავრებული ჩართული იყო მოსკოვის პატრიარქის, კირილის ორგანიზებულ ღონისძიებებშიც. მაგალითად, 2011 წელს ილია მეორესთან და რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად ესწრებოდა კიევის რუსეთის გაქრისტიანებისადმი მიძღვნილ ლიტურგიას.

ლევან ვასაძე და ილია მეორე პატრიარქ კირილთან ერთად ლიტურგიას ესწრებიან

ლევან ვასაძე და ილია მეორე პატრიარქ კირილთან ერთად ლიტურგიას ესწრებიან

ფოტო: რუსეთის საპატრიარქო

2020 წელს კი მონაწილეობდა საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავებში, რომელიც ასევე კირილისა და რუსეთის საპატრიარქოს ორგანიზებულია. პატრიარქი კირილისა და კრემლის ახლო კავშირების მოყოლაზე აღარ მოგაცდენთ. ეს ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომია.

ვასაძის ქართული ბიზნესი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისტემიდან წამოსვლის შემდეგ, მალევე ვასაძე საქართველოში დაბრუნდა. 2009 წელს მან და მისმა ცოლმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი დააარსეს. სკოლის მესაკუთრე შპს კიკეთის სოციალური პროექტებია, რომლის 100%-იან წილს ვასაძის ცოლი, ნინო დურგლიშვილი ფლობს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა

ფოტო: იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა

სკოლის გახსნას საპატრიარქოს ჩართულობის გარეშე არ ჩაუვლია. ვასაძის თქმით, სასწავლებელი პატრიარქის კურთხევით ააგო. გახსნას ილია მეორე ესწრებოდა და სიტყვით გამოსვლისას ვასაძეს და ყველა მონაწილეს "დიდი საქმის" დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა. სკოლის მიმდებარედ აშენებულია წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვარი საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძეა.

ლევან ვასაძე სკოლაში ილია მეორესთან და ანდრია ჯაღმაიძესთან ერთად

ლევან ვასაძე სკოლაში ილია მეორესთან და ანდრია ჯაღმაიძესთან ერთად

ფოტო: იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა

ფოტო: იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა

ვასაძისა და დურგლიშვილის სკოლის გაცხადებული პოზიციაა, რომ სასწავლებლის ხედვა ეფუძნება მართმადიდებლურ ფასეულობებს. სკოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სასწავლებლის მისიაა "ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულ მზრუნველ, შემოქმედებით და უსაფრთხო გარემოში აღზარდოს ჯანსაღი, წიგნიერი, შემწყნარებელი და წარმატებული პიროვნება".

აღმოჩნდა, რომ სკოლაში წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბების ერთობ უცნაური მეთოდი აირჩიეს. მაგალითად, 2018 წელს სკოლაში სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დაწესდა. სასწავლებლის განმარტებითი, სასტიპენდიო პროგრამის დანიშვნა ემსახურებოდა "სქესთა შორის ბალანსის დაცვასა და მე-8 კლასში მყოფი ბიჭებისთვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტისა და დათრგუნვის აღმოფხვრას".

ომბუდსმენმა გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად მიიჩნია, პასუხად კი ვასაძემ განაცხადა, რომ მათი ჯიბით დაფინანსებული სტიპენდია მათი საქმეა და არა უფლებადამცველების. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მერვე კლასში "ერთი ბიჭი ბევრ გოგოსთან არ მჯდარიყო". ამტკიცებდა იმასაც, რომ გასულ წელს მსგავსი სტიპენდია დააწესეს გოგოების წასახალისებლადაც.

აღსანიშნია, რომ ვასაძისა და მისი ცოლის სკოლის ყოფილი დირექტორია ამჟამინდელი პრემიერმინისტრის სპეციალური მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე. ცნობილია ისიც, რომ ვასაძე ექსპრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის ბავშვობის მეგობარია და როცა მარგველაშვილი ქართული ოცნების კანდიდატი იყო, ვასაძე მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ჩნდებოდა. ესწრებოდა მის ინაუგურაციასაც.

მის შეხედულებებზე დასმული კითხვის პასუხად მარგველაშვილი ამბობდა, რომ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი, სანამ ძალადობა არ განხორციელდება.

ზურაბ აბაშიძე, ლევან ვასაძე და გიორგი მარგველაშვილი

ზურაბ აბაშიძე, ლევან ვასაძე და გიორგი მარგველაშვილი

ფოტო: ნეტგაზეთი

თანაინვესტირების ფონდი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთიდან დაბრუნებული ვასაძე მჭიდრო კავშირში იყო ეკლესიასთან და მმართველ გუნდთანაც. ამჯერად მან თავი ქართულ ინვესტიციებში მოსინჯა –— კერძოდ, 2013 წელს ქართული ოცნების დამაარსებელის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით საინვესტიციო ფონდი შეიქმნა.

ბიძინა ივანიშვილის და თანაინვესტირების ფონდის სხვა წევრები

ბიძინა ივანიშვილის და თანაინვესტირების ფონდის სხვა წევრები

ფოტო: მთავრობა

2013 წელს ვასაძემ გიორგი ბაჩიაშვილთან და უჩა მამაცაშვილთან ერთად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნათესავია, შპს ჯი სი ეფ პარტნიორები დააარსა. ბაჩიაშვილი და მამაცაშვილი კომპანიის 42%-ს ფლობდნენ, ვასაძე 16%-ს. სწორედ GCF პარტრნიორებია თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია. ვასაძე მაშინ თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრად მოიაზრებოდა.

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერდა, მიუხედავად იმისა, რომ თანაინვესტირების ფონდს არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინვესტორები აფინანსებენ, შიდა ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წელს გამოცხადდა.

2014 წელს ვასაძე კომპანიიდან გავიდა და წილები 50/50 მამაცაშვილსა და ბაჩიაშვილს დარჩათ. თუმცა, დღეის მონაცემებით ბაჩიაშვილი 100%-იანი წილის მფლობელია.

სამოსელი პირველი

ვასაძესთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანიაა სამოსელი პირველი, რომლის 83,5%-იან წილს მისი და, თამარ ვასაძე ფლობს, 13,5%-ს ლაშა ტოგონიძე და 3%-ს ანა ნინუა. სამოსელი პირველი ორჯერ მონაწილეობდა თავდაცვის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ორივე ჩაიშალა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ბიუჯეტიდან უტენდეროდ მიიღეს 339 000 ლარი.

კერძოდ, სტუდია მონიტორის გამოძიებით, ოპერა აბესალომ და ეთერის სასცენო კოსტუმების შესაკერად ბიუჯეტიდან 339 250 ლარი დაიხარჯა. 252 კოსტუმის შესაკერად 339 000 ლარის ხელშეკრულება სამოსელი პირველთან ტენდერის გარეშე გაფორმდა.

ფოტო: IPRESS

კიდევ ერთი შემთხვევა, როცა სამთავრობო სტრუქტურებმა სამოსელი პირველთან ითანამშრომლეს, ოლიმპიადას უკავშირდება. კომპანიამ 2016 წელს საქართველოს ნაკრების ჩაცმულობაზე იზრუნა. ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, სპორტსმენებისათვის შეკერილი სამოსი დაახლოებით 80 000 ლარი დაჯდა.

მაშინ ტანსაცმლის დიზაინი სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ტანისამოსი ქართულ კულტურას არ ასახავდა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ კი განაცხადა, რომ ნაკრების ჩაცმულობაში, სახელმწიფო სიმბოლოების, სახელმწიფო დროშის და გერბის უგულებელყოფა არამართებულია. პასუხად ვასაძის კომპანიაში განაცხადეს, რომ სამოსი გვიანი შუასაუკუნეებისაა.

თბილისის ოლიმპიურ პარკში ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა, 23 ივლისი, 2016.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

ნინო დურგლიშვილზე რეგისტრირებული სხვა ბიზნესი

ვასაძის ოჯახის საკუთრებაში მხოლოდ ხსენებული კომპანიები როდია. რეესტრის ბოლო მონაცემებით, ნინო დურგლიშვილის სახელზე რეგისტრირებულია არაერთი კომპანია:

თავისუფლების მონიტორის გამოძიების მიხედვით, ბაგრატიონი 1882-მა 2019 წელს აწარმოე საქართველოს შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. კერძოდ, სახელმწიფომ ვასაძეს ბანკის კრედიტი, 600 000 ლარი დაუფარა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დასჭირდა ბიუჯეტიდან ფულის ჩუქება, მილიონერი ბიზნესმენი პასუხობს, რომ ასეთი პროგრამა ბევრი უნდა იყოს.

"ჩვენ ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები, თქვენ ხომ გიყვართ, გენაცალე, კანონის ფარგლებში ჩვენი ყოფნა, კანონის ფარგლებში, როდესაც სახელმწიფო აანონსებს, გენაცალე, ბიზნესის წახალისების პროგრამას, ჩვენ მასში სიხარულით ვმონაწილეობთ", — განაცხადა მან.

დემოგრაფიული ფონდი

2013 წელს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით კიდევ ერთი ფონდი დაფუძნდა, რომლის მიზანი დემოგრაფიულ პროცესებზე ზრუნვა იყო. ვასაძე აქაც არ დარჩენილა უსაქმოდ.

ფონდს საპატრიარქო უცხადებდა მხარდაჭერას, ბიზნესმენები კი ხელმძღვანელობას უწევდნენ. საბჭოში თიბისი ბანკის დამფუძნებლებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, ვასაძეც იყო ჩართული — მეტიც, მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL

"რუს ხალხთან ერთად, ჩვენ გავუძელით და თავიდან მოვიშორეთ და დავამარცხეთ ჯერ ფაშიზმი და შემდეგ კომუნიზმი, ორივე მოსული ჩვენთან დასავლეთიდან. მანამდე ქრისტიანული რუსეთი დაეხმარა ქრისტიანულ საქართველოს განადგურებისგან გადარჩენაში. თუმცა, მან ეს მოახდინა ჩვენთვის მიუღებელი ფასის ხარჯზე, საქართველოს სამეფოსა და ავტოკეფალიის გაუქმების შედეგად", — განაცხადა ვასაძემ 2016 წელს, ოჯახის მსოფლიო კონგრესზე, ამ ფონდის ხელმძღვანლის რანგში.

ამავე გამოსვლაში ანტიდასავლური გზავნილებიც არ დაიშურა და თქვა, რომ დასავლეთისგან დასპონსორებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ეკლესიაზე შეტევები ხორციელდება. ქართულ მედიას კი "ლიბერალების ტოტალიტარული დიქტატურა" უწოდა.

მოღვაწეობა ამ სფეროში ვასაძემ ოჯახის მსოფლიო კონგრესზე გააგრძელა, რომელსაც ყოველწლიურად მართავს.

მორწმუნე ვასაძის ძალადობრივი სამყარო

ვასაძე რწმენასა და ღმერთზე ლაპარაკობს თითქმის ყველგან, დაწყებული გადაცემებიდან, სადაც ბიზნესმენის რანგში იყო მიწვეული, დასრულებული ვარდების ბაღით, სადაც საქართველოს მოქალაქეებსა და პოლიციაზე ძალადობას აანონსებდა. თუმცა მის გამოსვლებში ღმერთი შემწყნარებელი და სიყვარულის მქადაგებელი არ არის — პირიქით, სულ ძალადობის წამხალისებელია. მუდმივად ამტკიცებს, რომ თავმდაბალია და არ აქვს ამბიცია, რომ მაინცდამაინც მისი აზრია სწორი, თუმცა მისი რიტორიკა რადიკალურად განსხვავებულია და სულ ცდილობს თავისი აზრი სხვებს მოახვიოს, თან ღმერთის სახელით.

ყველგან და ყოველთვის აფიშირებს, რომ მორწმუნეა და ეკლესიასთან მჭიდრო კავშირითაც იწონებს თავს. მაგალითად, ხშირად ესწრება ლგბტ თემის საწინააღმდეგოდ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობებს.

ლევან ვასაძე "ოჯახის სიმტკიცის დასაცავად" მოწყობილ მსვლელობაზე 2016 წელს

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ლევან ვასაძე "ოჯახის სიმტკიცის დასაცავად" მოწყობილ მსვლელობაზე 2019 წელს

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

სამაგიეროდ, იწუნებდა ყველა სხვა აქციასა და პროტესტს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეფუძნებოდა. მაგალითად, ბასიანსა და გალერიში შეჭრის შემდეგ დაწყებული აქციების შეფასებისას მან პროტესტის მონაწილეებს ნარკომოვაჭრეები უწოდა და ისიც დაამატა, რომ "ნარკოლიბერასტი ჭინკების კლოაკა სამი კონცენტრული შრისაგან შედგება".

წლების განმავლობაში გულთგონთხართაო გვეკითხებოდა, უცნაურ ისტორიებს გვიყვებოდა და ჭკუას გვარიგებდა იმაზე, როგორ უნდა გვეცხოვრა. მისი მოძღვრება საზოგადოების ნაწილს იმდენად მობეზრდა, რომ იდეაც კი გაჩნდა — ის ილონ მასკს მარსზე წაეყვანა. თუმცა მარსის ნაცვლად აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოვიდა.

ფოტო: ქართველები / change.org

ყველაზე მეტად რაინდადკურთხეული ბიზნესმენი მაშინ გააქტიურდა, როცა ფილმი And Then We Danced გამოვიდა და ღირსების მარში დაანონსდა. ჩააჩოჩა ადგილობრივი ჰომოფობი ლიდერები და მათივე ჯგუფების სათავეში მოექცა, ესეც არ იკმარა და თავისი სახალხო ლეგიონების შექმნა დააანონსა, რომელიც ათისთავებად და ასისთავებად დაყო, ძალადობა დაავალა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. საჯაროდ, მედიებისა და მხარდამჭერების წინ სამართალდამცავებსაც დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ პოლიციას თუ არ "ეყოფა ჭკუა" და კორდონს ჩადგამს მათსა და თბილისი პრაიდის მონაწილეებს შორის, მაშინ მხარდამჭერებთან ერთად კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს. დაემუქრა ლგბტ პირებსაც და განაცხადა, რომ თუ "გააბრაზებენ", ლეგიონის წევრები "ხელებს შეუკრავენ" და "ყურებს აუწევენ".

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

ამავე პერიოდში მისი ანტიდასავლური რიტორიკა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ვასაძე არამხოლოდ თავს ესხმოდა დასავლურ ინსტიტუტებს და ავრცელებდა კონსპირაციულ თეორიებს, არამედ ელჩებსაც ემუქრებოდა.

რიტორიკის შეცვლა მალევე მოუწია, როგორც კი შსს-მ თქვა, რომ პოლიციელზე თავდამსხმელი შესაბამის პასუხს მიიღებდა და გამოძიება დაიწყო — მაშინ ვასაძემ რაზმები გააუქმა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ღირსების მარში არ იმართებოდა.

მხარდამჭერებს კომბლები სხვენში კი შეაწყობინა, მაგრამ მაინც ვერ დაისვენა და აქციები თბილისი პრაიდისა და მოძრაობა სირცხვილიას წინააღმდეგ გააგრძელა. მეტიც — მათ საპროტესტო სივრცე მოპარა იმის იმედად, რომ ღირსების მარში ვერ გაიმართებოდა. თუმცა, საბოლოოდ იმას მიაღწია, რომ თავზე ლგბტ დროშამ გადაუფრინა და სხვა ლოკაციაზე ღირსების მარშიც გაიმართა, სანამ ის ყვითელ სამარშურტო ტაქსში იჯდა და მათ დასარბევად ლეგიონის წევრებთან ერთად მიდიოდა.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

ამ დროისთვის ვასაძემ განაცხადა, რომ უკვე შერყეული ჰქონდა ნდობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მას საჯაროდ დაუპირისპირდა.

"მისი მმართველობის დროს ქვეყანას მიადგა უდიდესი მორალური და ზნეობრივი შეურაცხყოფა. ეს ზარალად არ გადაიქცა ჩვენი ერის რეაქციის გამო, მაგრამ ჩემი აზრით, ბიძინას არ აქვს უფლება იყოს საქართველოს მმართველი", — განაცხადა მან.

ჩვენც, ჟურანლისტებსაც გვეუბნებოდა, რისი უფლება გვაქვს და რისი — არა. ხშირად ცინიკურად და ირონიულად მოგვმართავდა და შეურაცხყოფასაც გვაყენებდა. მისი საქციელით წახალისებული მხარდამჭერები კი ჟურნალისტებზე ძალადობდნენ.

ვასაძის და მისი ჰომოფობი მხარდამჭერების გამო ფილმ And Then We Danced-ის ჩვენებამ სპეცრაზმისა და ხმაურის ფონზე ჩაიარა. მისმა მობილიზებულმა მოძალადე ჯგუფებმა აქტივისტ ანა სუბელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქტივისტს თავში ბლაგვი საგანი ესროლეს, რის შედეგადაც, თავზე შვიდი ნაკერი დასჭირდა.

ცნობილია ისიც, რომ ვასაძე Alt-info-ს პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური არხის ფავორიტია. წამყვანები ხშირად აქებენ და ადიდებენ, ამართლებენ მის საქციელსა და გადაწყვეტილებებს და სტუმრადაც ხშირად იწვევენ. მეტიც, ვასაძის გაპიარებაში ალტინფოს ალექსანდრ დუგინიც ეხმარება. მისი გამოსვლები არაერთხელ აღმოჩნდა დუგინის ფეისბუქგვერდზე.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / Alt info

აღსანიშნია, რომ წელსაც დაგვემუქრა, არამხოლოდ ჩვენ, ხელისუფლებასაც და 10-დღიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ პრაიდის კვირეული გაუქმდეს, "რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას". ამასთან ერთად ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას. ასეთი აქვთ რუსეთში.

ერი

ბიზნესის და საზოგადოებრივი აქტივობის შემდეგ, ვასაძემ პოლიტიკოსობა მოინდომა. 2021 წლის 6 მაისს განგვიცხადა, რომ "ერს" ქმნის. ლოგოდ ჯვრის მსგავსი ფარი წარმოგვიდგინა, პარტიის სახელი კი აბრევიატურაა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ერთობას, რაობასა და იმედს გულისხმობს.

პოლიტიკაში მოსვლა დაგვამადლა — გვითხრა, რომ დიდად არ უნდა და იძულებულია იმიტომ, რომ გადასარჩენი ვართ.

ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge

პოლიტიკური კარიერის დასაწყისშიც, რა თქმა უნდა, ყველა და ყველაფერი დემოკრატიული, მრავალფეროვანი და განსხვავებული გააკრიტიკა. დაიწუნა მრავალპარტიული პარლამენტის იდეაც და აღნიშნა, რომ "პარტიული აჯაფსანდალი მიიყვანს ქვეყანას კრიზისამდე". ევროპის ჩართულობაზე უკმაყოფილების გამოხატვაც არ დავიწყებია და შარლ მიშელის დოკუმენტს "აბსოლუტური კატასტროფა" უწოდა. იქვე გაავრცელა არასწორი ინფორმაციაც, თითქოს ამ შეთანხმების მიხედვით, საქართველოს აქვს ვალდებულება, ყველა ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორებთან შეათანხმოს.

წარსულში არაერთი საინვესტიციო ფონდის ლიდერმა, პარტიის წარდგენისას განაცხადა, რომ არც ტურიზმის, არც ინვესტიციების და არც უცხოელების ჩამოსვლის თუ მუშაობის წინააღმდეგია, თუმცა დაამატა, რომ "არა ქართველი ხალხისა და ქართული ინტერესების ხარჯზე". რუსული საინვესტიციო ფონდების ყოფილ ლიდერს არ აუხსნია, რაში უშლის ხელს ინვესტიციები და უცხოელების დასაქმება ქართველი ხალხის ინტერესებს.

ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge

სიტყვით გამოსვლისას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვითაც დაგვემუქრა და თქვა:

"იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, იქნება მკაცრი რეგულაციები მასმედიაზე, რათა სიტყვის თავისუფლება, რომლის მომხრეც ვარ მე, არავის აერიოს უპასუხისმგებლობაში, შეურაცხყოფაში, დაცინვაში და ცილისწამებაში ქართველი ხალხისა".

ფოტო: მთავარი არხი

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერის წარდგენისას ვასაძემ იმის მტკიცება დაიწყო, რომ დაბადების დღიდან არის მხოლოდ ერთი ქვეყნის — საქართველოს აგენტი და ეს ასე იქნება "ბოლო ამოსუნთქვამდე". ეს იყო 16 მაისს, თუმცა 10 დღის შემდეგ მოსკოვში პუტინის იდეოლოგს და თავის მეგობარს, ალექსანდრ დუგინს შეხვდა.

სტატიის დასასრულს, შეგახსენებთ, რომ დუგინი სხვადასხვა დროს, რუსეთის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაში, ჩვენ გვადანაშაულებდა და აგვისტოს ომისას ოსებისადმი გენოციდების მოწყობასაც გვაბრალებდა. მეტიც, 2008-ში რაც წაიღეს, ის ტერიტორია არ ჰყოფნიდა და საჯაროდ ითხოვდა თბილისზე თავდასხმას. იგივე დუგინი ვასაძეს შესანიშნავ პატრიოტს უწოდებს. თავის მხრივ, ვასაძე ამტკიცებს, რომ დუგინს ესაუბრა და საქართველოზე აზრი შეაცვლევინა.

მეტიც, რაინდი გვირჩევდა, რომ დუგინის 2015 წლის შემდგომი გამოსვლები მოგვესმინა, რადგან სწორედ ამ დროს გაიცნო და თვითონ, "ერთმა ქართველმა პატრიოტმა, ყველაზე ნაციონალურად განწყობილი, რუსი კონსერვატორი ფილოსოფოსის შემოტრიალება" შეძლო.

"აწი, დუგინის ბოლო განცხადებების მერე, ვინც არ ეთანხმება, უნდა აჯობოს დუგინს რუსეთის პატრიოტიზმში", — ამბობდა ვასაძე.

დუგინის შემდგომ გამოსვლებსაც მოვუსმინეთ და აზრი არ შეგვიცვლია. ის ისევ პუტინის იდეოლოგია და ისევ დიდი რუსეთის იმპერიის აღდგენას ისახავას მიზნად. საქართველოზე ისევ ხშირად საუბრობს — ამჯერად ომს არ ითხოვს, მაგრამ ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას ცდილობს, კრემლისტურ ნარატივებს და საბჭოთა ნოსტალგიებს აღვივებს.

დაეხმარება თუ არა ამაში დუგინს ვასაძე, მალე უფრო კარგად გამოჩნდება, როცა აქტიური წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება. ფაქტი ერთია — ამჟამად "რაინდის" ელექტორატი უფრო პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პარტიის, რადგან მისი ნარატივი მხოლოდ პრორუსულ მიდგომებთანაა ახლოს და არა "ერთობას", არამედ საზოგადოების დაყოფას, დაპირისპირებას ემსახურება.

და ბოლოს, რაც შეეხება მოსაზრებებს ვასაძის სასაცილოობასა თუ სახიფათოობაზე — არამხოლოდ ვასაძის, არამედ ქართული პოლიტიკის წარსული გვასწავლის, რომ ძალადობრივი მეთოდების მომხრეები პოლიტიკაში ნამდვილად სახიფათო პროცესებს იწვევენ. სახიფათოს ქვეყნის დასავლური კურსისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის.

სტატია მომზადდა საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამასთან (GIIP) თანამშრომლობით. GIIP ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და მას ახორციელებს Zinc Network და მისი პარტნიორი ორგანიზაციები. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.