როგორ აღვიქვამთ სამყაროს LSD-ის ზემოქმედების ქვეშ — კვლევა
ოლდოს ჰაქსლიმ 1954 წელს დაწერა წიგნი "აღქმის კარები — სამოთხე და ჯოჯოხეთი", სადაც თავისი პირადი ფსიქოდელიური თავგადასავალი გაგვიზიარა. ავტორი წიგნში აღწერს თუ როგორ გარდაქმნის ფსიქოდელიური ნივთიერებები ჩვენი აღქმის უნარს. მისი თქმით, ფსიქოდელიკები "ამცირებს ტვინის ეფექტურობას, აღიქვას ყოველდღიური მოცემულობები."
ჰაქსლი ნამდვილად წინდახედული ავტორი იყო, რასაც ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს. კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ LSD ამცირებს იმ ბარიერებს, რომლებიც ჩვენს აზრებს "ზღუდავენ'. ამით ის გონებას "ათავისუფლებს", რათა უფრო მარტივად ვიფიქროთ და სამყარო ახლიდან აღვიქვათ.
"ჩვეულებრივ, აზრები და შემომავალი ინფორმაცია გაფილტრულია ჩვენი წინა გამოცდილებით. თუ ამ ფილტრაციასა და ჩახშობას "დაჩრდილავთ" სამყაროს ახალი თვალით შეხედავთ მიიღებთ სრულიად ახალ პერსპექტივებს", — ამბობს პარკერ სინგლტონი, ნიუ იორკის კორნელის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
სინგლტონი და მისი კოლეგები მიზნად ისახავდნენ ფსიქოდელიკის ე.წ. "რებუსის" მოდელის შემოწმებას. მოდელის თანახმად, ტვინი გრძნობებიდან იღებს ინფორმაციას და აზრებს, რის მიხედვითაც ის სამყაროს აღქმას იყალიბებს. ეს ტვინს წინასწარ მქონე რწმენების და აღქმების მიმართ "დამჯერს" ხდის.
თუმცა, ტვინი განსხვავებულად მუშაობს ფსიქოდელიკების შემთხვევაში. "რებუსის" მოდელის თანახმად, ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა LSD, ასუსტებს წინასწარი რწმენის გავლენას, რომელსაც ტვინი იყენებს სამყაროს გასაგებად. ეს ტვინს ახალი პერსპექტივების მიმართ უფრო გახსნილს ხდის. ერთი სიტყვით, LSD-ის შეუძლია ტვინის საათი ისე უკან გადაახვიოს, სადაც მან არ იცის რომ კედელი არ მოძრაობს და ავეჯი არ ლაპარაკობს.
"თქვენ შეიძლება სამყაროს აღქმა შეგეცვალოთ. თქვენი აღქმაა, რომ კედელი არ მოძრაობს, მაგრამ თუ მსგავსი "ცოდნა" სუსტდება, კედლებმა შეიძლება მოძრაობა დაიწყონ", — ამბობს ემი კუჩეისკი, კვლევის ავტორი.
კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა fMRI-ზე ადამიანების ტვინის სკანირება მოახდინეს. ამ დროს ნაწილს LSD ჰქონდა მიღებული, მეორე ნახევარს კი პლასებო. ამან გამოავლინა ტვინის ოთხი განსხვავებული მდგომარეობა. ტვინის ორ მდგომარეობას მეტწილად თავის ტვინის სენსორული ნაწილები განაპირობებდა, ხოლო დანარჩენი ორი გულისხმობდა ტვინის "ზემოდან-ქვემოთ" დამუშავების პროცესს, რასაც სამყაროს აღსაქმელად ვიყენებთ. LSD-ზე ტვინს სენსორული აღქმებისთვის უფრო მეტი დრო სჭირდებოდა, ხოლო სამყაროს აღქმის მხრივ უფრო გააქტიურებული იყო.
ტვინის სკანირების შედარებამ აჩვენა, რომ LSD-ის შემთხვევაში პლასებოსთან შედარებით, ტვინს უფრო მარტივად შეეძლო ერთი მდგომარეობიდან მეორეზე გადასვლა. დაკვირვებით გამოჩნდა, რომ ტვინის აქტივობა ნაკლებად იყო დამოკიდებული არსებულ აღქმებზე.
"ეს მეტ თავისუფლებას და დინამიურობას იძლევა", — ამბობენ მკვლევრები.
"ბავშვის განვითარებისა და განათლების მთელი პროცესი იმის სწავლაა რაც სხვებმა იციან. ამით ჩვენს ტვინს დამოკიდებულებები და აღქმები უყალიბდება. ფსიქოდელიკების ქვეშ, თქვენ ბრუნდებით იმ მდგომარეობაში, სადაც ტვინის ნაწილები, რომლებიც ბავშვობის შემდეგ დადუმებულები არიან, კვლავ მოქმედებაში მოდიან. ამით ადამიანები ძველ პრობლემებს და სამყაროს ახლებურად აღიქვამენ", — ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგი დევიდ ნატი.
მსგავსმა ფენომენმა შეიძლება ახსნას ის ფაქტორი, რის მიხედვითაც ადამიანები ფსიქოდელიკებს დეპრესიის და პოსტტრამვული სტრესის სამკურნალოდაც იყენებენ.
"დეპრესიის დროს ადამიანები ერთ აზრში იკეტებიან, რომელიც მეორდება და მეორდება. ფსიქოდელიკები არღვევენ ამ სახის პროცესებს", — ამბობს დევიდ ნატი.
კომენტარები