პირველი ქართული რომანი, რომელიც საერთაშორისო ბუკერის კანდიდატებს შორის მოხვდა
2013 წელს გამოვიდა ფილმი გრძელი ნათელი დღეები, რომელიც მალევე ბევრმა თანამედროვე ქართული კინოს უძრაობის დასასრულად, ახალ სიცოცხლედ მიიჩნია. ეს შეფასება გადაჭარბებული სულაც არ აღმოჩნდა, რადგან ნანა ექვთიმიშვილის პირველმა სრულმეტრაჟიანმა კინოსურათმა ქართველი მაყურებლის მოწონებასთან ერთად ცნობილი საერთაშორისო გამოცემებისა თუ კრიტიკოსების აღიარებაც მოიპოვა.
დაახლოებით მსგავსი წარმატება ხვდა ნანა ექვთიმიშვილის სიმონ გროსთან თანამშრომლობით გადაღებულ მეორე კინოსურათსაც ჩემი ბედნიერი ოჯახი და საბოლოოდ, ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართველ კინორეჟისორად იქცა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სინეფილებისთვის.
ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია, რომ ერთდროულად ხელოვნების სხვადასხვა დარგში თანაბარ წარმატებას მიაღწიო, თუმცა ნანა ექვთიმიშვილმა ეს ნამდვილად მოახერხა: 2015 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი რომანი მსხლების მინდორი, რომელმაც ამჯერად მკითხველების გული მოიგო და ექვთიმიშვილიც თანამედროვე ქართულ შემოქმედებით სივრცეში არა მხოლოდ მნიშვნელოვან რეჟისორად, არამედ საინტერესო და ანგარიშგასაწევ მწერლადაც იქცა.
ბოლო პერიოდში ამ წიგნმა ქართულ ლიტერატურაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა, რის შესახებაც ამ სტატიაში ვრცლად გიამბობთ და თავად ავტორის ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ (Spoiler Alert: მწერალი სამომავლო გეგმებსაც გაგვანდობს).
თუ გეტყვით, რომ მსხლების მინდორის სიუჟეტი 90-იან წლებში ვითარდება, ალბათ, იფიქრებთ, რომ ესეც ერთი რიგითი ამბავია იმ სიბნელეზე, განუკითხაობაზე, ომზე, ნარკოტიკებსა და კრიმინალურ სამყაროზე, რომელიც ბოლო წლებში ქართული კინოსა და ლიტერატურის ლამის ყოველი მეორე ნაწარმოების მთავარი ფაბულა იყო. თუმცა ნანა ექვთიმიშვილი თავის რომანში ამ უკვე გადაღეჭილი ლუკმის კიდევ ერთხელ გადაყლაპვას სულაც არ გვაიძულებს და ჩვენს მზერას სულ სხვაგან მიმართავს: პოსტსაბჭოთა საქართველოს ერთ-ერთ სკოლა-ინტერნატის კედლებს მიღმა შეგვახედებს, სადაც მშობლებისგან მიტოვებული ბავშვები ცხოვრობენ.
"დებილების სკოლა", როგორც ამ თავშესაფარს მოიხსენიებენ ხოლმე, ერთმანეთზე უფრო საინტერესო პერსონაჟებითაა სავსე, თუმცა იქაურობას ყველაზე მეტად მაინც გაჭირვება, განათლების პრობლემა, ძალადობა და სისასტიკე არ აკლია. ამ წიგნის ფურცლებზე აღწერილი ბავშვების, მოზარდების, არასრულწლოვნების ერთმანეთზე უფრო შემზარავი, დაუჯერებელი, უიმედო და ტრაგიკული ისტორიები ერთგვარ მეტაფორად იქცევა მთელი ქვეყნის შესახებ, რომელიც ზუსტად იმავე პერიოდში ასეთივე დაობლებული, მიტოვებული და სასოწარკვეთილი იყო.
ამ ემოციურად მრავალფეროვანმა ისტორიამ, რომელსაც ავტორმა, ალბათ, კინორეჟისორის თვალით სულ სხვაგვარი სიმძაფრე შესძინა, მაშინვე იმოქმედა მკითხველებზე და შესაბამისმა გამოხმაურებამაც არ დააყოვნა: მსხლების მინდორს გამოცემიდან ერთი წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული ჯილდო გადაეცა — "საბა" და "ლიტერა" საუკეთესო დებიუტისთვის, ამავდროულად კი ილიაუნის პრემია მიიღო, როგორც საუკეთესო ქართულმა რომანმა.
ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად ითარგმნება ქართული ლიტერატურა სხვადასხვა უცხოურ ენაზე და მათ შორის ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანიც უკვე გამოიცა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში. ასე გაიცნო მსხლების მინდორი უცხოელმა მკითხველმა და ადგილობრივი წარმატების შემდეგ ნანა ექვთიმიშვილმა გავლენიანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიების ყურადღებაც მიიპყრო.
ბუკერის პრემია ლიტერატურულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს ასახელებს. ამავე პრინციპით 2005 წლიდან გაიცემა საერთაშორისო ბუკერის პრემიაც, რომელიც სხვადასხვა ენიდან ინგლისურად თარგმნილ ნაწარმოებებს გამოარჩევს. ეს პრიზი სხვადასხვა დროს მიუღიათ ისეთ ცნობილ ავტორებს, როგორებიც არიან ისმაილ კადარე, ელის მანრო და ოლგა ტოკარჩუკი.
წელს ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში, 13 ფინალისტ რომანს შორის ნანა ექვთიმიშვილის მსხლების მინდორიც დასახელდა და ამით უპრეცედენტო წარმატება მოუტანა ქართულ ლიტერატურას: მსხლების მინდორი პირველი ქართული რომანია, რომელიც ინგლისურად ითარგმნა და ბუკერის საერთაშორისო პრემიის კანდიდატებს შორის მოხვდა.
ამ მოვლენიდან მალევე მსხლების მინდორი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2021 წლის ლიტერატურული პრემიის 3 ფინალისტს შორის დასახელდა. EBRD უკვე 4 წელია, რაც ევროპისა და აზიის იმ 40-მდე ქვეყნიდან, სადაც ეს ორგანიზაცია მუშაობს, ინგლისურად ნათარგმნ რომანებს შორის საუკეთესოს არჩევს და მათ აჯილდოებს. ნანა ექვთიმიშვილი წელს პოლონელ შჩეპან ტვარდოხთან და რიმუნელ მათეი ვიშნეკთან ერთად იბრძვის საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად: გამარჯვებული პირველ ივნისს გამოვლინდება.
აღიშნულ თემასთან დაკავშირებით ნანა ექვთიმიშვილს პირადად გავესაუბრეთ და მწერალი ამ წარმატებას არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ზოგადად ქართული ლიტერატურის გამარჯვებად მიიჩნევს:
"ჩემთვის ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით ხვდები, რომ ქართულიდან თარგმნილ წიგნს, ზოგადად ლიტერატურას, აქვს შანსი იმისა, რომ ისიც თანამედროვე მსოფლიოს ლიტერატურულ პროცესებში იყოს აღქმული და განხილული. თარგმანის გარეშე ქართულ ენაზე შექმნილი ლიტერატურა, ფაქტობრივად, იზოლირებულია. ჩვენ გვაქვს უამრავი შედევრი, როგორც კლასიკურ, ისევე თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, მაგრამ მათი საქართველოს გარეთ გატანა არის მთლიანად თარგმანსა და მის ხარისხზე დამოკიდებული. ჩემი წიგნი ინგლისურად ელიზაბეტ ჰაივეიმ თარგმნა, მან თარგმნა თავის დროზე აკა მორჩილაძის მოგზაურობა ყარაბაღშიც. კარგი მთარგმნელის როლი წიგნის წარმატებაში ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც თავად ავტორის. ამიტომაცაა, რომ საერთაშორისო ბუკერის პრემია იქნება ეს, თუ სხვა საერთაშორისო ჯილდოები, ავტორს და მთარგმნელს ყოველთვის თანაბარმნიშველოვნად განიხილავენ", — ამბობს ექვთიმიშვილი.
მართალია, ბევრი ნანას, როგორც რეჟისორს, ისე უფრო იცნობს, თუმცა თავად აღნიშნავს, რომ სანამ კამერის საშუალებით გადაწყვეტდა მის გონებაში დაგროვილი იდეებისთვის ხორცის შესხმას, იქამდე ჯერ სიტყვებით დაიწყო ამბების გაცოცხლება. ამის მიუხედავად, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის ის წარმატება, რაც რეჟისორობასთან ერთად მწერლობამ მოუტანა:
"არ ველოდი, ამაზე უბრალოდ არ მიფიქრია. წერას რაც შეეხება, დიდი ხანია ვწერ, მანამდე ბევრად ადრე, ვიდრე ფილმების კეთებას დავიწყებდი და ჩემს თავში დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს, რას დავწერ მომავალში და სად ვდგავარ ახლა. ამიტომაც იყო ალბათ მოულოდნელი, რადგან მგონია, რომ ჯერ ამ ჩემი ჩანაფიქრიდან ძალიან ცოტა გავაკეთე".
მწერალმა ისიც გაგვიმხილა, რომ მკითხველი უახლოეს მომავალში საინტერესო სიახლესაც უნდა ელოდოს:
სანამ ნანა ექვთიმიშვილის ახალი რომანის წაკითხვას შევძლებთ, მანამდე სულაკაურის გამომცემლობა მსხლების მინდორს განახლებული ტირაჟითა და ახალი დიზაინით გამოსცემს. შესაბამისად, იმ მკითხველს, რომელსაც ჯერ არ აღმოუჩენია ამ თანამედროვე ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის ლიტერატურული სამყარო, შესაბამისი მიზეზი ეძლევა მის გასაცნობად.
წიგნი ივნისის ბოლოს გამოვა, თუმცა უკვე შეგიძლიათ, ვებსაიტიდან sulakauri.ge წინასწარ შეუკვეთოთ და როგორც კი დაიბეჭდება, თათია ნადარეიშვილის შთამბეჭდავი დიზაინით დამშვენებულ ახალ გამოცემას ერთ-ერთი პირველი მიიღებთ.
კომენტარები