პერუში მდებარე ერთ-ერთი ტაძრის გათხრებისას არქეოლოგებმა 2 300 წლის წინანდელი ნაშთები აღმოაჩინეს. ისინი ათეულობით ადამიანს ეკუთვნის. აღმოჩენები მსხვერპლშეწირვის რიტუალზე მიანიშნებს. არქეოლოგების თქმით, ამ დაკრძალვებს იშვიათი თავისებურებები ახასიათებს.

"მათი დაკრძალვის ხერხი უჩვეულოა", — აღნიშნა ჰენრი ტანტალენმა, სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორმა, რომელიც გათხრების ჯგუფს ხელმძღვანელობდა — "ისინი პირქვე იყვნენ საფლავებში მოთავსებული. დამარხვის ასეთი ფორმა ანდების ისტორიაში ძალიან იშვიათია".

მეცნიერის თქმით, რამდენიმე ნეშტს თავის ქალაზე მოტეხილობები ეტყობოდა, ზოგს ყელზე თოკი ჰქონდა შემოჭერილი, ხელები კი ზურგს უკან შეკრული. ეს მიგნებები მიანიშნებს, რომ ისინი მსხვერპლად შესწირეს.

"მათ გვერდით შესაწირი ნივთები ან სამარხეული ინვენტარი არ გვიპოვია, რაც ძალიან უჩვეულოა", — დაამატა მკვლევარმა.

ფოტო: Henry Tantaleán

გუნდმა ნამარხები პუემაპეს ტაძრის კომპლექსის მახლობლად, პერუს ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე იპოვა. მეცნიერების თქმით, სალოცავი დაახლოებით 3000 წლისაა, თუმცა აღმოჩენები ძვ. წ. 400-200 წლებით თარიღდება. ერთ-ერთი ვერსიით ტაძარი უკვე უფუნქციო იყო, როცა მსხვერპლშეწირვები შესრულდა.

"შესაძლოა, ეს ადამიანები მსხვერპლად უძველეს სალოცავს შეეწირნენ", — თქვა ტანტალენმა — "ჯერ არ ვიცით, ისინი ადგილობრივები იყვნენ, თუ მეზობელი ხეობის მაცხოვრებლები".

ამჟამად ნეშტების ანალიზი გრძელდება. გუნდს გეგმაში აქვს დნმ-ის კვლევები, რათა მათი ვინაობა გაიგოს. ასევე ტაძრის კომპლექსში ნაპოვნი კერამიკის, ცხოველებისა და მცენარეების შესწავლაც მიმდინარეობს. კვლევას სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის არქეოლოგი ჩარლზ სტენიში ხელმძღვანელობდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.