რა ხდება, როცა მეზობლად მილიარდერი გადმოდის
მილიარდერმა პალო ალტოში (კალიფორნია) სულ მცირე 11 ქონება შეიძინა — საკუთარი ოჯახისთვის საცხოვრებელი კომპლექსის, შვილებისთვის კერძო სკოლის და მეზობლებისთვის თავის ტკივილის შესაქმნელად.
ფოტო: TIME
ათწლეულების განმავლობაში პალო ალტოში მდებარე უბანში — კრესენტ პარკი — ცხოვრება ყველა ამერიკელის კალიფორნიული ოცნება იყო.
ექიმები, იურისტები, ბიზნესმენები და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები მუხის, წითელი ხისა და მაგნოლიის ხეებით გარშემოტყმულ მომხიბვლელ სახლებში ცხოვრობდნენ. ყოველდღიური ცხოვრება იყო მშვიდი, ისმოდა ბავშვების ჟრიამული, ყოველწლიურად იმართებოდა წვეულებები. შეიძლება ითქვას, კრესენტ პარკში ოჯახური იდილია იყო.
პალო ალტოში მდებარე უბანი — კრესენტ პარკი
ფოტო: Loren Elliott/The New York Times
შემდეგ მეზობლად მარკ ზაკერბერგი გადმოვიდა...
თითქმის, 14 წელი გავიდა და იმ დღიდან კრესენტ პარკის სამეზობლოში სიმშვიდე და მყუდროება გაქრა. მაცხოვრებლები თითქმის ვერასდროს ხედავენ მეტას დამფუძნებელს, მაგრამ მის ყოფნას ყოველდღე გრძნობენ.
ზაკერბერგმა Edgewood დრაივი და ჰამილტონის გამზირი მონოპოლიის სათამაშო დაფად აქცია და 11 სახლის შესაძენად 110 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. მათგან ხუთი საცხოვრებელ კომპლექსად გადააკეთა, სადაც მთავარი სახლი მისთვის, მისი მეუღლის, პრისცილა ჩანისა და მათი სამი ქალიშვილისთვისაა განკუთვნილი, ასევე არის სასტუმრო სახლები, აყვავებული ბაღები, ახლომდებარე პიკლბოლის მოედანი და აუზი.
კომპლექსის ქვეშ, ზაკერბერგმა 650 კვ. მეტრის ფართობი დაამატა — გამოქვაბულებიანი ადგილები, რომლებსაც იდეურად სარდაფები ეწოდება, მაგრამ მისი მეზობლები ბუნკერებად ან მილიარდერის ღამურების გამოქვაბულად მოიხსენიებენ. "გამოქვაბულის" მშენებლობას რვა წელი დასჭირდა და ქუჩები ხმაურით აავსო.
თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და სამეზობლოში ინტენსიური სამეთვალყურეო სისტემა დანერგა — დაამონტაჟა კამერები, რომლებიც მეზობლების სახლებს გადაჰყურებენ, ჰყავს კერძო დაცვის თანამშრომლების გუნდი, რომლებიც მანქანებში სხედან, ფოტოებს უღებენ მოქალაქეებს და ეკითხებიან, რას აკეთებენ ამ ტერიტორიაზე.
ინტენსიური სამეთვალყურეო სისტემა ზაკერბერგის სამეზობლოში
ფოტო: Loren Elliott for The New York Times
აარონ მაკლეარმა, მარკ ზაკერბერგის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ მეზობლებისადმი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად წყვილი ძალისხმევას არ იშურებს. მისი თქმით, მეტას აღმასრულებელ დირექტორს დაცვა სჭირდება, ხოლო კამერები არა მეზობლების სათვალთვალოდ, არამედ თავდაცვისთვის დაამონტაჟეს.
"ათწლეულზე მეტია, რაც მარკმა, პრისცილამ და მათ შვილებმა პალო ალტო საკუთარ სახლად აქციეს", — თქვა მაკლეარმა — "ისინი ამ საზოგადოების წევრობას და ადგილობრივ მოთხოვნებს ზომაზე მეტ პატივს სცემენ და არაერთი ნაბიჯი გადაუდგამთ, სამეზობლოში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად".
მარკ ზაკერბერგის სახლი პალო ალტოში
ზაკერბერგი უბანს მაშინ დაეპატრონა, როდესაც ტექ-გიგანტი მილიარდერები თავიანთი სიმდიდრის სულ უფრო მკვეთრი დემონსტრირებით ქმნიან სხვადასხვა სათაურებს. ჯეფ ბეზოსმა ცოლი, ლორენ სანჩესი, კოსმოსში გაუშვა, სანამ წყვილი ვენეციაში გაემგზავრებოდა. ილონ მასკმა ტეხასში თავისი მრავალრიცხოვანი შვილებისა და მათი დედებისთვის საცხოვრებელი კომპლექსი შექმნა, მარკ ბენიოფი კი ჰავაის კუნძულის ნაწილს ყიდულობს.
მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ ათწლეულის განმავლობაში არსებული არეულობა, ხმაური, თვალთვალი და გაურკვევლობა, რომლის წარმოქმნაც მხოლოდ ერთ, უკიდურესად მდიდარ ადამიანს შეუძლია.
"არცერთ უბანს არ სურს ოკუპაციაში ყოფნა", — თქვა მაიკლ კიშნიკმა, რომლის სახლიც ჰამილტონის გამზირზე სამი მხრიდან ზაკერბერგის საკუთრებაში არსებული ქონებით არის შემოსაზღვრული — "მაგრამ მათ ზუსტად ეს გააკეთეს, ჩვენი უბანი დაიკავეს".
მაიკლ კიშნიკი, მარკ ზაკერბერგის მეზობელი
მაიკლ კიშნიკი და ზოგიერთი მეზობელი განაწყენებულია ზაკერბერგზე იმის გამო, რომ ტექ-გიგანტმა კრესენტ პარკი "მიითვისა" და არ აირჩია სხვებისნაირი გზა — აეშენებინა კომპლექსი ახლომდებარე ქალაქებში, სადაც გაცილებით მეტი სივრცეა. როგორც ცნობილია, მდიდარი ადამიანებისთვის, რომელიც სივრცეს და კონფიდენციალურობას ეძებენ, გამოირჩევიან ათერტონი, ლოს ალტოს ჰილსი, პორტოლა ველი და ვუდსაიდი.
თუმცა მოსახლეობა ქალაქის ადმინისტრაციაზეც ბრაზობს. ქალაქის მთავარმა საბჭომ, 2016 წელს, უარყო ზაკერბერგის მოთხოვნა, აეშენებინა საცხოვრებელი კომპლექსი. თუმცა, მოგვიანებით, მას მაინც მისცეს მშენებლობის უფლება, უბრალოდ უფრო ნელა და ეტაპობრივად.
სულ ახლახან, პოლიციის დეპარტამენტმა ხეებზე საგზაო ნიშნები დაამონტაჟა და მეზობლებს ოთხშაბათ საღამოს, ხუთი საათის განმავლობაში საკუთარი მანქანების იქ გაჩერების უფლება არ მისცა. კიშნიკის თქმით, ამის მიზეზი ზაკერბერგის უკანა ეზოში გამართული ბარბექიუს წვეულება იყო.
ფოტო: Loren Elliott for The New York Times
მეზობლებს შთაბეჭდილება აქვთ, თითქოს ქალაქის ოფიციალური პირები და პოლიციის თანამშრომლები განსაკუთრებულ პატივისცემას იჩენენ ბატონი ცუკერბერგის მიმართ — ყველა დანარჩენის ხარჯზე.
"მილიარდერები მიჩვეულები არიან საკუთარი წესების შექმნას, გამონაკლისები არც ზაკერბერგი და ჩანი არიან, უბრალოდ ისინი ჩვენი მეზობლები არიან", — თქვა კიშნიკმა — "საინტერესოა, რატომ არის ქალაქის მთავარი საბჭო ასეთი უუნარო".
კიშნიკი მობილური ტელეფონის კომპანიის თანადამფუძნებელია და, ამჟამად, მწვანე ენერგიის დამცველად მუშაობს. მისმა სატელეფონო კომპანიამ პოლიტიკური კომიტეტი დააარსა, კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი კანდიდატების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ ზაკერბერგმა კიშნიკის სახლის შეძენის სურვილიც გამოთქვა. თუმცა მეზობელმა უარით გაისტუმრა. ის 30 წელზე მეტია ამ სახლში ცხოვრობს, უყვარს ეს ადგილი და გადასახლების აზრი აშფოთებს.
თავდაპირველად ზაკერბერგს მეზობლები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან პალო ალტოში ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები დიდი ხანია ყოველდღიურობის ნაწილი არიან. Hewlett-Packard-ი დაახლოებით ერთი მილის მოშორებით, ავტოფარეხში დაარსდა, Google-ის ჩანასახები ახლომახლო, სტენფორდში ამოვიდა, ხოლო Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი პალო ალტოში მშვიდად ცხოვრობდა.
თუმცა, მეზობლები მაშინ შეშფოთდნენ, როდესაც ზაკერბერგმა მეტი ქონების შეძენა დაიწყო. 2012 და 2013 წლებში მან 40 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა კიდევ ოთხი სახლის შესაძენად, რომელიც მისი სახლის გარშემო დგას.
მან შეძენები 2022 წელს განაახლა — კიდევ ექვსი სახლი იყიდა, მათ შორის ოთხი ბოლო 15 თვეში. ეს გარიგებები საჯაროდ თითქმის შეუმჩნეველია, რადგან ისინი შეძენილია შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიების სახელით, ყოველ ჯერზე განსხვავებული სახელებით, როგორიცაა Pine Burrow ან Seed Breeze. მეზობლების თქმით, რომლებიც ახლოს არიან გამყიდველებთან, ბატონი ზაკერბერგი, როგორც წესი, მოითხოვს, რომ გამყიდველებმა ხელშეკრულებით აიღონ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავშეკავების ვალდებულება.
2016 წელს ზაკერბერგმა პალო ალტოს ადმინისტრაციას სთხოვა ნებართვა, დაენგრია მის მეზობლად მდებარე 4 სახლი და ისინი მცირე ზომის ნაგებობებით, მაგრამ დიდი სარდაფებით ჩაენაცვლებინა. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა ნებართვა დაამტკიცეს, თუმცა, რადგან ეს ერთდროულად სამ ან მეტ ქონებაზე მშენებლობას ნიშნავდა, მუნიციპალური კოდექსი მოითხოვდა, რომ პროექტი პალო ალტოს არქიტექტურული მიმოხილვის საბჭოსთვის წარედგინა.
პიტერ ბალტაიმ — პალო ალტოელი არქიტექტორი, რომელიც მაშინ არქიტექტურული მიმოხილვის საბჭოს წევრი იყო — განაცხადა, რომ წინადადება უცნაურად მოეჩვენა, ამიტომ ხმის მიცემამდე ადგილზე პირადად მივიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა რისი დანგრევის და აშენების ნებართვას აძლევდა ქალაქი ტექ-გიგანტს.
მისი თქმით, მასთან უსაფრთხოების თანამშრომელი მივიდა და ჰკითხა, რას აკეთებდა.
"ვუთხარი: 'ქუჩის ტროტუარზე ვდგავარ და პროექტს ვათვალიერებ განხილვისთვის.' მან მითხრა: 'კარგი იქნება, თუ გზას გააგრძელებთ,' — გაიხსენა ბალტაიმ — "ძალიან შოკირებული დავრჩი. ეს ხომ საზოგადოებრივი ტროტუარია!"
ზაკერბერგი შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა მის მიერ დაქირავებულმა არქიტექტორმა და მშენებელმა სცადეს საბჭოს დარწმუნება, რომ ისინი ერთოჯახიანი საცხოვრებელი ფონდის შემცირებას არ ახდენდნენ. საბჭო ამ არგუმენტს არ დაეთანხმა. სხდომის დროს ბალტაიმ განაცხადა, რომ "ნამდვილად სამწუხაროა", როდესაც ოთხი ლამაზი სახლი იშლება მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ მდიდარ ადამიანს უზარმაზარი მამული სურს უკვე ჩამოყალიბებულ სამეზობლოში, კინოთეატრითურთ.
საბჭომ მაშინ პროექტი დაბლოკა, თუმცა ბატონმა ზაკერბერგმა მაინც განაგრძო განხორციელება — უბრალოდ უფრო ნელა, ერთ ან ორ სახლზე ერთდროულად მუშაობით, რითაც თავიდან აიცილა საბჭოში დაბრუნება.
მშენებლობა 8 წელიწადს გრძელდებოდა
2016
2017
2022
2023
მეგან ჰორიგან-ტეილორმა, პალო ალტოს ქალაქის პრესსპიკერმა, განაცხადა, რომ ნებართვების გაცემისას არანაირი პრივილეგირებული მიდგომა არ არსებობდა და სამუშაოები ქალაქის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობდა.
"ქალაქი არ არეგულირებს, ვის შეუძლია ახლომდებარე ქონების შეძენა, ღია ბაზარზე თუ კერძო წესით", — თქვა მან.
გრირ სტოუნი, პალო ალტოს საკრებულოს წევრი, რომელიც კრესენტ პარკის მახლობლად ცხოვრობს, ამბობს, რომ ქალაქის ადმინისტრაცია საკუთარი კოდექსის "სიტყვას" კი მიჰყვა, მაგრამ "სულს" — არა, როცა ბატონ ზაკერბერგს მთელ უბნის დაპატრონების საშუალება მისცა. სტოუნის თქმით, ის უკვე მუშაობს კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.
"მან ჩვენს ადგილობრივ კანონებში და ზონირების რეგულაციებში ხარვეზები იპოვა და სწორედ მათ იყენებს", — თქვა სტოუნმა ზაკერბერგზე საუბრისას — "ჩვენ არ უნდა გადავიქცეთ შემოღობილ, ოქროსფერ ქალაქად გორაკზე, სადაც მეზობლები ერთმანეთსაც კი არ იცნობენ".
როდესაც ზაკერბერგმა და ჩანმა დაახლოებით 10 წლის წინ პირველად დაგეგმეს საკუთარი კომპლექსის აშენება, მათ შეხვედრა გამართეს ეჯვუდის სახლში, სამზარეულოში, დაახლოებით 20 მეზობელთან ერთად. წარმოადგინეს პროექტის ხედვა და მეზობლები დაარწმუნეს, რომ მშენებლობის მუშებისთვის გასართობი ადგილებისგან მოშორებით მოაწესრიგებდნენ სადგომებს და არც ერთ სახლს არ დაანგრევდნენ — იხსენებს კიშნიკი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა.
მისივე თქმით, ეს ორივე დაპირება დაირღვა. ცოლ-ქმრის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ მსგავსი დაპირებები საერთოდ არ გაცემულა.
მშენებლობა რვა წელს გაგრძელდა და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძირითადად შეჩერებული იყო, თუმცა მეზობლები კვლავ გაბრაზებულები არიან და უარესს ელიან. მათი თქმით, სავალი გზები მუდმივად გადაკეტილი იყო და საბურავები სამშენებლო ნამსხვრევებით ჰქონდათ გაჭედილი, იყო სატვირთოების მოძრაობით ავტომობილების დაზიანების შემთხვევებიც, მშენებლობაზე დასაქმებულები სამეზობლო სივრცეში მიირთმევდნენ საკვებს და არა სპეციალურ ადგილას, მანქანებსაც ხშირად აჩერებდნენ მათი სახლების წინ პარკინგზე.
სამეზობლოში, ხშირად, უამრავი სატვირთო მანქანა შემოდის და ზაკერბერგს წვეულებებისთვის საკვებს, დეკორაციებსა და ავეჯს აწვდის. ზოგჯერ ქუჩა დღეების განმავლობაშიც იკეტება. აღსანიშნავია, რომ ტექ-გიგანტმა ქორწილიც ამ ტერიტორიაზე გადაიხადა, ოქტომბერში მათ იქ დისკო წვეულება გამართეს. თუმცა, უფრო ხშირად მცირე ღონისძიებები იმართება, მათ შორის მეტას თანამშრომლებისთვის. აქ მუდმივად დგანან დაცვის თანამშრომლებიც, რომლებიც ყყველას აკვირდებიან.
პიტერ ფორჯი
ფოტო: Loren Elliott/The New York Times
პიტერ ფორჯიმ, პენსიაზე გასულმა იურისტმა, რომელიც უკვე 20 წელია კრესენტ პარკში ცხოვრობს, თქვა, რომ მას და მის პარტნიორს დიდი ხანია ღია კარის პოლიტიკა აქვთ — მეზობლებს სახლში იწვევენ და ასაჩუქრებენ, როცა მაგალითად ახალი ოჯახი გადმოდის ან ბავშვი ეყოლებათ. "ამ ყველაფერმა ბატონ ზაკერბერგთან არ იმუშავა", — აღნიშნა მან.
"ჩვენ ვცადეთ მისი ჩვენიანად ქცევა", — თქვა ფორგიმ — "ამაოდ".
კიშნიკის თქმით, როცა ბატონმა ზაკერბერგმა მეზობლად სახლი შეიძინა, მისმა თანამშრომლებმა აცნობეს, რომ ხის ღობე, რომელიც ამ ორ სახლს ჰყოფდა "Facebook-ის სტანდარტებს" არ შეესაბამებოდა. მისი თქმით, ამის შემდეგ ღობე ორჯერ ხელახლა ააშენეს, ყოველ ჯერზე უფრო სქელი და მაღალი. მისი თქმით, ზაკერბერგის თანამშრომლებმა სათვალთვალო კამერებიც დაამონტაჟეს, რომელიც მის ბაღს გადაჰყურებდა. და მხოლოდ მაშინ ჩამოხსნეს, როდესაც ზაკერგბერგს დაემუქრა, რომ საკუთარ ეზოშიც დაამონტაჟებდა კამერებს, რომელიც ტექ-გიგანტის ბაღს გადაჰყურებს.
ზაკერბერგის გუნდი გარკვეულ კომპრომისებზეც წავიდა. ახლა დაცვის თანამშრომლები ხმაურიან ბენზინზე მომუშავე მანქანების ნაცვლად ჩუმ ელექტრომობილებში სხედან. მისმა მეზობელმა გაამხილა, რომ ზაკერბერგი არ ესწრება ყოველწლიურ უბნის წვეულებებს, თუმცა მან ბოლო წვეულებაზე მეზობლებს ნაყინის ფურგონი გაუგზავნა. მისი თანამშრომლები სამეზობლოს ასევე უგზავნიან საჩუქრებს, როცა ხმაური განსაკუთრებით ძლიერდება — ცქრიალა ღვინო, შოკოლადები, დონატები...
ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი? — ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები.
კომენტარები