მზე სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა მისი სხივები ხშირად ადამიანების, ცხოველებისა თუ მცენარეების ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მისგან დედამიწის ატმოსფეროში არსებული ოზონის შრე გვიცავს, რომელიც ადამიანების საქმიანობამ დაასუსტა და ხვრელებიც კი გაუჩინა.

ოზონის შრის დაცვის მიზნით ქვეყნებმა ქლორ-ფტორ-ნახშირბადისა (CFC) და ჰიდრო-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების (HCFC) გამოყენება აკრძალეს, რომელიც პირდაპირ მოქმედებდა მასზე. მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის, ნახშირორჟანგის შემდეგ, ოზონის შრე გლობალური დათბობის ხელშემწყობი მთავარი მიზეზი იქნება.

დედამიწა იმაზე სწრაფად თბება, ვიდრე წარსულში ვარაუდობდნენ. ამაში დიდ როლს ოზონის შრე ასრულებს, რომელსაც სათბურის აირის მოქმედება აქვს. ის ატმოსფეროში სითბოს აკავებს და პლანეტას ათბობს.

CFC-ებისა და HCFC აკრძალვით დამცავი ფენა ნელ-ნელა აღდგა. მიუხედავად ამისა, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ოზონის შრის აღდგენა მის ფუნქციასაც აღადგენს. ამ პროცესის გავლენა გლობალურ დათბობაზე შეიძლება, 40%-ით მეტი იყოს, ვიდრე მეცნიერებმა ადრე ივარაუდეს.

ფოტო: Johns Hopkins University

გლობალური დათბობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი ნახშირორჟანგია, რომელიც ატმოსფეროში ერთ კვადრატულ მეტრზე 1.75 ვატ ენერგიას აკავებს. რიდინგის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2015-2050 წლებში ოზონი თითოეულ კვადრატულ მეტრზე დამატებით 0.27 ვატ ენერგიას დააგროვებს.

"ქვეყნები სწორად იქცევიან, როცა CFC-ებსა და HCFC-ებს კრძალავენ. მიუხედავად იმისა, რომ ასე ოზონის ფენის აღდგენას ხელს უწყობენ, აღმოვაჩინეთ, რომ შედეგად, პლანეტა უფრო და უფრო მეტად თბება. ავტომობილების, ქარხნებისა და ელექტროსადგურების გამონაბოლქვი ოზონს მიწასთან ახლოს ქმნის, რაც არა მხოლოდ პლანეტას ათბობს, არამედ ჯანმრთელობისთვისაც მავნეა", — განმარტავს კვლევის მთავარი ავტორი, პროფესორი ბილ კოლინსი.

კვლევა კომპიუტერული მოდელების გამოყენებით ჩაატარეს. მასში განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც დაბინძურებას მცირედ აკონტროლებდნენ, თუმცა მონრეალის პროტოკოლის მიხედვით, CFC-ები და HCFC ეტაპობრივად იკრძალებოდა. მიგნებები აჩვენებს, რომ ამ მიდგომამ იმაზე გაცილებით ნაკლები სარგებელი მოიტანა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.

ოზონის შრე კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისა და კიბოს პრევენციისთვის. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ აუცილებელია, მის დასაცავად მიდგომა განახლდეს, რომელშიც ოზონის სხვა ეფექტებიც იქნება გათვალისწინებული.

კვლევა გამოცემაში Atmospheric Chemistry and Physics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.