სძინავთ თუ არა თევზებს?
ფოტო: Guppy Aquarium
ხმელეთზე მცხოვრები ბევრი სახეობისთვის ძილი აუცილებელი რამაა და ზოგი ცხოველი ამ მდგომარეობაში მთელ ზამთარსაც კი ატარებს. მეორე მხრივ, წყლის ბინადრები სრულიად სხვა გარემოში ცხოვრობენ და ბევრმა ჩვენგანმა არც იცის, ვრცელდება თუ არა ეს ბიოლოგიური მექანიზმი მათზეც.
პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ რა არის ძილი — ესაა მდგომარეობა, როცა მგრძნობელობით სტიმულებზე რეაქცია და ფიზიკური მოძრაობა შემცირებულია, ხოლო სრულ სიფხიზლეში სწრაფი დაბრუნებაა შესაძლებელი. ამგვარად ყოველღამე ტვინი "გადატვირთვის" რეჟიმში გადადის და სხეულს მომდევნო დღისთვის ამზადებს.
ძილი ორი ტიპისაა: ერთს თვალის სწრაფი მოძრაობა ახასიათებს და REM ეწოდება, მეორე კი არა-REM არის, იგივე NREM. თითოეულ მათგანთან ტვინის განსხვავებული აქტიურობაა დაკავშირებული. NREM სამი ფაზისგან შედგება: N1, N2 და N3 — რომელსაც ღრმა ძილის სახელით ვიცნობთ. რაც შეეხება REM-ს, ის უფრო მკაფიო სიზმრებთანაა ასოცირებული, თუმცა სიზმრები მეორე ტიპის დროსაც შეიძლება ვნახოთ.
ახლა კი მთავარ კითხვას დავუბრუნდეთ: სძინავთ თუ არა თევზებს? პასუხი ისაა, რომ მათ ნაწილში ზემოხსენებულის მსგავსი მდგომარეობები გვხვდება, მაგრამ არა იდენტური. 2019 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მინი აკვარიუმი მოაწყვეს და იქ თევზ დანიო-რერიოს ტვინისა თუ სხეულის აქტიურობას დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ ის ძილის მსგავს მდგომარეობაში გადავიდა, თუმცა თვალები გახელილი ჰქონდა (ეს ლოგიკურია, რადგან მათ ქუთუთოები არ აქვთ).
ამ თევზის ტვინის იმპულსების ანალიზის შედეგად მეცნიერებმა ძილის მსგავსი ორი განსხვავებული ფაზა გამოავლინეს: "ნელა მოზღვავებადი ძილი" და "ტალღოვანი ძილი". ისინი ძუძუმწოვრებში გავრცელებულ REM-სა და ღრმა (ნელტალღოვან) ძილს მოგვაგონებს. წყლისა და ხმელეთის ბინადრების სხვაობის გათვალისწინებით, კვლევის ავტორებმა ივარაუდეს, რომ ეს ბიოლოგიური მექანიზმი ცხოველებში სულ მცირე 450 მილიონი წლის წინ განვითარდა, სადამ ისინი ოკეანიდან მიწაზე გადაინაცვლებდნენ.
ძილის მაგვარი ასეთი მდგომარეობები თევზების სხვა სახეობებშიც არის დაფიქსირებული, თუმცა არა ყველაში. მაგალითად, ოკეანის შუა წყლებში მცხოვრები ბევრი თევზი მუდმივად დაცურავს, რაც მათთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ასე იღებენ ისინი ლაყუჩებიდან ჟანგბადს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ამის მიუხედავად, შესაძლებელია, ზოგი თევზი წყალში მჭიდრო გუნდად გადაადგილებისას დუნდებოდეს. ერთად მოძრაობა მათ ეხმარება, რომ ნაკლები მგრძნობელობითი ინფორმაცია გადაამუშაონ და "ავტოპილოტის" რეჟიმზე გადაერთონ.
აღსანიშნავია, რომ თევზები საკმაოდ მრავალგვარნი არიან. მათი 30 000-ზე მეტი სახეობაა ცნობილი, თუმცა ძილის მხრივ 10-ზე ნაკლებია შესწავლილი. ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა მეცნიერები უფრო მეტის გაგებას ცდილობენ.
კომენტარები