"მინდოდა სიკვდილს შევჭიდებოდი" — ეკატერინე ბერიშვილის ბრძოლა მეცნიერების სახელით
მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება. ხანგრძლივობასთან ერთად, უმჯობესდება თავად სიცოცხლის ხარისხიც.
თუმცა, მიუხედავად საგრძნობი პროგრესისა, კაცობრიობას, კონკრეტულად კი მეცნიერებს და ექიმებს ჯერ კიდევ უამრავი დაავადება აქვთ დასამარცხებელი. ერთ-ერთი ასეთი მებრძოლი გახლავთ ქართველი მეცნიერი ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, მეცნიერებას იყენებს. ეკატერინე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჟენევის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერია.
ამასთან, ის გავლენიანი ჟურნალის Transplant International-ის ასოცირებული რედაქტორია. Transplant International ორგანოთა გადანერგვის ევროპული ასოციაციის (ESOT) ოფიციალური ჟურნალია. ეკატერინე საქართველოში მეცნიერების განვითარებაზეც აქტიურად მუშაობს, ამისთვის მედიცინის სკოლაც დააფუძნა, სადაც სტუდენტებს და მომავალ მეცნიერებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამზადებენ.
სულ ცოტა ხნის წინ კი, ეკატერინეს თანაავტორობით, გავლენიან გამოცემა NATURE COMMUNICATION-ში გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც დიაბეტთან ბრძოლის ინოვაციურ მეთოდს გვთავაზობს.
დღევანდელ სტატიაში სწორედ ეკატერინე ბერიშვილზე მოგიყვებით. თხრობას მისი ბავშვობით და ინტერესებით დავიწყებთ.
ცნობისმოყვარეობა — სიცოცხლის ფენომენი
მეცნიერების დამახასიათებელი ნიშანი ცნობისმოყვარეობაა. ეკატერინე ძალიან პატარა ასაკიდან სიცოცხლის ფენომენით დაინტერესდა და გადაწყვიტა თავისი საქმიანობა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის დაეკავშირებინა.
"ბავშვობიდან მოყოლებული ვიყავი საოცრად ცნობისმოყვარე, ცოცხალი, ცელქი და ხიფათიანი ბავშვი, რაც მთავარია, მეგონა ცხოვრება არასოდეს დასრულდებოდა. 13 წლის ვიქნებოდი, როცა გავაცნობიერე, რომ სიცოცხლე უსასრულო არ არის, ის რაღაც ეტაპზე უნდა დასრულდეს და ეს გარდაუვალია. ამან ხანგრძლივ დეპრესიაში ჩამაგდო, არავინ და არაფერი აღარ მაინტერესებდა, უცებ ყველაფერმა აზრი დაკარგა. საკუთარ თავში ჩავიკეტე და საათობით ვფიქრობდი ცხოვრების უსამართლობაზე. დიდი ხანი დამჭირდა რეალობასთან შესაგუებლად. მინდოდა სიკვდილს შევჭიდებოდი და დამემარცხებინა. ასე გადავწყვიტე, ექიმი გამოვსულიყავი და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლა. სხვა პროფესიაზე აღარც მიფიქრია", — მითხრა ეკატერინემ.
მეცნიერებით დაინფიცირება
ეკატერინე საექიმო სპეციალობით ქირურგია. 1999 წელს თბილისის სამედიცინო აკადემია დაამთავარა. სტუდენტობიდანვე შეუერთდა თბილისის ექიმთა ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრაზე არსებულ სამეცნიერო ჯფუფს, რომელსაც პროფესორი ზურაბ კაკაბაძე ხელმძღვანელობდა.
"იმ დროისათვის ჩვენი სამეცნიერო გუნდი დღევანდელი საზომებითაც კი, საკმაოდ ინოვაციურ იდეაზე მუშაობდა. ტერმინი ქსოვილოვანი ინჟინერია უკვე ყველამ იცის და ამ მიმართულებით ბევრი კვლევა მიმდინარეობს. იმ პერიოდში ეს მიმართულება პირველ ნაბიჯებს დგამდა მსოფლიოში და ბევრი მეცნიერი მას სკეპტიკურადაც კი უყურებდა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა ჩვენი სამეცნიერო გუნდი, ღვიძლის ქსოვილს ვაქუცმაცებდით და ვცდილობდით მისგან, თავად რეციპიენტის ორგანიზმში ახალი, ფუნქციურად აქტიური ღვიძლი გამოგვეზარდა." — მიყვება ეკატერინე.
ეს ის დროა, როდესაც მთელ საქართველოში უაღრესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. ეკატერინეს თქმით, უშუქობის, კორუფციის, კრიმინალის და ეკონომიკური სიდუხჭირის პარალელურად ქვეყანა ფიზიკურად გადარჩენისთვის იბრძოდა და მეცნიერება ცოტას თუ ახსოვდა.
"ამ პერიოდში არა თუ მეცნიერება, ზოგადი განათლების სისტემაც კი უმძიმეს კრიზისში იმყოფებოდა. აი, ასეთი მდგომარეობის მიუხედავად ჩვენ მუშაობა არ შეგვიწყვეტია. მეტიც, არ ვიცი როგორ, მაგრამ გამოვნახეთ სახსრები და მოვახერხეთ ჩვენი კვლევები გაგვეტანა საერთაშორისო ასპარეზზე და მიგვეღო დარგის აღიარებული ექსპერტების შეფასება. ასე გავიცანით პროფესორი სანჯივ გუფთა, რომელიც ერთ-ერთ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, იეშივას უნივერისტეტის, ალბერტ აინშტეინის სამედიცინო კოლეჯის, ღეროვანი უჯრედებისა და ღვიძლის კვლევითი ცენტრში (ნიუ-იორკი, აშშ)," — მიყვება ეკატერინე.
მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინეს და მისი გუნდის მიერ მიღებული შედეგები იმედისმომცემი იყო, საგანი უფრო ღრმა და დახვეწილ კვლევებს მოითხოვდა. ამის საშუალება იმ დროის საქართველოში არ იყო. გადაწყდა, რომ კვლევების ნაწილს ნიუ იორკში ჩაატარებდნენ. ასე აღმოჩნდა ეკატერინე ნიუ-იორკში ღვიძლის კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაში. კვლევები გაგრძელდა და 2004 წელს ეკატერინემ დარგის ერთ-ერთ პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემაში თემატური კვლევა გამოაქვეყნა.
როგორც ეკატერინე ამბობს, ასე დაინფიცირდა მეცნიერების ვირუსით, ამან კი მთელი მისი სამომავლო გეგმები და ცხოვრება შეცვალა.
პანკრეასიდან ლანგერჰანსის კუნძულების გამოყოფის მეთოდიკა
2003 წელს ეკატერინეს მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი და ამავე წლიდან დაიწყო ლექციების კითხვა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. პარალელურად აგრძელებდა სამეცნიერო საქმიანობას.
ამავე წელს, მაიამის დიაბეტის კვლევის ცენტრის დირექტორის, პროფესორ კამილო რიკორდის მიწვევით, ეკატერინე მაიამიში გაემგზავრა. მაიამიში ყოფნის პერიოდი მან ახალი და ჯერ კიდევ უცნობი ტექნოლოგიების ასთვისებლად გამოიყენა და დაეუფლა პანკრეასიდან ლანგერჰანსის კუნძულების გამოყოფის მეთოდიკას.
2005 წელს იყო ჰუმბოლდტის სახელობის სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც ეკატერინეს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში უნდა გაეგრძელებინა პროფესიული განვითარება. თუმცა, ამას სხვა მოწვევაც დაემთხვა.
"ჰაიდელბერგის უნივერსიტეტს პროფესორ გუფთასგან მიღებული მოწვევა დაემთხვა. იგი პოსტ დოკის პოზიციას მთავაზობდა, ნიუ-იორკში, ღვიძლის კვლევით ცენტრში. საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დავდექი, მაგრამ საბოლოოდ ნიუ-იორკში გამგზავრება გადავწყვიტე, რადგანაც დაგეგმილი გვქონდა ჩვენი საერთო ქართულ-ამერიკულ კოლაბორაციულ პროექტებზე მუშაობის გაგრძელება," — ამბობს ეკატერინე.
სამშობლოში დაბრუნება და თანამედროვე ლაბორატორია საქართველოში
2007 წელს ეკატერინე საქართველოში დაბრუნდა და ამავე წელს დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ინტენსიურად იყო ჩართული სამეცნიერო კვლევებში.
"ჯერ კიდევ ამერიკაში ყოფნის დროს მიზნად დავისახე საქართველოში დავბრუნებულიყავი და ჩამომეყალიბებინა პატარა, მაგრამ თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მომემზადებინა ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი კადრები და მეწარმოებინა სამეცნიერო კვლევები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სამეცნიერო პროექტიც საკმაოდ აქტუალური და საინტერესო მქონდა. ყოველთვის მაინტერესებდა ტიპი პირველი დიაბეტი და მისი მკურნალობა. ამიტომ, გადავწყვიტე ქსოვილოვან ინჟინერიის, უჯრედული ბიოლოგიისა და თერაპიის სფეროში ჩემს მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, ამ პრობლემის გადასაჭრელად მიმემართა." — მითხრა ეკატერინემ.
მიზნის მისაღწევად სოლიდური თანხების მოძიება იყო აუცილებელი. ერთწლიანი შრომის შემდეგ, რუსთაველის სამეცნიერო და დიაბეტის კვლევის ევროპული სამეცნიერო ფონდებიდან დაფინანსების მოპოვება შეძლო.
"თანხის მოძიების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მისი რაციონალურად განკარგვა კიდევ უფრო დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ლაბორატორია აღსაჭურვი იყო თავიდან ბოლომდე. შევიძინე საბაზისო სამეცნიერო ლაბორატორიისათვის აუცილებელი დანადგარები, რეაგენტები და რაც მთავარია ჩვენი კვლევებისათვის აუცილებელი გენეტიკურად მოდიფიცირებული ლაბორატორიული თაგვები და ინბრედული ვირთაგვები.
მიუხედავად სირთულეებისა, აშშ-დან დაბრუნებული ენთუზიაზმით და შემართებით ვიყავი სავსე, ვერავინ გადამარწმუნებდა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი კვლევების წარმოება არ იყო შესაძლებელი, თუკი თანამედროვე დონის სამეცნიერო ლაბორატორიას შექმნიდი. ასე დავაარსეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის დეპარტამენტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია. ახლა უკვე, ჩვენს ლაბორატორიაში, დამოუკიდებლად, ვაწარმოებდით მაღალი ხარისხის კვლევებს, რომლის შედეგებიც იბეჭდებოდა მაღალი ცნობადობის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში." — ამბობს ეკატერინე.
პირადი ცხოვრება და ოჯახი
2013 წლიდან ეკატერინე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს, სადაც დღემდე იკავებს მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. ამავე წელს ეკატერინეს პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა, ის დაქორწინდა.
"2013 წელს, 40 წლის ასაკში, ჩემი პირადი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რამაც პროფესიულ საქმიანობაზეც დიდი გავლენა იქონია. 2011 წელს ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, თიერი ბერნი. ის შვეიცარიაში, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ტრანსპლანტაციის განყოფილებასა და უჯრედული იზოლაციისა და ტრანსპლანტაციის ცენტრს ხელმძღვანელობდა. 2013 წელს გადავწყვიტეთ შევუღლებულიყავით და ჟენევაში გვეცხოვრა." — ამბობს ეკატერინე.
ჟენევაში გადასვლა ეკატერინესთვის ნიშნავდა, რომ კარიერის მხრივ ბევრი რამ ნოლიდან უნდა დაეწყო. ამასთან, არ ფლობდა ფრანგულ ენას, ეს კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო. მიუხედავად ამისა, მას არ შეეშინდა და როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის კიდევ ერთი შანსი იყო რათა თავი გამოეცადა და ახალ გამოწვევებს შესჭიდებოდა.
"ჟენევის უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობის პირველი ოთხი წელი მუხლჩაუხრელად ვიმუშავე. ინტენსიურად ვსწავლობდი ფრანგულ ენას, იმავდროულად, ვეძებდი გზებს თავი უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში დამემკვიდრებინა. ვიცოდი, თუ ამ ასაკში ცოტა ხნით მაინც შევწყვიტავდი სამეცნიერო საქმიანობას, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. არადა არც სათანადო თანამდებობა და არც დაფინანსება მქონდა, რათა საქართველოში დაწყებული ჩემი კვლევები გამეგრძელებინა. პირველი ოთხი წელი ძალიან გამიჭირდა, ძირითადად ენთუზიაზმზე ვმუშაობდი, როგორც ლაბორატორიაში, ასევე მოხალისედ, ჩართული ვიყავი ტიპი პირველი დიაბეტის მქონე პაციენტებში ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვის კლინიკურ პროგრამაში." — მითხრა ეკატერინემ.
შრომასთან ერთად საწყისი კვლევების ჩასატარებლად მოპოვებული მცირე გრანტებიც გამოჩნდა და ეკატერინემ საპილოტო ექსპერიმენტები დაიწყო.
წარმატებული კვლევები — ორგანოთა აღდგენაზე მუშაობა
2019 წელს, ეკატერნეს 5 წლიანი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communication-ში.
"წარმატებულმა საპილოტო კვლევებმა საწინდარი დაუდო ჩემს შემდგომ იდეას შემექმნა ჰიბრიდული ენდოკრინული პანკრეასი, რომლის გადანერგვაც შესაძლებელი გახდებოდა დიაბეტით დაავადებული ყველა პაციენტისთვის და ეს ყველაფერი იმუნოსუპრესიული თერაპიის გარეშე. ინსულინმაპროდუცირებელი ორგანოიდები, ამ კონსტრუქციის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია." — ამბობს ეკატერინე.
დასახული მიზანი საკმაოდ ამბიციური იყო და საჭიროებდა სოლიდურ დაფინანსებასა და რაც მთავარია მულტიდისციპლინურ მიდგომას. 2019 წელს, გამოცხადდა ევროპული კომისიის, ჰორიზონტ 2020 საგრანტო კონკურსი რეგენეაციულ მედიცინაში. ეკატერინემ შეძლო და სხვადასხვა მომიჯნავე დარგის წამყვანი მეცნიერებისაგან გუნდი შეკრა. შემდეგი ამოცანა, პროექტის დაწერა იყო. მიზანი რომ საკმაოდ რთული მისაღწევი იქნებოდა ეს კარგად ესმოდა, ამ გრანტის მოპოვების შანსი ძალიან დაბალი იყო. თუმცა, ამავდროულად მისი პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაწყვეტის პერსპექტიულ მეთოდს წარმოადგენდა. საბოლოოდ ეკატერინემ გუნდი შეკრა და პროექტის წერას შეუდგა. კონკურსში მონაწილე 217 პროექტიდან მხოლოდ 14 პროექტი დააფინანსეს. ეკატერინეს გუნდის პროექტი, უმაღლესი ქულით გამარჯვებულების სამეულში გავიდა. პროექტი 7 მილიონი ევროთი დააფინანსეს.
"ამის შემდეგ, ჟენევის უნივერსიტეტში დავაფუძნე ქსოვილოვანი ინჟინერიისა და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორია. ენდოკრინული პანკრეასის გენერირებისთვის ჩვენი გუნდი იყენებს ქსოვილების ინჟინერიის ისეთ მოწინავე სტრატეგიებს, როგორიცაა გენის რედაქტირება CRISPR-Cas9 ტექნოლოგიით, 3D მინი-ორგანოების გენერირება, ჰიდროგელების წარმოება და ამ სტრუქტურული ერთეულების ერთ მთლიან ფუნქციურ ორგანოდ აწყობა.
პროექტის წარმატებით იმპლემენტაციის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ჩვენს მიერ გენერირებული ენდოკრინული პანკრეასის გადანერგვა იმუნური სისტემის დათრგუნვის გარეშე. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის საგრძნობლად გავაფართოვოთ უჯრედული ტრანსპლანტაციის ჩვენებები და წარმატებით ვუმკურნალოთ დიაბეტით დაავადებულ მრავალ პაციენტს." — ამბობს ეკატერინე.
აღსანიშნავია, რომ ამ დიდი პროექტის ერთი ნაწილი სრულდება ილაის უნივერიტეტში და მას რუსთაველის ფონდი აფინანსებს.
ამის პარალელურად ეკატერინე ფრანგულ ენას დაეუფლა და დღეს ჟენევის უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა — სამედიცინო სკოლის, მეორე კურსის სტუდენტებს რეპროდუქტოლოგიასა და გენეტიკას ასწავლის. გარდა ამისა, ინტენსიურად არის ჩართული პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვის კლინიკურ პროგრამაში.
"ჩვენი უჯრედების იზოლაციისა და ტრანსპლანტაციის ლაბორატორია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია, ჩვენ, არა მხოლოდ შვეიცარიას, არამედ საფრანგეთის კლინიკებსაც ვემსახურებით. წელიწადში 100 იზოლაციას და დაახლოებით 50 გადანერგვას ვასრულებთ." — ამბობს ეკატერინე.
საქართველოში მეცნიერების პოტენციალი და ქართველი ახალგაზრდა მეცნიერები
ეკატერინეს თქმით, საქართველოში არის სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა ის დაუსრულებლად განედინება საზღვარგარეთ.
"ჩვენი ეროვნული სიმდიდრე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანურ ფაქტორზე. დღეს, მთელ მსოფლიოში სიმდიდრის ფუნდამენტურ წყაროებს ცოდნა და კომუნიკაცია წარმოადგენს. ინტელექტუალური კაპიტალი პირდაპირპროპორციულ გავლენას ახდენს ქვეყნის ინოვაციურ განვითარებაზე, ეკონომიკური პარამეტრების ზრდაზე და კონკურენტუნარიანობის დონეზე. შესაბამისად ინტელექტუალური ძალის დაკარგვა, ძლიერად ურტყამს ქვეყნის ინოვაციური განვითარების და კონკურენტუნარიანობის ზრდის პოტენციალს. ამ პროცესის შესაჩერებლად სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. პარალელურად, აუცილებელია მაქსიმალური ინვესტიციები და ძალისხმევა ჩაიდოს ინტელექტუალური კაპიტალის განვითარებაისათვის და ეს პროცესი სკოლიდან უნდა იწყებოდეს." — მითხრა ეკატერინემ
მიუხედავად ამისა, 90-იანებთან შედარებით სწავლის შესაძლებლობა არსებობს. ეკატერინე, ამბობს, რომ საქართველოში მისი სტუდენტობა მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს, გაყინულ აუდიტორიებს, უშუქობას, კორუფციში ჩაფლული ქვეყანას, კრიმინალს და სრულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაემთხვა. მას და მის თანატოლებს მეცადინეობა მბჟუტავი სანთლის შუქზე უწევდა. დღეს სწავლისთვის უკეთესი სიტუაციაა.
ეკატერინეს მიაჩნია, რომ ის ქართველი ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც დღეს ბოლომდე დაიხარჯებიან, შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების სრულ რეალიზაციას.
"დღეს, ახალგაზრდებს, უამრავი შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სათანადო განათლება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. მთავარია, პროფესიად აირჩიონ ის საქმე, რომელიც უყვართ და ბოლომდე დაიხარჯონ, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია. არ შეუშინდნენ სირთულეებს და შეცდომებს. დაისახონ დიდი მიზნები და არასოდეს იფიქრონ რომ მიზანი მიუღწეველია. იყვნენ საკუთარ თავში დარწმუნებულები, დამოუკიდებლები და თვითმყოფადები.
მომავალ მეცნიერებს ვურჩევდი სტუდენტობის წლებშივე ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში, მონაწილეობა მიიღონ კვლევებში, ეცადონ მოხსენებით გამოვიდნენ სამეცნიერო კონფერენციებზე, წერონ სტატიები და შემდგომ სცადონ მათი გამოქვეყნება." — მითხრა ეკატერინემ.
მომავალი
დასასრულს, ეკატერინესთან მის სამომავლო გეგმებზე და მომავალ პროექტებზე ვისაუბრე. ეკატერინემ მითხრა, რომ ამჟამად მის მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად აენდოკრინული პანკრეასის ბიოინჟინერიაზე მუშაობს. პროექტი 5 წლიანია და მისი დასრულებისათვის კონსტრუქციის კლინუკური გამოცდები იქნება საჭირო.
ამის პარალელურად, ეკატერინეს გუნდი სხვა რამდენიმე საინტერესო პროექტზეც მუშაობს.
"ადამიანის სისხლის უჯრედებისგან მიღებული ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების ინსულინმაპროდუცირებელ უჯრედებად ტრანსდიფერენცირებას ვცდილობთ. შემდგომში ამ უჯრედებიდან ვაპირებთ ფუნქციური სამ განზომილებიანი ორგანოიდების შექმნას.
ამასთან, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში, უჯრედული თერაპიის ცენტრში ვიწყებთ ახალ კლინიკურ კვლევებს, კომპანია ვერტექსთან ერთად. სულ ახლახანს ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ავტორიზაცია მისცა პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული ინსულინმაპროდუცირებელი უჯრედების კლინიკურ გამოცდას, რომლიც ერთი ნაწილიც ჩვენს ცენტრში ჩატარდება." — ამბობს ეკატერინე.
ეკატერინე საქართველოში მეცნიერების განვითარებაზეც აქტიურად მუშაობს. მან კოლეგებთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დააფუძნა მედიცინის სკოლა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაზა იქმნება. აქ მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტუნაირიანი სპეციალისტები და მეცნიერები მოემზადებიან. როგორც ვხედავთ, ეკატერინე 13 წლის ასაკში მიღებულ გამოწვევას ახლაც პასუხობს და ადამიანების სიცოცხლეზე მეცნიერების გამოყენებით ზრუნავს.
კომენტარები