უკონტროლო ჩინური რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა
ბოლო რამდენიმე დღეა მთელი სამყაროს ყურადღება ჩინურმა რაკეტამ მიიპყრო, რომელიც დედამიწისკენ უკონტროლოდ მოემართებოდა და ზუსტად არ ვიცოდით, თუ სად დაეცემოდა.
თბილისის დროით 06:24 საათზე რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩაცვივდა. აღსანიშნავია, რომ უკონტროლო რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა და განადგურდა.
Long March 5B რაკეტის ეს შემთხვევა, ზომით მეოთხე უდიდესი უკონტროლო დაშვება იყო კაცობრიობის ისტორიაში. ბოლოს, როდესაც ჩინეთმა Long March 5B გაუშვა, ის ასევე უკონტროლოდ ჩამოვარდა. მეტალის ნაწილები კოტ-დ’ივუარში დაეშვა და რამდენიმე შენობაც დააზიანა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ამჯერადაც.
29 პრილს ჩინურმა Long March 5B რაკეტამ ჩინური კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი მოდული, Tianhe კოსმოსში გაიტანა. ჩინეთს სურს, რომ მისი კოსმოსური სადგური 2022 წელს სრული დატვირთვით ამუშავდეს. სწორედ ამ მისიას მოჰყვა გამყვანი რაკეტის უკონტროლო ჩამოვარდნა.
პირველად გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის სამოძრაო ორბიტა ნიუ-იორკს, მადრიდსა და პეკინს ფარავდა, შესაბამისად, სავარაუდო იყო რომ ის ამ ტერიტორიების ფარგლებში ჩამოვარდებოდა. ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რაკეტა იტალიას ემუქრებოდა, საბოლოოდ კი, როგორც ვნახეთ, რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა.
კომენტარები