ეს არსება შეიძლება სხეულის დაკარგული ნაწილებისა და ორგანოების აღდგენაში დაგვეხმაროს
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Frontiers in Cell and Developmental Biology-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს, რომ ეილატის ყურეში მობინადრე ზღვის ორგანიზმებს ყველა ორგანოს აღდგენა შეუძლიათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სამ ნაწილად არიან გახლეჩილნი.
თუ მეცნიერები ამ ბიოლოგიური უნარის შესწავლას და შემდეგ ადამიანების ორგანიზმზე მორგებას შეძლებენ, მაშინ გლობალურად სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზრდება.
"ორგანოების რეგენერაციის უნარი საკმაოდ გავრცელებულია ცხოველთა სამეფოში და ქორდიანებშიც კი — მაგალითად, ასეთია გეკონი, რომელსაც თავისი კუდის თავიდან გაზრდა შეუძლია. თუმცა, მთელი სხეულის სისტემის აღდგენა პირველად ახლა დაფიქსირდა ასციდიებში, რომლებიც ასევე ქორდიანებს მიეკუთვნებიან", — განუცხადა Phys.org-ს პროფესორმა ნოა შენკარმა თელ-ავივის უნივერსიტეტიდან.
"ჩვენ მიერ შესწავლილ ორგანიზმებს ორგანოს აღდგენა შეუძლიათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სამ ნაწილად არიან გახლეჩილნი — თითოეულმა ნაწილმა ზუსტად იცის, თუ როგორ აღუდგინოს ფუნქცია დროის მოკლე პერიოდში თავისი სხეულის ყველა სისტემას". ასციდიების ასობით სახეობა არსებობს დედამიწის ზღვებსა და ოკეანეებში, ამ შემთხვევაში კი მეცნიერებმა Polycarpa mytiligera შეისწავლეს, რომელიც განსაკუთრებით მრავლად გვხვდება ეილატის რეგიონის მარჯნის რიფებში.
"ასციდიები მარტივი ორგანიზმები არიან", — უყვება Phys.org-ს ტალ გორდონი, რომელმაც ახალი კვლევა თავისი სადოქტორო დისერტაციისთვის გამოიყენა. "მათ სხეულში აქვთ ცენტრალური ორგანო, რომელიც სპაგეტის საწურს წააგავს. ასციდია შეიწოვს წყალს, საწური კი ფილტრავს საკვების ნაწილაკებს რაც სხეულში რჩება და შემდეგ სუფთა წყალს ორგანიზმიდან გამოდევნის. ევოლუციური გადმოსახედიდან მიიჩნევა, რომ უხერხემლო სახეობებიდან ისინი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან".
ასციდიების რეგენერაციული შესაძლებლობები კარგადაა ცნობილი, თუმცა აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს თვისებები მხოლოდ ასექსუალური გამრავლების შემთხვევაში გადაეცემოდა თაობებს — რაც ამ შემთხვევას პირველს ხდის, რომლის დროსაც ასციდიების რეგენერაციული თვისებები მხოლოდ სექსუალური გზით გამრავლებად ქორდიანებში აღმოაჩინეს.
გორდონის გუნდი შეეცადა გაერკვია, შეეძლო თუ არა ამ ქმნილებას სრულად აღედგინა სხეულის სისტემები. მათ შეაგროვეს რამდენიმე ასციდია ეილატიდან და "დაყვეს ისინი ორ ნაწილად". შემდეგ გუნდმა რამდენიმე ათეული ასციდია სამ ფრაგმენტად დაყო და სხეულის ერთი ნაწილი ნერვული ცენტრის გარეშე დატოვა, ერთი ნაწილი გულის, ერთი ნაწილი კი მომნელებელი სისტემის გარეშე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თითოეულმა ფრაგმენტმა ყველა ორგანო აღიდგინა. ნაცვლად ერთი ორგანიზმის სამი ცალკეული ნაწილისა, მეცნიერებმა სამი ახალი ქმნილება მიიღეს.
"ასეთი რეგენერაციული თვისებები აქამდე არ აღმოგვიჩენია არც ერთ ცალკეულ ორგანიზმში, რომელიც სექსუალური განაყოფიერების გზით მრავლდება", — ამბობს გორდონი. "რეგენერაცია საოცარი უნარია, რომელიც ჩვენ ადამიანებს ძალიან შეზღუდული გვაქვს. საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს იგი ამ სახეობებში და როგორ შეიძლება მოვარგოთ იგი ჩვენ ორგანიზმებს".
კომენტარები