NASA-ს ლეგენდარული Apollo 11 მთვარის მისიის დავიწყებული ასტრონავტი, მაიკლ კოლინსი ოთხშაბათს 90 წლის ასაკში გამოემშვიდობა სიცოცხლეს.

კოლინსი კოსმოსური ხომალდის — Columbia-ს პილოტი იყო, რომელიც მთვარის ორბიტაზე დარჩა მაშინ, როდესაც 1969 წელს მისი ეკიპაჟის წევრები — ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მთვარის ზედაპირზე დაეშვნენ და პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც ფეხი სხვა სამყაროზე დადგეს. ამჟამად ოლდრინი Apollo 11-ის ეკიპაჟის ერთადერთ ცოცხალი წევრია. იგი კოლინსს Twitter-ის პოსტით გამოემშვიდობა

Apollo 11-ის მისიის შემდეგ, კოლინსს ზედმეტსახელად "დავიწყებული ასტრონავტი" შეარქვეს. მას შემდეგ მან რამდენიმე წიგნი გამოსცა, მათ შორის, 1974 წლის მემუარი სახელწოდებით ცეცხლის ტარება. ამ უკანასკნელში იგი აღწერს იმ მარტოობის შეგრძნებას, რომელიც მაშინ დაეუფლა, როდესაც Columbia ხომალდით მთვარის შორეული მხარისკენ გაემგზავრა.

"მე მომწონდა ეს შეგრძნება", — წერდა ის მემუარში. "ჩემი ფანჯრიდან მხოლოდ ვარსკვლავების დანახვა შემეძლო. ვიცოდი, საით იყო მთვარე, მაგრამ იმ მხარეს მხოლოდ შავი სიცარიელე ჩანდა".

2019 წელს New York Times-თან ინტერიუში მან თავის კაფსულას "პატარა ლამაზი სამფლობელო" უწოდა — "ის მთლიანად მე მეკუთვნოდა, მე ვიყავი მისი იმპერატორიც და კაპიტანიც. თბილი ყავაც კი მქონდა თან".

ფოტო: https://upload.wikimedia.org/

კოლინსს საინტერესო კარიერა ჰქონდა NASA-ს გარეთაც. დედამიწასა და მის გარეთ ცხობრების 90 წლის მანძილზე იგი იყო საჰაერო ძალების პოლკოვნიკი, სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს თავმჯდომარე და სმიტსონიანის ეროვნული საჰაერო და კოსმოსური მუზეუმის დირექტორი. "მუზეუმში მუშაობის პერიოდში მან ეს დაწესებულება ძველი მორყეული ქოხიდან თანამედროვე გამართულ შენობად აქცია. მისმა მუშაობამ აჩვენა, რომ ის იშვიათი კოსმოსის მოგზაური იყო, რომელსაც ნამდვილად ესმოდა კოსმოსური ხანის ისტორიული მნიშვნელობა. ეს იყო ადამიანი, რომლის შემდგომი კარიერაც ისეთივე ამაღელვებელი და საინტერესო იყო, როგორიც ასტრონავტობის დროინდელი", — ამბობს ტომ ელისი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის ლექტორი, რომელიც კოსმოსის ისტორიას სწავლობს.

NASA-ს მოქმედმა ადმინისტრატორმა, სტივ იურჩეკმა აღნიშნა, რომ კოლინსი "ყველას მეგობარი იყო, ვინც ადამიანის შესაძლებლობების გაზრდას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ, არმსტრონგისა და ოლდრინისგან განსხვავებით, იგი ხშირად არ იყო ხოლმე ყურადღების ცენტრში, კოლინსი ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ ლიდერად, რომელმაც ამერიკის პირველი ნაბიჯები გადადგა კოსმოსში".

ამჟამად, NASA მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს დებს Artemis პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს ასტრონავტების გაშვებას მთვარეზე ხანგრძლივი მისიით, რაც მარსის მომავალი მისიების განხორციელებას შეუწყობს ხელს. სააგენტომ SpaceX-თან $2.9 მილიარდიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ამ თვეში. კონტრაქტი მთვარეზე ასტრონავტების ეკიპაჟის გამგზავრებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი თანამგზავრისკენ პირველი მისია იქნება 1972 წლის შემდეგ.

NASA-ს Johnson Space Center-ის დირექტორმა, მარკ გეიერმა გაიხსენა კოლინსის 2019 წლის ვიზიტი JSC-ში, Apollo 11-ის 50-ე დაბადებისდღის დროს — "მან გაიხსენა, რომ მისიის დროს არ ჰქონდა ბევრი დრო იმისთვის, რომ დაესვენა და ხედით დამტკბარიყო, თუმცა ერთ მომენტში, როდესაც ფანჯრიდან გაიხედა და დედამიწა დაინახა, მიხვდა, თუ რამდენად ლამაზი და ფაქიზი იყო ჩვენი პლანეტა".

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "კოლინსმა ყველას შეგვახსენა, თუ რამდენად მყიფე და ფაქიზია ჩვენი პლანეტა. ამით მან მოგვიწოდა, რომ დედამიწაზე ისე უნდა ვიზრუნოთ, როგორც ნამდვილ განძზე".