24 საათიანი მგზავრობის შემდეგ, 4 ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა
SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი, რომელსაც დედამიწიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 4 ასტრონავტი გადაჰყავდა, ISS-ს წარმატებით მიუერთდა. Crew Dragon-ის ბორტზე ოთხი ასტრონავტია — NASA-ს ასტრონავტები — შეინ კიმბროუ და მეგან მაკართური, ტომას პესქვეტი ევროპის კოსმოსური სააგენტოდან და აკიჰიკო ჰოშიდე იაპონიის კოსმოსური სააგენტოდან (JAXA). ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6 თვეს დაჰყოფენ.
ეს SpaceX-ის მიერ უზრუნველყოფილი მესამე პილოტირებული ფრენაა, მეორე მხრივ კი, პირველი შემთხვევაა, როცა ასტრონავტები კოსმოსში უკვე გამოყენებული Falcon 9-ისა და Crew Dragon-ის დახმარებით გავიდნენ.
ასევე იხილეთ: პირველად — ასტრონავტები კოსმოსში SpaceX-ის აქამდე გამოყენებული რაკეტითა და კაფსულით გავიდნენ
ასტრონავტები ფლორიდიდან, კენედის კოსმოსური ცენტრიდან პარასკევს აფრინდნენ და მას შემდეგ, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ 24 საათის განმავლობაში მიფრინავდნენ. ამ დროს Crew Dragon-ის გადაადგილების სიჩქარე, დაახლოებით, 27 358 კილომეტრი საათში იყო. ამის შემდეგ ხომალდი ISS-ს მიუერთდა, რომელიც დედამიწიდან 400 კილომეტრითაა დაშორებული. დღეიდან კი, Crew Dragon-ის მიერ გადაყვანილი 4 ასტრონავტი 3 ქვეყნიდან, ISS-ზე ექვსთვიან ცხოვრებას იწყებს.
ასევე იხილეთ: რუსეთი ISS-ის დატოვებას და საკუთარი კოსმოსური სადგურის გაშვებას გეგმავს
ამ 4 ასტრონავტისგან შემდგარი გუნდის მთავარი ფოკუსი ქსოვილებისგან შემდგარი ჩიპების კუთხით კვლევების წარმოებაა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ეცდებიან შეისწავლონ "ადამიანის ორგანოების მცირე ზომის მოდელები, რომლებიც შეიცავს მრავალი უჯრედის ტიპს, რომლებიც ისევე იქცევიან, როგორც სხეულში მოიქცეოდნენ". NASA იმედოვნებს, რომ ISS-ზე მიმდინარე მსგავსი კვლევები ახალი მედიკამენტებისა და ვაქცინების შექმნაში დაგვეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ISS-ზე უკვე წლებია სხვადასხვა სახის ექსპერიმენტს ატარებენ და აქ არსებული მიკროგრავიტაციული გარემო ეხმარება მეცნიერებს, ლაბორატორიულ პირობებში უკეთ შეისწავლონ ესა თუ ის საკითხი.
კომენტარები