ჟამიანობის ლიტერატურა ამბობს, რომ როცა საზოგადოება დაავადებისგან თავისუფლდება, რთული გამოწვევის წინაშე დგება: მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაიწყებს ყველაფერს თავიდან. მწერალი და ისტორიკოსი, ჯილ ლეპორი გვიყვება, როგორ წარმოიდგენენ პოსტპანდემიურ სამყაროს მხატვრული ტექსტები და რა საერთო აქვს ამ ნარატივებს რეალობასთან.

სტატია შეიცავს წიგნების სპოილერებს.

გასულ ზამთარს, როცა წყვდიადი პირველად ჩამოწვა, დავინახე, როგორ მიდიოდა გამყინავ წვიმაში მეცხვარის ხელჯოხივით წელში მოხრილი მოხუცი ქალი. გზაზე გადასვლისას მან ნიაღვრები შავი ჩექმებით გააპო, რომლებზეც ცელოფნის პარკები გულმოდგინედ ჰქონდა შემოხვეული სიცივისა და სისველისგან თავის დასაცავად. სახეზე კანისფერი, არაბუნებრივად გლუვი ნიღაბი ეკეთა. ეს ჯერ კიდევ იქამდე იყო, სანამ ყველა ნიღაბს მოირგებდა, ამიტომ უცებ ვერ მივხვდი, რა იყო. ისე ჩანდა, თითქოს ცხვირი და პირი არ ჰქონდა. მიახლოებისას უკვე ნათლად გავარჩიე, რომ ნიღაბი — სავარაუდოდ, საკუთარი ხელით შეკერილი — ძველი კრემისფერი ბიუსტჰალტერისგან იყო გაკეთებული. ქალს ის შუაზე გადაეჭრა, ამოებრუნებინა, მასში გაყრილი რკინის რკალი ცხვირზე მოექცია და ნეილონის თასმებით კისერთან შეეკრა. მისკენ დავიწყე სვლა — ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა მეთქვა. ის მაინც უნდა მეკითხა, კარგად იყო თუ არა. მაშინვე თვალები გაუფართოვდა და სწრაფი ნაბიჯებით გაბრუნდა უკან. ამის შემდეგ აღარასდროს მინახავს.

ამ ამბიდან ბევრი დრო არ იყო გასული, ჟამიანობის ლიტერატურის შესახებ ესეს წერა რომ დავიწყე. დღისით წიგნებს ვკითხულობდი, ღამით კი ნაჭრებისა და რეზინის თასმებისგან ნიღბებს ვკერავდი, რომლებსაც შიგნით ქაღალდის ხელსახოცები ჰქონდათ გამოკრული. იმაზე მეფიქრებოდა, თუ როგორ იწყება ჟამიანობის ისტორიები და რა ხდება შემდეგ. "მთელი სამყარო თავდაყირაა. ჟამიანობამ ყველაფერი ამოაყირავა", — ამბობს ერთ-ერთი ნაწარმოების პერსონაჟი.

ფოტო: Karolis Strautniekas / The New Yorker

ეპიდემიაზე შექმნილი სიუჟეტების უმრავლესობაში ადამიანები ადამიანობას კარგავენ. როგორც კი ჭირი ვრცელდება, ხალხს ერთმანეთისადმი შიში უჩნდება, ოჯახები საკუთარ სახლებში იკეტებიან, მაღაზიებში პროდუქტები ქრება, სკოლების კარები ირაზება, მდიდრები იხიზნებიან და ღარიბები ავადდებიან, საავადმყოფოები ივსება, ხელოვნება იფიტება, საზოგადოებაში — ქაოსი, მთავრობაში კი ანარქია ისადგურებს. საბოლოოდ, ამ აშკარად შეუქცევადი რეგრესის პირობებში, როცა ისტორია უკუსვლას იწყებს, ცოდნა იკარგება და ადამიანები ველურდებიან. ოქტავია ბატლერის 1984 წელს გამოცემულ რომანში, თიხის კიდობანი, სადაც სიუჟეტი 2021 წელს ვითარდება, მუტანტები, რომლებიც პროქსიმა კენტავრ 2-ის უცხოპლანეტურ პათოგენს გადაურჩნენ, "ადამიანები აღარ არიან". ბოლო დროს ვაქცინის დოზის მოლოდინთან ერთად მე პირადად სულ სხვა ტიპის დასასრულის იმედი მაქვს. მთავარი კითხვა კი ასეთია: ადამიანებს ისევ ექნებათ ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა?

ყველა დაავადება თავის კვალს ამჩნევს კაცობრიობას — ჯვრებს ჩვენს სასაფლაოებზე და მელნის ლაქებს ჩვენს წარმოსახვაზე. ედგარ ალან პო ქოლერას პანდემიას მოესწრო. მისთვის, დიდი ალბათობით, ცნობილი იყო 1832 წელს პარიზში დაავადების გავრცელების ისტორია — ქოლერა წვეულების დამსწრეებს მოედოთ, რომელთაც ნიღბების ქვეშ კანზე ლურჯი ფერი გადაეკრათ. პოს 1842 წლის მოთხრობაში, წითელი სიკვდილის ნიღაბი, პრინცი პროსპერო ("ბედნიერი, უშიშარი და გამჭრიახი") გაურბის ეპიდემიას — დაავადებას, რომელიც მსხვერპლის სახეზე ალისფერ ლაქას ტოვებს. ის გადაწყვეტს, რკინით შემოსაზღვრულ საიდუმლო სავანეში ათას დიდგვაროვანთან ერთად გროტესკულ ფუფუნებაში იცხოვროს.

მათ უდარდელ მხიარულებას მდიდრულ ბალ-მასკარადზე მოსული მაღალი, ღონემიხდილი სტუმარი არღვევს. ის მიცვალებულს ჰგავს: "ნიღაბი, რომელიც სახეს უფარავდა, ისე საოცრად ჩამოჰგავდა გაშეშებული გვამის გამომეტყველებას, რომ ახლოდან შეთვალიერების დროსაც კი რთულად თუ შეამჩნევდით სიყალბეს". უცნობს ისე ეცვა, როგორც თავად წითელ სიკვდილს: "სამოსი სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი. მისი ფართო შუბლი და სახის ყველა ნაკვთი კი ალისფრად შემზარავად დაწინწკლოდა". ნაწარმოებში ყველა კვდება, და რადგან ეს პოა, ისინი ზუსტად იმ მომენტში იხოცებიან, როცა საათი შუაღამეს ჩამოჰკრავს (ამის შემდეგ თვითონ საათიც კვდება): "და ყველაფერს წყვდიადი, ხრწნა და წითელი სიკვდილი დაეპატრონა".

თუმცა მსგავს ნაწარმოებებში უფრო ხშირად სიცოცხლის ნაშთი მაინც რჩება — იმის შემახსენებლად, თუ რამხელა დანაკლისი იწვნია სამყარომ. ჯეკ ლონდონის ალისფერ ჭირში, რომელიც 1918 წლის გრიპის პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, დაავადება პლანეტის თითქმის მთლიან მოსახლეობას კლავს. სიუჟეტი 2073 წელს ვითარდება — გამოგონილი დაავადების აფეთქებიდან 60 წლის თავზე, როცა დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე უწიგნური, "დედიშობილა და ბარბაროსი" ადამიანიღა დარჩა.

ფოტო: Exquisite Artz

ერთი ძალიან ძალიან მხცოვანი ადამიანი, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ ბერკლიში ინგლისურის პროფესორი იყო, სასიხარულო ამბავს წინასწარმეტყველებს — "ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და იმისთვის ვემზადებით, რომ ხელახლა ავუყვეთ ცივილიზაციის კიბეს". თუმცა ის მეტისმეტად ოპტიმისტურადაც არაა განწყობილი და ამატებს, რომ "ეს ნელი, ძალიან ნელი აღმასვლა იქნება, რადგან გზა ძალიან გრძელია. ჩვენ ისე უიმედოდ ქვემოთ დავეცით. ნეტა, მხოლოდ ერთი ფიზიკოსი ან ქიმიკოსი მაინც გადარჩენილიყო! მაგრამ ასე არ მოხდა და ყველაფერი მივიწყებას მიეცა". სწორედ ამ მიზეზით მას გამოქვაბულში ერთგვარი კიდობანი — ბიბლიოთეკა აქვს ფარულად მოწყობილი. "აქ ბევრი წიგნი შევინახე. მათში დიდებული სიბრძნეა. თანაც, მათ ანბანის წაკითხვის ინსტრუქციაც დავურთე, რათა მან, ვისაც სურათებით წერა შეუძლია, ასოების სწავლაც შეძლოს. ერთ დღეს ადამიანები ისევ წაიკითხავენ", — ეუბნება მოხუცი თავის წერა-კითხვის არმცოდნე შვილიშვილებს.

"ერთ დღეს ადამიანები ისევ წაიკითხავენ". და რასაც ისინი პირველად წაიკითხავენ, სავარაუდოდ, ის წიგნი იქნება, რომელშიც მომხდარია აღწერილი — იობის მსგავსი წინასწარმეტყველის მონათხრობი, რომელმაც კატასტროფა საკუთარ თავზე იწვნია და შთამომავლობისთვის ინფორმაციის გადაცემის მოვალეობაც თავის თავზე აიღო. როგორც ისმაელი მობი დიკში, გადარჩენილი ადამიანი თავის ხელნაწერს შუშის ბოთლში ჩადებული უკანასკნელი გზავნილივით უტოვებს ახალ თაობებს.

"ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!" — ასე სრულდება დანიელ დეფოს ჟამის წლის დღიური, რომელიც 1665 წლის ბუბონური ჭირის გავრცელებას აღწერს. მერი შელის უკანასკნელი ადამიანი 1826 წელს გამოიცა, ფრანკენშტაინის გამოქვეყნებიდან რვა წლის შემდეგ, ქოლერას ორ პანდემიას შორის. წიგნი მოგვითხრობს კაცის შესახებ, რომელიც თვლის, რომ მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებას მხოლოდ თავად გადაურჩა. ის უკანასკნელი ადამიანის ისტორიას წერს და შემდეგ იმ ნავით მიემგზავრება, რომელშიც რამდენიმე წიგნს, მათ შორის ჰომეროსისა და შექსპირის ნაშრომებს ათავსებს. "თუმცა ჩემთვის მსოფლიოს ყველა ბიბლიოთეკა ღიაა. შემიძლია, ნებისმიერ პორტში გავჩერდე და მარაგი განვაახლო", — წერს ის წიგნის უკანასკნელ სტრიქონებში და თავის "ერთი ბეწო ნავში" ისე უჩინარდება, თითქოს სამყარო თავიდან იწყებოდეს.

სასიყვარულო ისტორიები ქორწილით სრულდება, ჟამიანობის კი — დაკრძალვით (იქამდე მაინც, სანამ ვინმე დარჩება გარდაცვლილის დასამარხად). ჯეინ ოსტინის ემას მკითხველი ვერასდროს გაიგებს, როგორ წარიმართა დაქორწინებული ემა ვუდჰაუსის ცხოვრება — ისევე, როგორც უკანასკნელი ადამიანის მკითხველი ვერასდროს გაიგებს, ჟამიანობის შემდეგ გაგრძელდა თუ არა სიცოცხლე. ამის მიუხედავად, შელის ნაწარმოების მსგავსად, ჟამიანობის ლიტერატურა, როგორც წესი, ახალი დასაწყისით სრულდება — ცარიელი ფურცლით და ხანდახან მინიშნებით, რომ ძველი დროების ბოროტება შეიძლება აღარც დაბრუნდეს.

ფოტო: Pierart dou Tielt

ჟამის წლის დღიურში დაავადება სასწაულებრივად სრულდება. დეფოს მთხრობლის თანახმად, ეს ღვთის ნება იყო და არა რაიმე წამლის შედეგი — "თავად მკურნალებიც გააკვირვა ამ ამბავმა" (თუმცა, რეალურად, ლონდონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამო მიღებულმა ზომებმა — მაგალითად, კარანტინის შემოღებამ, ეპიდემიის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა). ნაწარმოებში დაავადება ისე უცბად იხევს უკან, რომ "ხალხი ძალიან სწრაფად ივიწყებს საშიშროებას". ერთი კაცი მოსახლეობის დანახვაზე ხელებს ცისკენ აღმართავს და ამბობს: "ღმერთო, ეს რა ცვლილებაა! ჯერ კიდევ წინა კვირას ვიყავი აქ და ერთი ადამიანის გარეთ დანახვაც კი წარმოუდგენელი იყო". სხვა კი ყვირის: "რა მშვენიერია! რა საოცნებოა!" დეფოც "უბედური წლის აღწერას" მადლობის გამოხატვით ასრულებს. მისი წიგნი, ჟამიანობის დასასრულის მსგავსად, "კარგი მიზეზია მადლიერებისთვის".

თუ თქვენც ამჟამად სიტუაციის გამოსწორების იმედით ცოცხლობთ, გაცილებით რთული წასაკითხი იქნება ის ისტორიები, რომლებშიც პრობლემად იმდენად დაავადება არაა დახატული, რამდენადაც პოლიტიკა. ჟოზე სარამაგუს 1995 წლის რომანში, სიბრმავე, ჭირი ყველა ადამიანს თვალებზე თეთრ ბინდს გადაუკრავს. და როცა ნაწარმოების ბოლოს დაბრმავებულებს მხედველობა უბრუნდებათ, ისინი განადგურებულ მსოფლიოს ხედავენ.

ეს ამბავი 2004 წელს ახალი ნაწილით, დანახვით გაგრძელდა. მასში მოქმედება სიბრმავის ჭირის დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ მიმდინარეობს. დედაქალაქში მცხოვრები ხალხი არჩევნებში მონაწილეობას იღებს. მათი უმეტესობა ბიულეტენს ცარიელს ტოვებს და, როგორღაც, ეს ცარიელი ხმები ახალ ეპიდემიას ჰგავს. "ის, რაც აქ ხდება, შესაძლოა, საზღვრებს გასცდეს და ახალი დროის შავი ჭირი გახდეს", — აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი. "თქვენ შავ სიკვდილს გულისხმობთ, არა?" — ამბობს პრემიერმინისტრი. საბოლოოდ, ლიდერები გადაწყვეტენ, რომ ცარიელი ბიულეტენები შეთქმულების ნაწილია — პოლიტიკური ინფექციაა — და ქალაქს ალყაში აქცევენ. დაქირავებულ სნაიპერს კი დავალებული აქვს, ესროლოს ერთადერთ ქალს, რომელსაც მხედველობა არ დაუკარგავს და ბოლომდე უმწიკვლო და სიმართლის მხედველი დარჩა. მკითხველისთვის ცხადი ხდება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში უსინათლო მთავრობა იყო ერთადერთი რეალური, მოუშორებელი ჭირი.

ფოტო: Fine Art Images/Heritage Images / Getty Images

ჩემს შემოსასვლელ კართან, რადიატორზე ჩამოდებული კალათა გამოყენებული ნიღბებითაა სავსე. ისინი თეთრი ქაღალდისგან, ცისფერი ხელსახოცებისგან და ბამბისგან არიან დამზადებული — ზოგს ყვავილები ახატია, ზოგი კუბოკრულია, ზოგიც სავსებით სადაა. მათ უმრავლესობას ოფლის და ნერწყვის სუნი ასდის და ნაკლებად — საპნის. ისინი მხოლოდ სიძულვილს იწვევენ. გარეთ ხალხი დადის, განიცდის, გლოვობს, ელოდება, იმედს ინახავს. უკანასკნელი თოვლი გადნა. მისგან ჭყაპიც კი აღარაა დარჩენილი.

"ქალაქში ერთი ადამიანი მაინც შეძრწუნებით ადევნებდა თვალს იმ დღეებს, როცა ჭირი თითქოს უკან იხევდა და თავის ბნელ ბუნაგში ბრუნდებოდა, საიდანაც მზაკვრულად აღმოცენდა", — წერს ალბერ კამიუ შავ ჭირში. ნაწარმოებში სიკვდილიანობა დღითიდღე იკლებს, თუმცა ერთი ხარბი და გულქვა კაცი, სახელად კოტარდი, რომელმაც შავი ჭირი სარფიან საქმედ იქცია, სრულმა პანიკამ მოიცვა. "მართლა გგონიათ, რომ ასე უცბად შეჩერდება?" — კითხულობს ის. ქალაქის მოსახლეობა ნელ-ნელა უახლოვდება იმას, რასაც "ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას" უწოდებენ — ზუსტად ისე, როგორც ცხოველები გამოდიან გამოქვაბულიდან ქარბუქის შემდეგ. თუმცა მათ შორის არაა კოტარდი. "მას არ სურს ეპიდემიამდელი ძველი, მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრების დაბრუნება. ის თავის ოთახში დარჩენას არჩევს და საჭმელსაც კი იქვე მდებარე რესტორნიდან აგზავნინებს. მხოლოდ ღამით გამოდის გარეთ საყოფაცხოვრებო ნივთთა შესაძენად". ცოტაც და ქალაქის გალავანი გაიღება. ხალხი ჩვეულ მხიარულებას დაბრუნებია. "თუმცა კოტარდი არ იღიმის. ნუთუ, შესაძლებელია, რომ შავ ჭირს არაფერი შეეცვალა ქალაქის ცხოვრებაში და ყველაფერი ისე გაგრძელდება, თითქოს არც არაფერი მომხდარა? — კითხულობს ის". კოტარდი იარაღს იღებს და ქუჩაში ხალხს ესვრის. ის გიჟდება.

შავი ჭირის მთხრობლისთვისაც ცნობილია ის, რაც კოტარდმა იცის: შავმა ჭირმა ადამიანებს ის ნიღაბი მოხსნა, რომელიც ეგოიზმს, სისასტიკეს და ულმობლობას ფარავდა. თუმცა მთხრობელმა კიდევ ერთი რამ იცის, რაც კოტარდისთვის უცნობია: ეს ერთადერთი ნიღაბი არ იყო, რადგან მის ქვეშ არსებულის მიღმა ჭეშმარიტი სიკეთის, სიყვარულის და სათნოების ნამდვილი სახე იმალებოდა. შავი ჭირის ბოლოს მთხრობელი ნიღაბს იხსნის და თავის ვინაობას ამხელს. ის ამჟღავნებს, რომ ექიმია, რომელიც დაავადებულებზე ზრუნავდა და გადაწყვიტა, ყველაფერი აღეწერა, "რადგან არ ყოფილიყო მათი მსგავსი, ვინც დუმს. არამედ ხმა ამოეღო ჭირისგან ტანჯული ხალხისთვის, რათა მათ მიერ განცდილი უსამართლობა და შეურაცხყოფა გამოეაშკარავებინა; და კიდევ იმისთვის, რომ უბრალოდ დაგვემახსოვრებინა ის, რაც ძნელბედობამ გვასწავლა — ადამიანში აღმაფრთოვანებელი უფრო მეტია, ვიდრე საძულველი".